დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრობლემა „00“ და პატრულის 100-ლარიანი ჯარიმა
2011/04/11 14:02:27

ქალაქი, სადაც პრეზიდენტი რამდენჯერმე ხსნის განახლებულ ოპერას; ქალაქი, სადაც, 2010 წლის ოფიციალური მონაცემებით, 64 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა; ქალაქი, რომელიც 2012 წლისთვის „მეორე დედაქალაქობას“ აპირებს, საზოგადოებრივი ტუალეტების არ არსებობას უჩივის, უჩივის წლებია.  

ასე რომ, ძვირფასო თანამოქალაქენო, თუკი შინიდან გამოსულებს ძალიან მოგშივდათ და სანიტარული ნორმების დარღვევით დამზადებული ცომეული მიირთვით სწრაფი კვების ობიექტებში, ან  ვადაგასული პროდუქტი შემოგაჩეჩეს მაღაზიაში და, მოულოდნელად, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოგინდათ, ქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშოს ვერ იპოვით. ცხადია, გაიფიქრებთ, სადმე მოფარებული ადგილი უნდა ვიპოვოო, მაგრამ ფრთხილად! ადგილობრივი პოლიციისა და პატრულის ჯარიმის გეშინოდეთ, რადგანაც, შესაძლოა, ერთლარიანი ან ორლარიანი პროდუქტით პირის „ჩატკბარუნება“ პატრულის მიერ ამოწერილი 100 ლარიანი ჯარიმა დაგიჯდეთ.

რას ფიქრობს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოება?

დავით ბახტაძე, პენსიონერი: „ქალაქის სირცხვილია, როცა ელემენტარული, სველი წერტილების პრობლემა არ არის მოგვარებული, ამას ხომ არ სჭირდება მილიონები! და თანაც, თუ გვინდა განვითარება ჰპოვოს ქალაქმა, ტურისტულ ქვეყნად თუ უნდათ საქართველო გამოაცხადონ, მითუმეტეს, ამაზე საუბარი არ უნდა გვიწევდეს. დავუშვათ, ჩამოვიდა ტურისტების ავტობუსი და გაჩერდა მთავარ მოედანზე, რომელიმე სტუმარს დასჭირდა ტუალეტი, სად წავიდეს? სად უნდა წაიყვანონ,არ მესმის. მარტო სტუმრებითაც არ განისაზღვრება ქალაქში პრობლემების მოგვარება, ჩვენც ხომ აქ ვცხოვრობთ, უბრალო ხალხი.“

ნინო კვერნაძე, ნიკეას ქუჩის მცხოვრები: „ეს პრობლემა დგას მთელი ქალაქის მასშტაბით. გარეუბნებზე არც ვსაუბრობ, რადგანაც ჩვენ  ყოველთვის დაჩაგრულ პოზიციაში ვართ, ყველაფერი დაგვიანებით კეთდება, ან საერთოდ არ კეთდება და ამ კუთხითაც რომ არ იქნება გამორჩეული, ეს ვიცი. დღეს, შესაძლებელია „პასაჟების“ მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საპირფარეშო იპოვო, თუმც იქ შესვლა, დამერწმუნეთ, არც თუ ისე სასიამოვნოა, უმრავლეს შემთხვევაში ანტისანიტარიაა. მაგრამ რადგანაც ის კერძო საკუთრებაა და სახელმწიფო, ალბათ, ნაკლებად გააკონტროლებს, ვერც ვერაფერს მოსთხოვ, არ მოგწონს  - ნუ შეხვალ.“

მაია გურგენიძე, სტუდენტი: „ეს არა მარტო ქალაქში, არამედ კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზეც დიდი პრობლემაა. ვერსად იპოვი საპირფარეშოს, სადაც შესვლა შეიძლება. ჩვენ ხომ ყველაფერი უცნაურობები გვახასიათებს, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა ჩამოსულმა სტუმარმა აუცილებლად უნდა ნახოს გელათისა და ბაგრატის ტაძრები, მაგრამ იქ ყველაფერი მოწესრიგებულია, გარდა... სველი წერტილები ბაგრატის ტაძარზე საერთოდ არ არის, ხოლო გელათის ტაძრის მფიმდებარე ტერიტორიაზე კი იპოვით, თუმც იქ რა მდგომარეობაა, ყველამ კარგად იცის, ვინც ერთხელ მაინც ასულა. საუბარია ისეთ ადგილზე, სადაც დღეში ათეულობით და მეტი ადამიანი დადის ხოლმე, მათ შორის - როგორც უცხოელი, ასევე სხვა, რაიონებიდან თუ რეგიონებიდან ჩამოსულები. ოცდამეერთე საუკუნეში ამაზე საუბარი არც უნდა გვიწევდეს.

ნონა აფრიდონიძე, დიასახლისი: „არა მარტო ქალაქს აწუხებს ეს პრობლემა, არამედ დაწესებულებებშიც აქტუალურია. ბავშვი მყავდა მიყვანილი ?2 პოლიკლინიკაში, სადაც ტუალეტი დამლაგებელს ჰქონდა ჩაკეტილი. გაიტანჯა ჩემი ბიჭუნა, დიდი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ დამლაგებელი და 20 თეთრი გამოგვართვა. არ მესმის ასეთი რამ, როგორ უნდა ხდებოდეს, მითუმეტეს - სამკურნალო დაწესებულებებში, სადაც ისედაც ყველაფერში ძვირს გვახდევინებენ, გამოკვლევა იქნება თუ  მკურნალობა.“

პრობლემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მივმართეთ ქალაქის მერიას, მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ქეთი დეისაძის თქმით: „კარგ დროს მოხვედით, ეს-ეს არის, წყალმომარაგების კომპანიამ არქიტექტურის სამსახურში ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტი შემოიტანა და უშუალოდ ამ სამსახურების ხელმძღვანელები გაგარკვევენ ყველაფერში“.

ჩვენ თავდაპირველად დავუკავშირდით საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელს ლევან ჭანჭალეიშვილს, რომელიც ასევე საკრებულოს წევრი გახლავთ:

„ეს იყო პირადად ჩემი და ჩვენი კომპანიის ინიციატივა - ასე ვთქვათ, მოქალაქეებს დავუდგეთ გვერდით. წყალმომარაგების კომპანია არა მარტო ქუთაისში აშენებს ამგვარ ქსელს, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. აშენდება საპირფარეშოები, რომლებიც ევროსტანდარტებით იქნება დაპროექტებული.

ასევე, გათვალისწინებულია ცალკე საპირფარეშო ინვალიდებისთვის. ძალიან ძნელია, როცა ინვალიდი ხარ, გინდა ფიზიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება და, ფაქტიურად, 4 კილომეტრის რადიუსში არ შეგიძლია შეხვიდე არსად. ამიტომ ჩვენ ამ საკითხს ვაგვარებთ. ამ ეტაპზე ერთი საპირფარეშო აშენდება და, დამატებით, კიდევ ოთხი და იქნება საბაზრო ფასთან შედარებით იაფი, რადგანაც ეს ობიექტები არ გადაიხდიან წყლისა და კანალიზაციის გადასახადს. მთავარი განმსაზღვრელი ტარიფი არ არის, მთავარია, რომ  მოქალაქეებს ექნებათ სუფთა, მოწესრიგებული საპირფარეშო, სადაც შეეძლებათ თავისი ფიზიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება. ისინი 30 წლის განმავლობაში მოემსახურებიან ქალაქს. გარეუბნებზე ამ ეტაპზე არ არის საუბარი, ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდარი კომპანია, რომ ქსელი გავაფართოოთ. ეს აიგება ისეთ ადგილას, სადაც თავის თავს შეინახავს. მართალია, რაც ინვესტიციას ვდებთ, იმის ამოღებაზე საუბარი არ არის, მაგრამ თავისი თავი უნდა შეინახოს. შემდგომ, ვფიქრობთ, იდეაში არის, რომ ავაშენოთ ჯაჭვის ხიდზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგანაც იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ. შემდეგ - ჭავჭავაძის ბაზრობასა და ნიკეასა და ჭავჭავაძის გადაკვეთაზე.“

 

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და, ზოგადად, ამ პრობლემის შესახებ მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსს ვასილ მებურიშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო ვასილ, როგორც გავიგეთ, საზოგადოებრივი ტუალეტების პროექტი შემოტანილია თქვენს სამსახურში და რამდენად შეესაბამება ის ქალაქის არქიტექტურულ სახეს და განხილვის რა პროცესში იმყოფება?

- საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისსერვისცენტრის მხარდაჭერით, უფრო სწორად, მათი ინიციატივით, ქუთაისის ცენტრში მოეწყობა თანამედროვე ტიპის საპირფარეშო, რომელიც იქნება ხუთგანყოფილებიანი, თავისი სათავსოებით. თითოეულის ზომა იქნება, დაახლოებით, ორ კვადრატამდე, ერთიანობაში იქნება 15 კვადრატამდე, თავისი შემოფარგლული მთავარი კედლებით. ეს იქნება განთავსებული წითელ ხიდსა და რუსთაველის ხიდს შორის. გარედან იქნება შემოსილი სარეკლამო ბანერებით, ანუ ვიზუალურად თანამედროვე ტიპის კონსტრუქცია და არავითარ შემთხვევაში-  რაიმე უსახური ნაგებობა, რომელიც ქალაქის იერსახეს პრობლემას შეუქმნის, ასეთი გამორიცხულია. სერვისცენტრი ამ ეტაპზე ითხოვს მიწის გადაცემას, რადგანაც ტროტუარის ნაწილი ჩვენი საკუთრებაა და მათ ეს მიწა გადაეცემათ 15, 20 წლის ვადით, ანუ ამ შენობა-ნაგებობის არსებობის ვადით. ქალაქს, ვფიქრობთ, ამით კარგი საქმე გაუკეთდება. ექნება თანამედროვე ტიპის საპირფარეშო, რომელიც მართლაც ყბადაღებული თემა იყო ქუთაისისთვის. ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში არსად არის მოწყობილი საპირფარეშო, სადაც ადამიანებს შეეძლებათ  ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

პროექტი შემოსულია და ახლა ვიხილავთ მის სამართლებრივ მხარეს. შეთანხმება მცირეხნიანი პროცესია, ვიდრე - გადაწყვეტილების მიღება, ანუ განხილვის პროცესშია, რაც შეიძლება სწრაფად რომ გაკეთდეს. ეს დამოკიდებულია ამინდზეც. მათ, ალბათ, შესყიდვებიც აქვთ განსახორციელებელი და ამ ყველაფერს დასჭირდება რამდენიმე თვე.

- ამ ეტაპზე რამდენი საპირფარეშოს დადგმა იგეგმება და ასევე გათვალისწინებული იქნება თუ არა ქალაქის გარეუბნებიც?

- ჯერჯერობით არ არის საუბარი რამდენიმე ერთეულის განთავსებაზე, მხოლოდ ერთი ცალი დაიდგმება საცდელად და პირველ ვარიანტად. მომავალში, თუკი გაამართლა, კიდევ იქნება, ალბათ, მოთხოვნა, რადგანაც ქალაქი მზარდია. კიდევ ვიმსჯელებთ ახალი საპირფარეშოების დამატებაზე. ასევე რამდენიმე ადგილზე იყო საუბარი, მათ შორის - ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ეს, მოგეხსენებათ, სახსრებთანაა დაკავშირებული. ქუთაისში საერთოდ ასეთი ტიპის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა. თუკი სახსრები იქნება და მოსახლეობის სურვილი, ასევე წყალმომარაგების კომპანიის მხარდაჭერაც, კიდევ რამდენიმე დაემატება.

სხვადასხვა შეხვედრებზე ყოველთვის აღნიშნავს ამ პრობლემას მოსახლეობა და ქალაქში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციებიც. საზოგადოება „ბაღის კიდემ“ შემოიტანა დაახლოებით ორი თვის წინ წერილი, სადაც ასაბუთებდა ამის აუცილებლობას. ისინი ითხოვდნენ, ქალაქს მიეღო გადაწყვეტილება, რომ საპირფარეშო აშენებულიყო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

- წყალმომარაგების კომპანიას რომ არ გამოეჩინა ინიციატივა, ქალაქის ხელმძღვანელობა არ აპირებდა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას?

- შესაძლებელია, ქალაქმაც გაითვალისწინოს ბიუჯეტში ასეთი რაღაც, მაგრამ ამჟამად დაკმაყოფილდება ერთი ობიექტით.

თუმც უნდა აღვნიშნო, რომ ეს მერიისა და წყალმომარაგების კომპანიის. ერთობლივი პროექტია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც კერძო ინვესტიციით, ისე თვითმმართველობის საკუთარი ხარჯებით, ბიუჯეტის სახსრებით. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი მიმართულია სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ყველა საქმის ერთად გაკეთება დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია.

როგორც გავარკვიეთ, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწესრიგებისათვის წერილითა და განცხადებით საზოგადოება „ბაღის კიდემ“ არაერთხელ მიმართა ქალაქის მერიასა და გუბერნატორს, თანაც გაცილებით ადრე, ვიდრე ეს მერიაში გვითხრეს.

ანზორ არველაძე, „ბაღის კიდის“ აღმასრულებელი დირექტორი: „მერიაში ჩვენ დავაყენეთ ეს წინადადება, წერილიც ორჯერ წაიღეს, დაეკარგათ და შემდეგ ისევ ჩვენ მივეცით. წერილი კარგახანია გაგზავნილია. 2010 წელი იყო, რვა თვე მაინც იქნება და როგორც არის ბიუროკრატიული წესები, დამოკიდებულება საერთოდ საქმისადმი, „დღეს და ხვალ“ გვპირდებიან. თან სხვა მერი იყო მაშინ. როცა მთავრობები იცვლება, იმას არავინ აკონტროლებს, მაშინ რა იყო და დღეისთვის რა არის. ხოლო ინიციატივა წამოვიდა იქიდან, რომ ქალაქში აუცილებელია სველი წერტილები არსებობდეს, რადგანაც ცენტრალურ ბაღში, ღამის საათებში - განსაკუთრებით, ვინ, სად და რომელ ხესთან მიდის ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, არავინ უწყის. ჩვენ ასევე მივმართეთ ქალქის მერიას, რომ ქალაქის ცენტრალურ ბაღში უშუალოდ ჩვენი საზოგადოების წევრი თამაზ ვაშაკიძე მოაგვარებს ამ საკითხს, კონკრეტული ადგილიც ცნობილია, აკაკი წერეთლის ძეგლის უკან, წყალსაქაჩთან, საკმაოდ ლამაზი შენობა აიგება, რომელიც შეესაბამება ქალქის არქიტექტურულ სახეს და ველოდებით პასუხს.“

როგორც გავარკვიეთ, ქალაქს წყალმომარაგების კომპანიის „კეთილი ნების“ წყალობით ის ნანატრი ერთი საპირფარეშო რამდენიმე თვეში ექნება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია