დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი ბიუჯეტი პარლამენტის მშენებლობას 15 მილიონი ლარით „შეეწია“
2010/10/04 12:10:16

ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში საკრებულომ კიდევ რამდენიმე ცვლილება შეიტანა. ერთ-ერთი ცვლილება ადგილობრივი ბიუჯეტიდან პარლამენტის მშენებლობისთვის დამატებით 15 მილიონი ლარის გამოყოფას ეხება, რომელსაც სამშენებლო კომპანია „მაგი“ ახორციელებს. თუმცა პარლამენტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ყოველგვარი ინფორმაცია ადგილობრივებისთვის დახურულია(?). ამ საკითხზე ინფორმაციის მოპოვებისთვის კი მედიის წარმომადგენლებს „ცენტრისკენ“ გადაგვამისამართებენ ხოლმე.

მიმდინარე ცვლილებებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ ცაგარეიშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს. „დღევანდელი  ცვლილებებიდან   უმთავრესია  15 მილიონი, რომელიც პარლამენტის მშენებლობისთვის ადგილობრივი   ბიუჯეტიდან   გამოიყო.  53 000  კი  ქვაფენილის მოწყობისთვის, ეს ორი ცვლილებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც შემიძლია აღვნიშნო. ასევე გაეზარდა დაფინანსება ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელსაც  დამატებით 104 000    ლარი    გამოეყო.  თანხები  ჩაიდო  სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის. ასევე მოხდა პროგრამული ცვლილებები, რომელიც თანხობრივ ცვლილებებს არ იწვევს,“ - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომა განახლებულ დარბაზში ჩატარდა. საკრებულოს წევრები თავს საკმაოდ კომფორტულადაც გრძნობდნენ, რომ არა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის განცხადება. მამუკა მღვდელაძე იმ 104 000 ლარით დაინტერესდა, რომელიც ხელისუფლებას კომფორტის დაფინანსებისთვის დამატებით გამოეყო.

მამუკა მღვდელაძის განცხადებით: „გაზრდილია ოფისის ხარჯები, გაიზარდა რემონტების და კომუნალური გადასახადების ხარჯი მერიაში, იმიტომ, რომ ცხელი ზაფხული იყო და ტემპერატურა უნდა იყოს მათთვის კომფორტული. საინტერესო იყო ამის ახსნა. ეს ხარჯი თურმე საკრებულოს 25 წევრამდე გაზრდას გამოუწვევია, მათი თქმით! ასევე ახალი სამსახურები დამატებულა თურმე.

მე ვფიქრობ, სანამ ამ ახალი სამსახურების კომფორტზე ვიზრუნებთ, სჯობდა, მანამდე ამ სამსახურების მუშაობის შესახებ მოგვესმინა და ამის შემდეგ გვემსჯელა, რამდენად ეფექტურია მერიის ხარჯების 104 000 ლარით გაზრდა. მე ვთვლი, რომ ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და კარგი იქნება, მერიაში რემონტების კეთებას თუ მოვრჩებით და სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმის კეთებით დავკავდებით. ვფიქრობ, ეს იქნება სწორი მიდგომა.“ 

ქუთაისის მერი გია თევდორაძე კი ამ საკითხზე ასეთ კომენტარს აკეთებს:   „ეს 104 000 ლარი დაემატა აპარატს კომუნალური ხარჯებისთვის. 21-ე საუკუნეში და ცივილურ სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ კონდიცირება ხდებოდეს სამუშაო ოთახში და ზოგადად შენობაში. ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რომ გვჭირდება ელექტროენერგია, კომპიუტერი და ტელევიზორი. მინდა გითხრათ, რომ ეს ის თანხაა, რაც საჭიროა - არც მეტია და არც ნაკლები.“

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარი ქალაქში 30 კილომეტრიანი ველობილიკების კეთილმოწყობასაც მოხმარდება. თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია ველობილიკები ქუთაისისათვის, ეს საკრებულოს წევრებს არ განუმარტავთ.

ცვლილება მოხდა ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით. ამჯერად ?100 სამარშრუტო მიკროავტობუსებს კიდევ ერთხელ კონკრეტულად განესაზღვრა გაჩერებები. მათ მხოლოდ 16 გაჩერება ექნებათ და ამით ისინი „ჩქაროსნული“ ფუნქციის შენარჩუნებას შეეცდებიან. ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ვალერი კლდიაშვილის თქმით: „2012 წლისთვის ჩადებულია, რომ ?1 მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდეს და გაიზარდოს ავტობუსების რაოდენობა. რაც შეეხება ?100 სამარშრუტო ტაქსებს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და შემცირდა 2 ერთეულით. აქამდე ამ ხაზზე 10 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობდა და ამჯერად მხოლოდ 8 იმოძრავებს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე უმუშევარი დარჩა, რადგან გადანაწილება მოხდა. რაც შეეხება დროს, ეს მანქანები 8 წუთიანი ინტერვალით, ღამის 11 საათამდე იმუშავებენ. მიკროავტობუსების შემცირება გამოიწვია იმან, რომ ავტობუსები ვერ მუშაობენ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ავტობუსი და მიკროავტობუსი თანაბარ პირობებში ჩაგვეყენებინა. ეს მოსახლეობასაც არ დააზარალებს. მე ვფიქრობ, რომ ქალაქში ავტობუსით გადაადგილება უფრო კარგია, ვიდრე სამარშრუტო ტაქსით.“

ნოემბერში ქალაქის ტრანსპორტის სამსახური ავტობუსების ტექნიკურ და კომფორტულ მხარეს კიდევ ერთხელ გადახედავს. თუკი რომელიმე ავტობუსი ნორმებს ვერ დააკმაყოფილებს მას მიეცემა მითითება, კრიტერიუმების შეფასებაში კი, ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თქმით, სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია