დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას მოითხოვს ქუთაისის მოსახლეობა
2010/05/10 12:22:08

სამართლიანი არჩევნებისა და საქართველოს იურისტთა ასოციაციის ქუთაისის წარმომადგენლებმა ამ დღეებში შეხვედრა გამართეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებთან და მაჟორიტარ კანდიდატებთან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სახალხო მანიფესტის“ ფარგლებში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების შედეგების პრეზენტაცია.

მრგვალ მაგიდასთან მოწვეულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა მოისმინეს ფოკუს-ჯგუფების გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი პრობლემური საკითხები.

ქალაქში გამოიკითხა 18-დან 65 წლამდე 30-ზე მეტი ადამიანი. გამოკითხვის გეგმის ძირითადი საკითხები იყო: წყალმომარაგება; სადრენაჟო-საკანალიზაციო სისტემები; ჯანმრთელობის დაცვა (საავადმყოფოები და ამბულატორიები); განათლება (ბაღებითა და სკოლებით უზრუნველყოფა); სოციალური საკითხები (გაზიფიცირება, ელექტროენერგია, წყლისაგან დამცავი ნაგებობები, შიდა გზები, გარე განათება, უმუშევრობა); გარემოს დაცვა და ეკოლოგიური პრობლემები.

რამდენადაც გამოკითხვის შედეგები მოსახლეობის ყოფას რეალურად ასახავს, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება მისი გაცნობა.

 

ქუთაისის მოსახლეობისათვის წყალმომარაგება და, კერძოდ, მისი გრაფიკით მიწოდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. უმეტეს უბნებში წყალი ორ დღეში ერთხელ მოდის, რამდენიმე საათი: „თუ არ ხარ სახლში, შეიძლება უწყლოდ დარჩე.“ მიუხედავად წყლის ასეთი მიწოდებისა, მასზე ტარიფმა საგრძნობლად მოიმატა და მოსახლეობა ერთხმად აღნიშნავს გამრიცხველიანების უპირატესობას. რაც შეეხება წყლის ხარისხს, რესპონდენტთა აზრი ორად გაიყო, გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ წყლის ხარისხი არ აკმაყოფილებს ნორმებს და მცხოვრებლების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის; ამის გამო ისინი ან გადადუღებულ წყალს მოიხმარენ, ან უხდებათ წყლის შეძენა. თუმცა, რესპონდენტთა გარკვეული ნაწილისათვის წყლის ხარისხი პრობლემას არ წარმოადგენს. მოსახლეობის აზრით, წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებადია, მთავარია, მთავრობამ გამოყოს სახსრები ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ქუთათურების თქმით, ქალაქში საკანალიზაციო მილები გაუმართავია და სარდაფები იტბორება, ქუჩებსა და ეზოებში ფეკალური მასები ამოდის, რის შედეგადაც წარმოიქმნება საშინელი სუნი, წყლის გუბეები, მოსახლეობის გადაადგილებისათვის:                                      „კენგურუს ნახტომებია საჭირო, რომ გამოხვიდე ქუჩაში.“

სანიაღვრე სისტემები თითქმის არ არსებობს. „გამოდიხარ და უკვე წყალში ვარდები.“ გამოიკვეთა საკანალიზაციო ჭებთან დაკავშირებული პრობლემაც. კერძოდ, რეგულარულად იპარავენ ხუფებს. თავახდილი ჭები საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისათვის:               „საახალწლოდ მოხუცი კაცი ჩავარდა, საწყალს სათამაშოები მიჰქონდა შვილიშვილებისათვის და დაემსხვრა, ძლივს ამოვიყვანეთ,“ - ამბობს რესპონდენტი.

 

***

საავადმყოფოებისა და ამბულატორიების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აქ სერიოზული ანტისანიტარული გარემოა: „ბავშვი, ორი დღეა, დამყავს ინფექციურში და იმის გამო ვერ დავაწვინე, რომ საოცარი სიბინძურეა, გადასხმებს ვუკეთებ, მაგრამ ვერ ვაწვენ.“        „რომ შედიხარ, იმის შეგრძნება ხომ მაინც უნდა გქონდეს, რომ საავადმყოფოში შედიხარ...“- აღნიშნა ერთ-ერთმა განაწყენებულმა რესპონდენტმა.

ამასთან, მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ საავადმყოფოები მედიკამენტებით არ არის მომარაგებული და ყველაფრის მიტანა პაციენტს უხდება. შეინიშნება მოქალაქეთა შეშფოთება საავადმყოფოებში არსებული სიძვირის გამო - ასეთი ფასები მოსახლეობის უმეტესობისთვის მიუწვდომელია. საავადმყოფოებში თითქმის არ არსებობს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რის გამოც მოსახლეობას სამკურნალოდ თბილისში უხდება წასვლა: „წადით თბილისში, ჩვენ არ გვაქვს დანადგარი...“ - განუცხადებია ექიმს.

პაციენტებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის სამედიცინო პერსონალის განათლების დონეც. ეჭვი ეპარებათ მათ პროფესიონალიზმში, რადგან არადამაკმაყოფილებელია - ხშირად ხდება არასწორი დიაგნოზის დასმა: „18 წლის გოგონა გამოვიგლოვეთ უბანმა, ახალი წელი არ გვიზეიმია, ჩავიდა თბილისში და 10 დღეში გამოკეთდა! მთავარია, ვირუსი აღარ შეხვდეს,“ - ამბობს რესპონდენტი.

სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სამედიცინო პერსონალის მხრიდან მომსახურების დაბალი დონე, უყურადღებობა პაციენტებისადმი: „თუ ცოტა ფხიანი არ ხარ და ცოტა ფული არ გაქვს, შეიძლება დაიღუპო.“

 

***

ქუთაისში  რამდენიმე სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა, გარეუბნებში მდებარე სკოლებს სერიოზული პრობლემები აქვთ კაპიტალური სამუშაოების თვალსაზრისით:       „მეექვსე სკოლა რომ არის გორაზე, როგორც იქნა, გააკეთეს.“ რესპონდენტთა თქმით, სკოლები არ არის დაკომპლექტებული კვალიფიციური კადრებით. მასწავლებლებს ესაჭიროებათ ტესტირება და გადამზადება. ასევე, პრობლემას წარმოადგენს მასწავლებელთა ასაკობრივი ზღვარი: „მათემატიკას მასწავლიდა 79 წლის ქალი, სამჯერ ხელში ლამის ჩამაკვდა...“ „ასაკში რომ შედის მასწავლებელი, აკლდება დისციპლინა. ჩემს მასწავლებელს ეძინა გაკვეთილზე...“ - იუმორით იხსენებენ რესპონდენტები.

განათლების დაბალი დონის მიზეზად ასევე სახელდება სასწავლო ლიტერატურა, რომელიც ყოველწლიურად იცვლება და რომელშიც ხშირია შეცდომები. მოქალაქეთა აზრი ბავშვთა განათლების დონესთან დაკავშირებით ორად გაიყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემა მასწავლებელშია, ნაწილი კი ამ პრობლემას თავად ბავშვში ხედავს - ბევრ რამეს სოციალური ფონი განაპირობებს, კერძოდ, მშობლების საზღვარგარეთ ყოფნა - ბავშვს ამ დროს სითბო და სიმკაცრე აკლია: „30 ბავშვიდან მარტო 5-ს ჰყავს მშობელი აქ და დანარჩენის ყურადღება გამახვილებულია იმაზე, „რა ჩამოგვივა ამანათით...“

გამოკითხულები უარყოფითად ხვდებიან განათლების სისტემაში დანერგილ ინოვაციებს, კერძოდ, პროტესტს გამოთქვამენ 10 გამოცდის ჩაბარების თაობაზე. მიიჩნევენ, რომ წელიწადნახევარში 10 საგნის სრულ-ყოფილად შესწავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ სკოლებში სწავლა მინიმალურ დონეზეა დასული და აუცილებელი ხდება რეპეტიტორთან მომზადება. მონაწილეები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, სკოლებში გაიზარდოს რელიგიის როლი, კერძოდ, სკოლას ჰყავდეს თავისი მოძღვარი.

სერიოზული პრობლემებია ბიბლიოთეკების მუშაობაში: „რამდენჯერმე ვიყავი, მაგრამ იქ არავინ იყო.“ - აღნიშნა რესპონდენტმა. ბიბლიოთეკების უმეტესობა ვერ ახერხებს მკითხველთა მომსახურებას თანამედროვე ლიტერატურით, მათი სარეზერვო არეალი შედგება მხოლოდ საბჭოთა პერიოდის წიგნებისაგან.

გასართობი საშუალებები ქუთაისში თითქმის არ არსებობს. გამოკითხულთა აზრით, გასართობი საშუალებების არსებობა ქალაქში აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეთიკურ ღირებულებებს და ნორმებს. უნდა იყოს საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც მოხდება აზრების, იდეების გაცვლა. სურთ, რომ არსებობდეს ლიტერატურული კაფეები, რომლებიც ახალგაზრდებში ინტელექტუალურ დონეს აამაღლებს. ქალაქში კი არსებობს რამდენიმე დასასვენებელი პარკი, მაგრამ იქ არაა გასართობი საშუალებები, ატრაქციონები. ქალაქში გაიხსნა ყინულის მოედანი, მაგრამ სიძვირის გამო მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ახერხებს იქ მისვლას.

 

***

გაზიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები, არ აწუხებს ქუთაისის მოსახლეობას, ზოგადად, ერთადერთი, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, არის მაღალი ტარიფები და საბანკო სექტორის მიერ მომსახურებისათვის დაწესებული გადასახადი: თვეში 50 თეთრიდან ლარ-ნახევრამდე, როგორც მინიმუმ, უნდა გადაიხადო.“

 

***

ქუთაისის უბნების უმეტესობისათვის ელექტროენერგიის მიწოდება არ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა, არის ცალკეული უბნები, რომლებსაც ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება უამინდობის დროს: „ქარი როგორც ამოვარდება, ეგრევე ქრება შუქი, ქარი რომ ჩადგება, 2 საათში მოდის,“ - ამბობს რესპონდენტი.

 

***

ქუთათურების თქმით, ცენტრალური ქუჩები, ძირითადად, განათებულია, რასაც ვერ ვიტყვით ჩიხებზე. ქალაქის სრული განათებისათვის მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და იმედოვნებენ, რომ ეს პრობლემაც დროთა განმავლობაში გადაიჭრება.

 

***

ქუთაისში სერიოზული პრობლემებია შექმნილი გზებთან დაკავშირებით - მათი უმეტესობა დანგრეულია. რესპონდენტთა თქმით, გზების სარემონტო სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ შესრულებული სამუშაო ხშირად უხარისხოა, რის გამოც დაგებული გზები ისევ იყრება. მოსახლეობის განცხადებით, „ქალაქგარეთ უფრო კარგი მდგომარეობაა, ვიდრე ქალაქში...“ ტრანსპორტით მგზავრობა შესაძლებელია მხოლოდ საღამოს 8 საათამდე, უფრო მოგვიანებით გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სტუდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მგზავრობის ღირებულების გამო. მათ არ გააჩნიათ სტუდენტური ბარათები, რომლის მეშვეობითაც ისარგებლებდნენ შეღავათიანი ტარიფებით.

 

***

ქუთათურების თქმით, ცენტრალური ქუჩები, ძირითადად, განათებულია, რასაც ვერ ვიტყვით ჩიხებზე. ქალაქის სრული განათებისათვის მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ ეს პრობლემაც დროთა განმავლობაში გადაიჭრება.

 

რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა გლობალური პრობლემა, რომელიც მდგომარეობს სამუშაო ადგილების არარსებობაში. მოსახლეობის მოთხოვნა ასეთია: „ნებისმიერ ადგილას ვიმუშავებდი, ოღონდ იყოს.“

რესპონდენტებს მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ ინვესტორების შემოსვლა. ისინი აქ იწყებენ გარკვეულ ბიზნესს, რადგან მოგებას იმით ნახავენ, რომ დასაქმებულთა ანაზღაურება და სამუშაო პირობები ძალიან ცუდია.

 

კორპუსებში არის ბუნკერები, მაგრამ მათი გასუფთავება არ ხდება სისტემატურად, რის გამოც გაჩნდა ანტისანიტარია. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ან უნდა გაუქმდეს ეს ბუნკერები, ან მოხდეს მათი სისტემატური გასუფთავება... საყოფაცხოვრებო ნარჩენები იყრება ძირს, როცა ქარია, ეზოებშიც კი შედის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად მოსახლეობა აბინძურებს გარემოს: „შინაგანი კულტურა არ გვაქვს!“ მწარედ დასძინა რესპონდენტმა.

მათ სჯერათ, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისაკენ. სწორედ ამიტომ „სახალხო მანიფესტმა“ ანგარიში წარუდგინა როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რათა უკეთ დაინახონ ხალხის გაჭირვება და დაეხმარონ მათ. რაც მთავარია, არ დაივიწყონ, რომ ქუთაისში გასაკეთებელი კიდევ ბევრია...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია