დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„გადაგდებული“ აქტივისტები
2010/05/31 13:13:09

„სამართლიანი საქართველოსთვის“ ის პოლიტიკური მოძრაობა აღმოჩნდა, რომელსაც საარჩევნო სიების გადამოწმებისთვის ხელისუფლების ნაწყალობევი 1 200 000 ლარიდან „წილი“ არ შეხვდა. თუმცა, პარტიის ლიდერების ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით დაიწყო აქცია „კარ და კარ“, რაც თითოეულ ოჯახში საარჩევნო უფლების მქონე პირთა გადამოწმებას ეხებოდა. ამ საქმიანობით ძირითადად პარტიის აქტიური მხარდამჭერები დაკავდნენ, რომელთაც გარკვეული სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ ანაზღაურება უნდა მიეღოთ. გადამოწმება თებერვლის თვიდან იმერეთის რეგიონშიც დაიწყო და აქტივისტებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარსადგენად პარტიის ლიდერებს მრავალი დარღვევის შესახებ მოახსენეს.

 

წინასაარჩევნოდ „კარდაკარ“ აქციის მონაწილეები კვლავ გააქტიურდნენ, თუმცა ამჯერად ისინი საკუთარი ნაშრომის ანაზღაურებას ითხოვდნენ. რედაქციაში ერთ-ერთმა ქალბატონმა, მარინა გ-მ დარეკა, რომელიც გვთხოვდა, რომ პრობლემის გარკვევაში დავხმარებოდით. მისივე განცხადებით ის რამდენჯერმე მივიდა მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ოფისში და ხელმძღვანელებსაც ელაპარაკა, თუმცა მათგან მხოლოდ დაპირებები ისმის, ხოლო შრომა არცერთი აქტივისტისთვის არ აუნაზღაურებიათ.

როგორც მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ იმერეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნიკა სანოძე აცხადებს: „ეს პროგრამა მთლიანად იმერეთის მასშტაბით განხორციელდა, თუმცა რამდენიმე რაიონში - ვანში, სამტრედიაში და წყალტუბოში არ ჩატარებულა, ვინაიდან სტამბების დაკეტვის და სხვა ცნობილი ინციდენტების შემდეგ შესაძლებელი ვერ გახდა პროგრამის გაგრძელება. ეს არის რეალურად ჩვენი მოძრაობის დავალიანება იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ. ეს არის ხარჯი მათი გაწეული მომსახურების, რომელშიც მგზავრობაც შედის. დავალიანება ამ დროისთვის ქუთაისში 34 000 ლარია. ამ პროგრამაში ქუთაისის მასშტაბით დაახლოებით 300 ადამიანი მონაწილეობდა, შესაბამისად, ამდენივე ადამიანის დავალიანება გვაქვს. რაიონებშიც, იმ სამი რაიონის გარდა, ყველგან ჩატარდა და იქაც დავალიანება გვაქვს. ფაქტობრივად, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისში ჩაგვივარდა. მიუხედავად ამისა, კანდიდატები თითქმის ყველა ოლქსა და უბანში გვყავს წარდგენილი. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს მიერ საარჩევნო უბნებზე იმდენი დარღვევაა აღმოჩენილი, რომ ნახევარი ქუთაისის დასაჭერად სრულიად საკმარისი იყო.“

მათი განცხადებით, ქუთაისში 450-მდე არარსებული კორპუსია აღმოჩენილი, სულ 600-მდე არასწორი მისამართია. შესწორებული და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშია წარდგენილი. როგორც მოძრაობის ქუთაისის ოფისში აცხადებენ, ცსკ-მ გარკვეული შესწორებები გაითვალისწინა, თუმცა უმეტესობა ძველებურად დატოვა.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის გოჩა ბაძგარაძის განცხადებით: „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩვენს მიერ წარდგენილი მონაცემები კი არ გაასწორა, არამედ დაამატა. სწორედ ამიტომ ქუთაისში გასულ წელთან შედარებით კიდევ რამდენიმე საარჩევნო უბანი დამატებით გაიხსნა. შემიძლია გითხრათ, რომ  არც    „მკვდარი      სულები“     ამოუყვანიათ    საარჩევნო    სიიდან.    მარტო ეს გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდება.“

ნიკა სანოძის თქმით, ისინი არჩევნების დასრულების შემდეგ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადებიან. თუმცა მანამდე  მოძრაობა „სამართლიან საქართველოს“ დავალიანება, იმერეთის გარდა, კახეთის და შიდა ქართლის აქტივისტებისა და გადამოწმების აქციაში მონაწილეებისაც აქვს. ეს თანხა, საერთო ჯამში, 200 000 ლარია. ანაზღაურების პრინციპი შესრულებული სამუშაოს რაოდენობაზე პროპორციული იყო. ერთ ინტერვიუერს, დაახლოებით, 150 ოჯახი უნდა გამოეკითხა. გადაადგილებით და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, ერთი ანკეტის შევსების შემდეგ, ის 0,70 თეთრს იღებდა.

თუ რატომ წარმოიშვა ეს პრობლემა ამ კითხვაზე მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნიკა სანოძეს ასეთი პასუხი აქვს: „ეს ძალიან შრომატევადი სამუშაო იყო. იმერეთში და, კერძოდ, ქუთაისში ეს პროგრამა დაიწყო მარტში. მარტის ბოლოსთვის ქუთაისში უკვე 50000 ადამიანი იყო გამოკითხული და გადამოწმებული. ამ ადამიანების მონაცემები შემდეგ უნდა  შესულიყო კომპიუტერში, გადამოწმებულიყო    და    გაკეთებული-ყო  შეფასება. ბუნებრივია, ამან ძალიან დიდი დრო წაიღო, რადგან ამ ტიპის სამუშაოს შესრულების გამოცდილება და პრაქტიკა საქართველოში არ იყო.“

თანხის გადაუხდელობას ქუთაისის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები გამორიცხავენ, თუმცა სამუშაოს არადროულად შესრულებას დავალიანების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ. როგორც ნიკა სანოძე აცხადებს, აქტივისტებს უახლოეს დღეებში კუთვნილ თანხას დაურიგებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია