დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი „მდგრადი განვითარებისთვის“ ემზადება
2011/02/22 11:58:48

დაგპირდით, ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის დაწვრილებით ანალიზს მომავალ ნომრებში შემოგთავაზებთ-მეთქი. არ მინდოდა, თავი მომებეზრებინა თქვენთვის უკვე გაცვეთილი და უფუნქციო კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების მიმოხილვით, ამიტომ, რაც ახალი და საინტერესო ვნახე, ყურადღებაც იმაზე გავამახვილე. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქალაქს მალე სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება, რომლის მომზადება დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს.

 

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამბობენ, თბილისის შემდეგ ქუთაისი პირველი ქალაქია, სადაც მსგავსი პროექტი შეიქმნება. მთელი ეს „აურზაური“ კი გასულ წელს პრემიერის მიერ გაცემულმა ბრძანებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, საქართველოს რეგიონულ ცენტრებს უნდა ჰქონდეთ მსგავსი გეგმა მდგრადი განვითარებისთვის.
ჩნდება კითხვა: რას გულისხმობს ეს სიახლე? პასუხი სათქმელად მარტივია, მაგრამ შესასრულებლად და რეალობაში დასამკვიდრებლად - გაცილებით რთული. სტრატეგიული განვითარების გეგმა გულისხმობს ქუთაისის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული წინსვლისთვის ხელშემწყობი მთელი პროგრამის შემუშავებას. ძირითადად აქ საუბარია ქალაქის სრული მაკეტის შექმნაზე, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. იქნება საცხოვრებელი, სამეწარმეო, კულტურულ-რეკრეაციული და ისტორიული ზონები. ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმა უნდა შეეხოს კონკურენტულ გარემოში ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების, გარემოსადმი ადაპტაციისა და მდგრადი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

მისი შექმნა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების  მრავალმხრივი დიალოგის შედეგად.

პირველ ეტაპზე ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 000 ლარი პროექტისთვის საჭირო სამუშაოების დასაწყებად, რაც გულისხმობს ქალაქის რუკისა და მაკეტის შექმნას, ასევე, სტრატეგიული განვითარების გეგმის შესადგენად საჭირო ექსპერტებისა და სპეციალისტების გაგზავნას საზღვარგარეთ (კერძოდ გერმანიასა და ისრაელში) კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამასთან ერთად გათვალისწინებულია უცხოელი სპეციალისტების ქუთაისში ჩამოყვანაც, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან ვითარებას და საჭირო რჩევებს მისცემენ ადგილობრივ სპეციალისტებს. „სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნა ძალიან შრომატევადი პროცესია, ეს მოითხოვს ქალაქის სხვადასხვა სფეროს საფუძვლიან ანალიზს და ბევრი სპეციალისტის მუშაობას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან. იმ მცირე თანხით, რაც ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო წელს (50000 ლარი) შევძლებთ პირველი ნაბიჯების განხორციელებასა და სამოქმედო გეგმის უფრო ნათელი სახით ჩამოყალიბებას,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქუთაისის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ჭრელაშვილმა.

გასულ წელს მერიის სამსახურთან შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებისგან. მათი მუშაობის ძირითად მიზანს წარმოადგენს გეგმის შემუშავება და ფინანსების ეფექტურად ხარჯვის კონტროლი. იმ პუნქტებიდან, რომლებიც წლევანდელ ბიუჯეტშია გაწერილი, მხოლოდ რამდენიმე შესრულდება. როგორც მალხაზ ჭრელაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ეს გეგმა ნაუცბათევად მიიღეს, იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან საჭირო თანხა გამოყოფილიყო.(?!) აღწერილი სამუშაოები საფუძვლიან გადახედვას საჭიროებს. საბჭოს შეკრება თებერვლის ბოლოსთვის იგეგმება. ამ დეტალის გამო რთულია, ვისაუბროთ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზანმიმართულობაზე. წლის ბოლოს უკეთ გამოჩნდება შესრულებული სამუშაოების შედეგი.

სტრატეგიული განვითარების გეგმა გულისხმობს არამარტო ქალაქის ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებზე აქცენტის გაკეთებას, არამედ აქ გათვალისწინებული იქნება ქუთაისის მმართველობის სტრუქტურაც.

ამ ეტაპზე რთულია ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის დასრულდება ამ პროექტზე მუშაობა, არც საჭირო თანხის ზუსტი რაოდენობაა განსაზღვრული. სავარაუდოდ, ფინანსური დონორების მოძიება დასჭირდება ადგილობრივ თვითმმართველობას დაგეგმილი სამუშაოების უზრუნველსაყოფად.

სტრატეგიული განვითარების გეგმაში შესწორებებს ქალაქში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად შეიტანენ და ამას სპეციალურად შექმნილი საბჭო გააკონტროლებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია