საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი კვირიკაშვილი: "აბრეშუმის გზა" უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა არსებობს წინაპირობები, რომელთა დაცვა აუცილებელია
2017/01/19 15:43:21

საქართველოს პრემიერ-მინიტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში, დავოსში,  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება და ტრადიციულად,  სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს.

 

წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია "პასუხისმგებლიანი ლიდერობა," მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.  

 

დღეს პრემიერ-მინისტმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაში  - The Silk Road Effect .  როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე - ეს  საკითხები იყო ამ სესიის განხილვის საგანი, სადაც სიტყვით გამოვიდა  პრემიერ-მინისტრ.

 

გიორგი კვირიკაშვილმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტში - „ერთი სარტყელი - ერთი გზა" საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც, მისი თქმით, პროექტში ჩართული ქვეყნების განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა.

 

"ესაა ალტერნატივების ქსელი - თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად. ეს პროექტი ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც. თუმცა ეს უფრო პარტნიორობას ეხება. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა თავის გამოსვლაში ახსენა, "აბრეშუმის გზა" უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომელთა დაცვა არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია. პირველ რიგში, იგულისხმება ინფრასტრუქტურა, შემდეგ - პროექტში ჩართულ სახელმწიფოებში არსებული სტაბილური გარემო; იგულისხმება სრულყოფილი პარტნიორობა ტრანსსასაზღვრო პროცედურების განხორციელების დროს; სატარიფო სისტემების უნიფიკაცია და რა თქმა უნდა, თანამშრომლობა პოლიტიკურ დონეზე. ეს მრავალგანზომილებიანი საკითხია," - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებებს თანამშრომლობის შესახებ. მისივე განმარტებით, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რაც აბრეშუმის გზის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.

 

ასევე, სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე.

 

"ჩვენ ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მიზნით შეიქმნა ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. ამჟამად, რეგიონის მასშტაბით ვეძებთ პორტის ოპერატორებს. ინვესტიციების დიდი რაოდენობაა მიმართული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნისკენ. ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამას გარდა, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს თანამშრომლობას არა მხოლოდ ტრანსპორტირების, არამედ წარმოების პროცესშიც და ლოჯისტიკის კუთხითაც" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

სესიას, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის პროექტის შესაძლებლობებს მიეძღვნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მონღოლეთის პრეზიდენტი ცახიაგინ ელბეგდორჟი დაესწრნენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8324
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია