დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვის უკრძალავენ მძღოლები ავტობუსში ასვლას?
2010/10/11 12:31:30

ხანდაზმულ ქალბატონს ალექსანდრა იაშვილს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. იგი ყოველ დილით დადის „მადლიერების სახლში“, უფასო სასადილოში. მგზავრობა 19 ნომერი ავტობუსით უწევს. ერთ ჩვეულებრივ დღესაც, როდესაც ავტობუსით მგზავრობდა, მძღოლმა ფულის გადახდა მოსთხოვა. ბენეფიციარმა 30 თეთრის ნაცვლად სამგზავრო ბარათი მიაწოდა. საკმაოდ ასაკოვანმა მძღოლმა კი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მანქანიდან ძალით ჩამოაგდო: „ჩვენ მაგ ბარათიდან ფული არ გვერიცხება, შენ ვალდებული ხარ, გადამიხადო!“

ქუჩაში მდგარი, აცრემლებული მოხუცი ღვთისნიერ ახალგაზრდას შესცოდებია, „მადლიერების სახლამდე“ მსუბუქი ავტომობილით მიუყვანია.

 

მაგრამ სხვა დროს ვისი და რისი იმედით უნდა იმგზავროს ამ ადამიანმა?

ჩვენ „მადლიერების სახლს“ ვესტუმრეთ, იმის გასარკვევად, როგორ უწევთ მგზავრობა სხვა ბენეფიციარებს.

აი, ასეთი პასუხები მოვისმინეთ:

მარინე ღამბაშიძე: „სტეკლოტარასთან მძღოლმა ავტობუსი არ გამიჩერა. თურმე მანქანაში „მადლიერების სახლის“ წარმომადგენელი ყოფილა, მძღოლისთვის უთქვამს: რატომ არ გაუჩერეო? მძღოლს კი უპასუხია: წადი, შენი დედაც... და მისი დედაცო... ალბათ, მძღოლებს იმიტომ ვეზიზღებით, რომ უფასო მგზავრობის ბილეთით ვსარგებლობთ.“

თალიკო კანდელაკი: „ნეტავი, კარგად ვიყო და ვმუშაობდე, საერთოდ არ ვივლიდი აქ. სუფთა მათხოვრები ვართ. მთავრობამ სამგზავროები მოგვცა და იმასაც გვამადლიან“ (ინვალიდობის მოწმობა მაჩვენა და „თეგეტა მოტორსის“ სამგზავრო ბილეთი).

ნუნუ კერესელიძე: „ხშირად ვსარგებლობ 19 ნომრით და პირველით, მაგრამ პრეტენზია არავის გამოუთქვამს, ვაჩვენებ საბუთს და ჩავდივარ.“

გოგლა ფაჩუაშვილი: „ვერ გამიგია, რატომ გვეძახიან მკვდრებს და  მათხოვრებს? რა, იმათზე ნაკლები ვართ?! სამსახურიც კარგი გვქონდა და ოჯახებიც, მაგრამ დრომ ასეთი მდგომარეობა მოიტანა. წრიულების უმეტესობა და 19 ნომერი თანხის გადახდას გვთხოვს, არც კი აინტერესებთ ჩვენი გაჭირვება.“

ბენეფიციარი ქალბატონი (სახელი და გვარი არ გაგვიმხილა): „მძღოლებს არ ვადანაშაულებ, რადგან მათ რაღაც თეთრები უნდა მიიტანონ სახლში. მთავრობამ ეს ბარათი რომ მოგვცა, კარგია, მაგრამ დავიჯერო, ისინი ურიცხავენ ფულს? ერთ კარგ მძღოლს ვიცნობ, რომელმაც მითხრა, მთავრობისგან ერთ თეთრსაც არ ვღებულობო. აბა, ერთი მგლისკენ და მეორე თხისკენ!.. ტყუილად ვინ ივლის, ავტომობილს უამრავი ხარჯი აქვს. ჩვენ ხომ არ ვაძლევთ და იმათ მაინც გადაუხადონ. ამაში მთავრობა არ არის სწორი.

ჩვენთან საუბრისას მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულთა საქალაქო სამსახურის უფროსი, არჩილ მუკბანიანი ამბობს: „2010 წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიები საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლებით სარგებლობს (აქ იგულისხმება ავტობუსები და არა მიკროავტობუსები). 2010 წლიდან მომსახურების ხარჯი მერიის ბიუჯეტიდან არ ირიცხება, დაფინანსება კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ თავის თავზე აიღო. მერიასა და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, იმავე პრინციპით, იმავე წესით, როგორც გასულ წლებში, ბენეფიციარების გარკვეული კატეგორია სამგზავრო ბარათების გამოყენებით უფასოდ მგზავრობს. სამგზავრო ბარათები შემუშავებულია და დამოწმებული ორივე მხარის მიერ. მძღოლებისაგან ბენეფიციართა შევიწროებისა და შეურაცხყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს თვითმმართველობის მხარე, ეს მართლა თუ ხდება, არის „თეგეტა მოტორსის“ პრობლემა, ჩვენთან სოციალურად დაუცველები მგზავრობასთან დაკავშირებული პრეტენზიით ნაკლებად მოდიან. აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება ძნელია, ვერ დავადასტურებ, რომც იყოს მომხდარი ფაქტი მძღოლისგან, არასწორია. თვითმმართველობის მემორანდუმის მეორე მხარე არ არის მძღოლი, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა „თეგეტა მოტორსს“ ეკისრება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2010 წელში ყველანაირ ხარჯებს „თეგეტა მოტორსი“ აანაზღაურებს. ამდენად, რაიმე კუთხით თანხა მერიიდან გადარიცხული არ არის. ელემენტარულად, მძღოლს ანაზღაურება რაიმე ფორმით „თეგეტა მოტორსმა“ უნდა მისცეს.

ქუთაისში მძღოლების დაკვირვებას მონიტორინგის სამსახური აწარმოებს და, ჯერჯერობით, ასეთი ფაქტები არ დაუფიქსირებიათ.

მხოლოდ არაეთიკურ ქცევებზე შემოდიოდა. რა შინაარსის,  იცით? - მძღოლი გაღიზიანდა იმის გამო, რომ ავტობუსში ბევრი უფასო სამგზავრო ბილეთი იყო და მან იმ წუთში შემოსავალი დაკარგა. თუმცა მძღოლს არაფერი დაუკარგავს, მისი კომპენსირება „თეგეტა მოტორსის“ ხელმძღვანელობისგან ხდება. თუ კი ასეთი ფაქტები სადმე დაფიქსირდა, მინდა ვთქვა, რომ ეს არის, კონკრეტულად, ვიღაც პიროვნების, მძღოლის დანაშაული და არაკეთილსინდისიერი მოქმედება. ქალაქში, დაახლოებით, 200 მძღოლია და იმათგან, შეიძლება, ერთი-ორი უვიცი გამოერიოს. ასეთი ფაქტი უნდა იყოს აღმოფხვრილი და მასზე მოხდეს „თეგეტა მოტორსისაგან“ რეაგირება - ის მისი დაქირავებულია. ჩვენი რომ იყოს, კი ბატონო, უშუალოდ ჩავერეოდით.

ჩვენც დავინტერესდით იმ ფაქტით, რომ მძღოლებს არავინ არაფერს უხდის. „თეგეტა მოტორსის“ სამსახურმა განაცხადა, რომ მათ (მძღოლებს)  მომსახურებისათვის ეძლევათ ხელფასი, საბურავი, საწვავი და ა.შ.“ - ამბობს საქალაქო სამსახურის უფროსი და „თეგეტა მოტორსისაკენ“ გვამისამართებს.

შპს „თეგეტა მოტორსის“ დირექტორმა ზაალ სახელაშვილმა კი „P.S.“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მძღოლებისაგან ბენეფიციართა შეურაცხყოფისა და ვალდებულებისაგან მათ მიერ თავის არიდების შესახებ მასაც თითქმის არ სმენია. მისი თქმით, თუ მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია ექნებათ, მძღოლების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება: ან სამსახურიდან დაითხოვენ, ან კიდევ ფულად სანქციებს დააკისრებენ. ამბობს, რომ ასეთი რამ გაუკეთებიათ კიდეც, თუმცა,  ბატონი ზაალი კონკრეტულ ფაქტს ვერ ასახელებს: „მე 180 თანამშრომელი მყავს და მათი სახელები და გვარები არ მახსოვს.“

ზაალ სახელაშვილი განმარტავს, რომ მძღოლების ანაზღაურება თანხით ხდება და არა ტექმომსახურებით, „თუ მათ რაიმე დავალიანება არა აქვთ... თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მსგავსი პრობლემების შესახებ მე არ მსმენია.“

 

***

როგორც ვხედავთ, მათ, ვისაც ყურნი უნდა ესხათ, „არაფერი სმენიათ“...

ამასობაში კი მოხუცი ბენეფიციარები გაჩერებაზე ყოველდღე უმწეოდ დგანან და მღელვარებით ელიან ავტობუსის გამოჩენას... იმ ავტობუსისას, საქველმოქმედო სადილების მისაღებად „მადლიერების სახლში“ რომ უნდა წაიყვანონ.

წაიყვანენ კი?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია