დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თვალითუნახავი პროექტის მონიტორინგი
2009/07/02 08:30:43

„მილენიუმის“ 27-მილიონიანი მილებიდან წყლის წამოსვლამდე წინ კიდევ სამუშაოებია. ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების შესახებ დაპირება კი 2006 წელს გაიცა.

„სამწუხაროდ, განსახორციელებელი სამუშაოების ერთიანი გეგმა ქუთაისის სინამდვილეში არ განხილულა, მოთხოვნის მიუხედავად, ვერც მივიღეთ და ვერც ვნახეთ იგი. რაც შეეხება მოთხოვნას მისი განხილვის შესახებ, რატომღაც, უყურადღებოდ დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან,“ - აღნიშნავს მონიტორინგის ჯგუფი. ეს ჯგუფი  იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციასთან ჩამოყალიბდა.

„ასა“-ს ანკეტური გამოკითხვის მიხედვით კი (გამოკითხულია 1000 რესპონდენტი, გამოკითხვა მიმდინარეობდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა იმერეთის წყალმომარაგებისა და დასუფთავების პროგრამების“ ფარგლებში), გამოკითხულთა 72,7 % წყალმომარაგების პროექტს საერთოდ არ იცნობს, ხოლო კითხვაზე - ვისი ინტერესებია ჩადებული პროექტის განხორციელების იდეაში? - 53, 1% თვლის, რომ წყალსადენის.დღეისათვის ცნობილია მუშაობის მიმდინარეობა მხოლოდ ერთი კომპონენტის მიხედვით: ესაა წყლის გაყვანილობის მილების გამოცვლა, ხოლო დანარჩენი მიმართულებების მიხედვით მუშაობის დეტალები უცნობია. მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, დღემდე არ შეინიშნება წყლის დაღვრის აღმოფხვრა, ბუნდოვანია, რა ხდება ძირითად ჭაბურღილებსა და გადამცემ სატუმბ სადგურებში, გუმათის ჭაბურღილთან დაკავშირებით. ასევე ინფორმაციის უქონლობის გამო გაურკვეველია, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა კანალიზაციის პრობლემების მოსაგვარებლად და რა ხდება წყლის ინდივიდუალურ მრიცხველებთან დაკავშირებით.

მონიტორინგის ჯგუფი ცხრა ქუჩის დათვალიერების შემდეგ აღნიშნავს, რომ ზოგან სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, ხოლო რამდენიმე ქუჩაზე საერთოდ არ არის დაწყებული. ასეთებია: ასლანიკაშვილის, რიონჰესის, თომაშვილის, განათლების, პეტრე იბერის, ბაგრატის, კოსტავას და ნიუპორტის ქუჩები, ხოლო ტყიბულის ქუჩის მოსახლეობა გაკვირვებას გამოხატავს, რადგანაც მათთან მაგისტრალური მილიდან დაღვრა არ შეინიშნებოდა, ხოლო  მიმდებარე ნიჟარაძის ქუჩა კი მიაქვს წყალსადენიდან დაღვრილ წყალს.

მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ შაუთიძე აღნიშნავს, რომ მონიტორინგს აზრი არ აქვს, თუ პროექტი არ იქნა:  „თბილისში საპროექტო ორგანიზაციაში ჯერ გვითხრეს, პროექტი არისო, მერე არ არისო, ისე რომ, ჩვენთვის არავის უჩვენებია“.

„ამ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ძალიან ნაკლებია ინფორმაცია. ახლახან გავიგეთ, რომ დამპროექტებელი კომპანია „გამა“ აღარ არის და „რამბულიემ“ წუნი დაადო მათ საქმიანობას,“ - აღნიშნავს ზაზა ხელაძე, „ასა“-ს თავმჯდომარე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია თვლის,  რომ ბევრი საკითხი გაურკვეველი რჩება, „დასავლეთის წყლის“ ჩამოყალიბების შემდეგ „ქუთწყალკანალი“ ერთ-ერთი სერვისცენტრი იქნება, ხოლო ამ კუთხით რა ვალდებულებას კისრულობს თვითმმართველობა და ვის ბალანსზე იქნება, ეს დაუზუსტებელია.

„დასავლეთის წყლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური პროექტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ წყალგაყვანილობის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი, როგორც ერთიანი, ისე ცალკეული ქუჩებისა, არსებობს და იგი შესაბამის სამსახურებს, პროექტრანტებსა და სამუშაოების შემსრულებლებს აქვთ.

წყლის დაღვრის პრობლემასთან დაკავშირებით „დასავლეთის წყალი“ თვლის, რომ წყალქცევები აქილევსის ქუსლი აღარ არის. პროექტი სწორედ მის ლიკვიდაციას ითვალისწინებს. გარდა პროექტისა, საწარმო საკუთარი სახსრებით ყოველდღიურად 5-6 დაზიანებული უბნის შეკეთებას ახერხებს (აქ გასათვალისწინებელია სირთულეები, დაზიანების ფართი და სიღრმე. ხშირ შემთხვევაში საავარიო ბრიგადებს უფრო მეტი ავარიული უბნის აღდგენა უწევთ). გარდა ამისა, საკუთარი ფინანსებით ორგანიზაციამ დაახლოებით 4-5 კილომეტრიანი ძველი წყალგაყვანილობის ქსელი ახლით შეცვალა.

ეს სამსახური ტუმბოების და ჭაბურღილების მიმართულებითაც მუშაობს. დღეისათვის დასრულებულია ტენდერები და გამოვლენილია შემსრულებელი ექვს პოზიციაში. 2-3 კვირაში სათავე ნაგებობებზე დამონტაჟდება 50 ერთეული ვერტიკალური ტუმბო და ამდენივე მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი. უახლოეს ხანებში დაგეგმილია ფარცხანაყანებისა და მუხიანის სათავე ნაგებობების შემოღობვა, შენობის რეაბილიტაცია, ჭაბურღილების აღდგენა და სხვა რიგითი სამუშაოები. ამ ეტაპზე შპს “NEW ENERGY” უკვე ახორციელებს ჭაბურღილების აღდგენას.

რაც შეეხება გუმათის ჭაბურღილებს, საკვლევი სამუშაოები ჩატარებულია.        „წყალკანალმა“ შემსრულებელს გაუფორმა ხელშეკრულება ორი ჭაბურღილის აღდგენაზე, რაც შესრულებულია და გაზომილია ამოღებული წყლის მოცულობა (საათში 50 მ3). ამავდროულად, აღდგენილია გუმათიდან ჭომისკენ გადამტანი ხაზი, რომელიც 600 მ წყლის სიღრმეში მდებარეობდა და არ ფუნქციონირებდა. მეორეს მხრივ, დამატებით ორ ჭაბურღილზე ქალაქის მერიამ ხელშეკრულება კერძო ინდმეწარმესთან გააფორმა.

სამ თვეში იტალიური ფირმა “B-METERS“–ის მიერ გამოიგზავნება 22 ათასი წყალმზომი მრიცხველი, რომელიც პირველ ეტაპზე კერძო მოსახლეობაში დამონტაჟდება.

ყველასათვის ცნობილია, რომ შპს        „წყალმშენის“ მიერ სრულიად ახალი წყალგაყვანილობის მაგისტრალური ქსელით იქნა უზრუნველყოფილი ილია ჭავჭავაძისა და ახალგაზრდობის გამზირი. ხოლო შპს “NEW ENERGY” 28 ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. დღეისათვის უმეტეს ნაწილზე სამუშაოები დასრულებულია.

კანალიზაციის ძალიან პრობლემატური საკითხის მოგვარება, „დასავლეთის წყლის“ ინფორმაციით, ავტოქარხნიდან დაიწყება. მალე უნდა ამოქმედდეს ახალი სარეაბილიტაციო პროექტი        „ქუთაისი“, რომელიც ჯერ ავტოქარხნის დასახლების წყალგაყვანილობის სისტემისა და საკანალიზაციო ქსელის სრულ შეცვლას ითვალისწინებს, ხოლო შემდეგ - დანარჩენი ქუჩებისას.

სულ მალე, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტენდერები მრიცხველების დამონტაჟებაზე, ჰორიზონტალური ტუმბოების შეძენა-დამონტაჟებაზე, მეორადი გადამქაჩი სადგურების რეაბილიტაცია-გამრიცხველიანებასა და რეზერვუარების აღდგენა - ახლით შეცვლაზე (სულ ქალაქის რეზერვუარების ტევადობა 85 მ3 გახდება. 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო 121 3). დაიდგმება მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები. ყოველივე ეს კი, საბოლოოდ, 30%-ით შეამცირებს მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯებს. მინიმუმამდე დავა წყლის დანაკარგები, გაიზრდება წყლის მოცულობა და მიწოდების ხანგრძლივობაც (პირველ ეტაპზე ყოველდღიური 12 საათი, თანდათანობით გაზრდის პერსპექტივით). შემცირდება საექსპლუატაციო ხარჯებიც - აღნიშნავენ „დასავლეთის წყალში“.

მონიტორინგის ჯგუფის პრეტენზია რძისფერ წყალზეც ვრცელდება, რასაც ისინი ზედმეტ დაქლორვას მიაწერენ, მაგრამ ამას „დასავლეთის წყალში“ სხვა მიზეზით ხსნიან: რძისფერ წყალს ჭარბი წნევა და სასმელ წყალში ჰაერის არსებობა განაპირობებს და არა - ქლორის ჭარბი რაოდენობა. არსებობს ქლორირების სტანდარტის ზედა და ქვედა ზღვარი, რომლის იქით გადაცდენა შეუძლებელია. ამას დოზატორი უზრუნველყოფს.

მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩამოთვლილ, გრაფიკს აცდენილ ქუჩებთან დაკავშირებით „დასავლეთის წყალი“ აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილი ქუჩები გრაფიკში ჩასმულია და გათვალისწინებულზე ადრე დაიწყება იქ მუშაობა. რაც შეეხება ტყიბულის ქუჩას, იგი პროექტშია ჩასმული. ხოლო ნიჟარაძისქუჩაზე, სხვა დარჩენილ ქუჩებთან ერთად, შემდგომ პროექტში იქნება გათვალისწინებული.

შპს „დასავლეთის წყალი“ უკვე ჩამოყალიბდა, მხოლოდ საორგანიზაციო სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. რაც შეეხება ქუთაისის „წყალკანალს“, შემდგომში სერვის-ცენტრს, იგი ისევ ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის ბალანსზე დარჩება.

„დასავლეთის წყლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნავს, რომ მათთვის უცნობია ხელოვნურად შეკოწიწებული მონიტორინგის ჯგუფის არსებობა, რომლის წევრებს, ალბათ, არ აქვთ შესაბამისი განათლება. მათი თქმით, კომპანიას ურთიერთობა აქვს ექსპერტებისა და სპეციალისტებით დაკომპლექტებულ მონიტორინგის ჯგუფთან, რომლებიც რეგულარულ კონტაქტში არიან, როგორც პროექტის, ისე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებლებთან, ხოლო იმ არასამთავრობომ, რომელიც წყალსადენის თემითაა აჟიტირებული, „დასავლეთის წყლის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მადლიერებაც კი გამოთქვა შესრულებული სამუშაოებისათვის.

მას შემდეგ, რაც 24-საათიანი წყალ-მომარაგების დაპირება 12-საათიანი გრაფიკით შეიცვალა, ქალაქში ამის მაუწყებელი ბილბორდიც გაქრა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია