დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მართლა გვრცხვენია ქართული ენის?
2010/07/06 13:06:48

„გალიაში“ ჩასმულ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გავიარე. იქვე მსხდარი მამაკაცების საუბარს მივაქციე ყურადღება. ისინი ერთ დროს პარიზის ბულვარის ანალოგიური პროექტით დაგეგმილ „ბაღის კიდეზე“ ტირილნარევი ხმით ოხუნჯობდნენ. შემდეგ მათი საუბარი დედაენასა და დღევანდელობას გადასწვდა. ერთი მამაკაცის მიერ მოყოლილმა ანეკდოტმა ჩემი წერილის თემაც მიკარნახა:

- რა დროს დედა ენის ძეგლია, გადავიტანოთ!

- მერე, რა დავდგათ, ბატონო?

- რა და - ინგლისურის ძეგლი.

ბულვარიდან წამოსულმა ქუთაისის ქუჩებში ხეტიალი დავიწყე და, აფორიაქებული, მწარე რეალობაში გადავბარგდი.

„მე მიყვარს ქუთაისი“ - ყოველ ნაბიჯზე თვალს შემოფეთებული ეს წარწერა გვახსენებს, როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქალაქი და ვუფრთხილდებოდეთ მას. დიახ, ჩვენ გვიყვარს ქუთაისი, ამიტომ ვწერთ პრობლემებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და ერთად ვიცხოვროთ იმ „ქუთათისში“, რომელზეც ვოცნებობთ.

ქუთაისმა უკვე დაიბრუნა მეორე დედაქალაქის სტატუსი. ყველა ნაბიჯზე მშენებლობაა. ყოველდღიურად მშვენდება ქალაქი ახალი შენობებით, სკვერებით (ხარისხზე რა მოგახსენოთ)...

ახლა ქუთაისს ნელ-ნელა დაეტყო თანამედროვე სტილიც. თუმცა თანამედროვეობა ქართული ტრადიციების, ქართული ენის „ჩაყლაპვას“ როდი გულისხმობს.

სუფთა ქართულ, იმერულ ქალაქს ნამდვილად მოუხდება ქართული სულის შენარჩუნება.

მაშინ, როცა საქართველოში უცხო ქვეყნის ელჩებიც კი ქართულად ალაპარაკდნენ, როცა პენტაგონი მზადაა, მფრინავებს, რომლებიც ქართულ ენას შეისწავლიან, ყოველთვიურად ხელფასზე 500 დოლარი დაუმატოს, მაშინ, როცა ამერიკაში ქართველთა ერთ-ერთ პატარა დასახლებაში ინარჩუნებენ ქართველობას, ეამაყებათ და არ ივიწყებენ მშობლიურ ენას, მაღაზიებსა თუ სხვადასხვა ობიექტზე წარწერები ჯერ ქართულ ენაზეა, შემედგ პატარა შრიფტით ინგლისურად, - საქართველოში ქართველთა ზედმეტი გულმოდგინება და უცხოელებთან თავმოწონება იქამდე მიდის, რომ ინგლისური ენის ცოდნის გარეშე, საკუთარ ქვეყანაში გზის გაკვლევა გაგიჭირდება.

თბილისში უკვე წუხან იმაზე, რომ მაღაზიების უმრავლესობას უმთავრესად ლათინურენოვანი წარწერები აქვს. აბრებზე იშვიათად თუ მოჰკრავთ თვალს მიკროსკოპით დასანახ ქართულ დასახელებას; რომ ქართულ ენაზე ვერ ნახავთ თითქმის ვერც ერთი ცნობილი ბრენდის მაღაზიის სახელწოდებას.

ეს „ავადმყოფობა“ ნელ-ნელა შემოეპარა ქუთაისსაც. მართალია, ჩვენმა ქალაქმა ისეთი სწრაფი ტემპით ვერ აითვისა ევროპეიზაცია, როგორც დედაქალაქმა, მაგრამ, ქუთაისელთა გულმოდგინების ამბავი რომ ვიცი, მალე „დაეწევიან და გაუსწრებენ აშშ-ს“ და უმაღლეს შეფასებასაც დაიმსახურებენ.

ახალი სავაჭრო ცენტრები დიდი, ლათინურენოვანი, სადღაც კუთხეში მიყუჟული ქართული წარწერებით უკვე გვამცნობენ ქუთაისის „გათანამედროვებას“ (ჭავჭავაძის პროსპექტზე), თუმცა არა მხოლოდ ახალი ობიექტები. თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა, არცთუ ევროპული გარემოთი, დაუხვეწავი გემოვნებითა და დაბალი მომსახურებით გამორჩეული ცენტრალური მაღაზიები, სათამაშო კომპიუტერული ცენტრებიც კი, მხოლოდ ინგლისური დასახელებებით გვახსენებენ ქართველთა სირცხვილს.

ჰოდა, რა ჰქნას სოფლიდან სავაჭროდ ჩამოსულმა ბებია ელპიტემ და ბაბუა პოლიკარპემ, როგორ გაიკვალონ გზა ამ ქაოსში, როგორ გაიგონ, რას მიანიშნებს ეს უცხოური წარწერები. ჰგონიათ, მაღაზიაში შევიდნენ და თავი კი სალონში, ან გასართობ ცენტრში რომ ამოყვეს. თარჯიმანთან ერთად სიარულის კომფორტისგან ხომ ძალზე შორს არიან, თანაც უცხო ენის შესწავლაც რომ დაგვიანებულია? ისიც ხომ ფაქტია, ქართველთა დიდი ნაწილისთვის მშობლიური ენის სიწმინდე, დაცვა და პატივისცემა მუდმივი პრიორიტეტი იყო, ბევრი მათგანი არც საქართველოს გასცილებია და არც მსოფლიოს შემოვლას აპირებს, ქართული ენა მსოფლიოსაც ურჩევნიათ და საკუთარ თავსაც.

ერთ-ერთ გაზეთში ამოვიკითხე, ქართველთა ეს უცნაური ტენდენცია არა ერთ უცხოელს აკვირვებს, განსაკუთრებით კი ფრანგებს. „ასე მგონია, ქართველებს საკუთარ ენაზე წერა და მეტყველება გრცხვენიათ,“ - ამბობს საქართველოში სტუმრად მყოფი ფრანგი ქართველოლოგი.

ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი სირცხვილით ცხოვრებისგან. ეს უფრო, ქუთაისელთა პრანჭიაობად, ზედმეტ გულმოდგინებად და უცხოელებთან თავის მოწონებად დროებით გართობად მივიჩნიოთ, რაც, იმედია, მალე გამოსწორდება და კატალეფსიური ძილიდან გამოღვიძებული ქართველები ქართული ენის დაცვის იურიდიული მექანიზმის შემუშავების აუცილებლობაზე იზრუნებენ.

„ევროპეიზაციის წინააღმდეგი არავინაა, თუმცა ქართული ენის იგნორირების ხარჯზეა მიუღებელი“ - ასეთია ქუთაისელთა გამოკითხვის შედეგად ჩამოყალიბებული აზრი.

გასაოცარია ქუთაისელთა ერთი ნაწილის „განათლებულობის“ სიღრმეც.

ფული უშოვიათ, ოფლი დაუღვრიათ, მაღაზია თუ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი გაუხსნიათ, მოუწყვიათ, ამდენი შრომა ჩაუდევთ ლუკმა-პურის საშოვნელად და ქართული ენის ცოდნაში კი გაჭედილან. ამ ჭაპანწყვეტის წყალში გადაყრას ხომ სჯობდა ერთ ფილოლოგთან კონსულტაციის გაწევა?

სად არ წააწყდებით უგემოვნო აბრებს და ქართული ენის ნორმების დარღვევით შექმნილ „შედევრებს“. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ჭავჭავაძის პროსპექტზე განთავსებული ობიექტები: „საამშენებლო მასალები“, „გაჯი ეფად“, „შერეული მაღაზია“, „ცოცხალი ლუდი“ (მკვდარი რომელია?) „სააფთიაქო მაღაზია“, „ლამაზი პარკეტი“, „ახალი მაღაზია“ (უკვე გახუნებული აბრით და საკმაოდ მოძველებული ინტერიერით), „გასართობი-ფენიქსი-ცენტრი“ (წმ. ნინოს ქუჩაზე), „ქალისა და მამაკაცის - ელენე - სილამაზის სალონი“ (ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია).

ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით ასევე გაურკვეველ არაქართულ სახელწოდებებსაც, ამჯერად ქართულად: „დანსი“ (თაბუკაშვილის ქუჩა), „სმარტი“.

სახეზეა „დახვეწილი გემოვნების“ შედევრებიც: სასადილო „სანსლი“, სილამაზის სალონები „ელზა“, „ციალა“,  „ეკა“, „მაკა“ და ა.შ.

ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ „მარგალიტებისა“, რომლითაც სავსეა ქუთაისი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია