დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ყრუ-მუნჯების ხმა, რომელიც ხელისუფლებას არ ესმის!
2012/02/20 12:28:56

თაბუკაშვილის ქუჩის №2 კორპუსში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახები მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ?

 

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის 2 კორპუსში მცხოვრები რამდენიმე ყრუ-მუნჯი ოჯახი ხმას ვერავის აწვდენს. ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და დახმარებას, წლებია, უშედეგოდ ითხოვენ. შეზუდული შესაძლებლობების მონე ადამიანები, აღნიშნულ კორპუსში ათეული წლების წინ კოლექტიურად ჩაასახლეს, რადგან ისინი ბამბეულის საწარმოო გაერთიანებაში ერთად მუშაობდნენ. დღეს ყრუ-მუნჯების ერთადერთი იმედი მათი თარჯიმნია, რომლის მეშვეობითაც ისინი გარე სამყაროსთან კონტაქტს ახერხებენ.  

წლების წინ მათ საბჭოთა ხელისუფლებამ პირველ სართულზე რამდენიმე ასეული კვადრატის ფართობი დაუთმო, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, საღამოობით ერთად შეკრებილიყვენ და საზოგადოებისგან იზოლირებული არ ყოფილიყვნენ. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, მათ, ეს ფართიც ჩამოართვეს და კომერციული მიზნისთვის გააქირავეს. შეკრების ადგილად კი ერთი პაწაწკინტელა ოთახიღა დაუტოვეს.

 

გაზეთი „P.S.“ მათ სწორედ მაშინ ესტუმრა, როცა შეკრებილი ყრუ-მუნჯები საინფორმაციო გამოშვებას დიდი ინტერესით ელოდებოდნენ. სამწუხაროდ, თარჯიმანი ადგილზე არ დაგვხვდა, რადგან, როგორც შევიტყვეთ, თარჯიმნობისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ხელფასი - თვეში 160 ლარი მისთვის რამდენიმე თვეა არ გადაუხდიათ. ამიტომ თარჯიმნობა აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებმა, ქალბატონმა მარინა ძნელაძემ გაგვიწია.

ყრუ-მუნჯებს სათქმელი ბევრი დაგროვებიათ, თარჯიმანი გადათარგმნას ძლივს ასწრებდა, ყველას სურდა, საკუთარი პრობლემა გაეგებინებინა. თარჯიმანი ძირითადის თქმას მაინც ახერხებდა...

ტარიელ ვერულაშვილი: „გაუსაძლის პირობებში ვიმყოფებით, არანაირი სიკეთე ჩვენთვის არ არსებობს. ირგვლივ ყველა კორპუსი შეღებეს და ასევე გარეგანათებაც გააკეთეს, თუმცა ჩვენი კორპუსი ჯერ არ გახსენებიათ. ისეთი სიბნელეა ეზოში, რომ სადარბაზოს ვერ შეხედავ ადამიანი. წყალი აქამდე შუადღეს მოდიოდა და კარგი იყო, ახლა გვიან ღამით უშვებენ, ვერ ვიგებთ, როდის მოდის და როდის მიდის. კანალიზაციის მხრივ კიდევ საშინელი მდგომარეობაა. თუმცა ჩვენი პრობლემა არავის აინტერესებს. ერთხელ არ გავხსენებივართ ქალაქის მერს, არ მოსულა და არ უკითხავს, რა გიჭირთ, რა გილხინთო. ცოლი მხოლოდ იმიტომ გარდამეცვალა, რომ ოპერაციის ფული არ მქონდა და ვერ გავუკეთე. მერი წელიწადში ერთხელ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დღეს, შეგხვდება, ხელს ჩამოგვართმევს და ეგაა და ეგ. ჩვენ კიდევ დახმარებას ვითხოვთ და ამ პრობლემების მოგვარებას.“

 

ბეჟან ქორიძე: „დასაქმებას ვითხოვთ ჩვენ, სმენადაქვეითებული  ახალგაზრდები. შრომა გვინდა და ჩვენი ოჯახების რჩენა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბეტონზე მუშაობა იქნება, თუ ბლოკების საამქროში. მთავარია, ვიმუშაო, ფული მქონდეს და ოჯახში მივიტანო. ასე ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. ზუსტად ხუთჯერ დავწერე განცხადება და ავიტანე მერიის მესამე სართულზე. პასუხი  არ გაინტერესებთ?! დღეს, ხვალ, ზეგ... ეს დღეები მათთვის არ მთავრდება, ჩვენ კიდევ თანხა გვინდა, რომ ვიარსებოთ.“

მალვინა მირიანაშვილი, კორპუსის   ამხანაგობის თავმჯდომარე:  „დასაქმებული არცერთი არ არის, რამდენჯერმე დავწერე განცხადება ჩვენს პრობლემებზე და ჩავაბარე მუნიციპალიტეტში. თუმცა პასუხი არაფერი მიგვიღია. ისინი მერიას აბრალებენ, მერია კიდევ - მუნიციპალიტეტს. პრობლემები თავზე საყრელად აქვს ამ ბინას, თუმცა პატრონი არავინ გვყავს. ბინის წინ მდებარე ქუჩასაც კი არ გვისუფთავებენ, სხვაზე რომ არაფერი არ ვთქვათ.“

ნათელა შალამბერიძე, კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის მოადგილე: „ჩვენი ყრუ-მუნჯები შეკრებებზე კარგად სჭირდებათ და გვეუბნებიან, გამოიყვანეთო. მერე აღარ ახსენდებათ, თორემ ხელისუფლებას ყველაზე მეტი ხმა ჩვენგან მისდის. თუმცა ისინი მაინც არ გვაქცევენ ყურადღებას, ჩვენი უბნის წარმომადგენელი მერიაში სერგო ლექვინაძე არის, რომელიც, გამარჯვების მერე, თვალით არ გვინახავს. მანამდე კიდევ, იცოცხლე, დაპირებებს დაპირებებზე გვაძლევდა. ასფალტია და  დაზიანებულია ბინაში, განათებაა და - უკუნეთია მთელს კორპუსში. მოკლედ, პრობლემებში ვიხრჩობით, რა.“

რა პასუხს გასცემს საკრებულოს წევრი სერგო ლექვინაძე გაზეთ „P.S.“-ს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და რა არგუმენტი აქვს იმის საპასუხოდ, რომ, როგორც მოსახლეობა აცხადებს, ის წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ არ უნახავთ? იგეგმება თუ არა მათთვის აღნიშნული პრობლემების მოგვარება? - ჩვენ ამ კითხვებით მივმართეთ მას.

„აღნიშნული პრობლემების საქმის კურსში ვარ და, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა ეტაპობრივად აუცილებლად მოგვარდება. ამ პრობლემებზე  ნასაუბრები ვარ ასევე ამხანაგობის თავმჯდომარესთან. რაც შეეხება მათ პრობლემებს, მე შევეცდები, თანმიმდევრულად გიპასუხოთ. ეზოს გარეგანათება პროექტში უკვე ჩასმულია და სულ მალე თაბუკაშვილის  ?2-ში ორი ლამპიონი დამონტაჟდება, რომლითაც განათდება მთელი კორპუსი. რაც შეეხება ბინის სახურავს, ჩვენ მათ გადავეცით სახურავები, თუმცა მოსახლეობა, სამწუხაროდ, თავად ვერ ახერხებს, რომ ეს ახალი სახურავი დაამონტაჟოს. ასევე სულ მალე მოგვარდება ეზოში ონკანების პრობლემა. რაც შეეხება მათ ბრალდებებს, რომ მე მათ მხოლოდ არჩევნებამდე შევხვდი, ეს უსაფუძვლოა. რადგან მე ყოველ ხუთშაბათს ჩვენს მუნიციპალიტეტში ვხვდები მოსახლეობას და მათგან ვისმენ იმ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს და, შეძლებისდაგვარად, ვუგვარებთ კიდეც,“ - განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას საკრებულოს დეპუტატმა სერგო ლექვინაძემ.

როდის  გაიგონებენ მერიაში ყრუ-მუნჯების უხმო ვედრებას, ეს ჩვენთვის უცნობია. თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი, იმედს იტოვებენ, რომ მათ კორპუსში არსებული პრობლემები და ახალგაზრდების დასაქმება კარზე მომდგარი არჩევნებისთვის მაინც მოგვარდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია