დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მასწავლებლები ხელფასებს ითხოვენ
2010/04/19 13:18:48

15 აპრილს თვითმმართველობის საკრებულოს სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა სასწავლებლის დირექტორი ვალენტინა მახათაძე დახმარების სათხოვნელად  იყო მოსული. სამი თვეა, სასწავლებლის თანამშრომლებს ხელფასი არ აუღიათ. საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ხვადაგიანმა, მათი პრობლემის განხილვა მომდევნო სხდომისათვის გადადო.

სასწავლებლის დირექტორმა და პედაგოგებმა ამ პრობლემის შესახებ „P.S.“-საც უამბეს.

ვალენტინა მახათაძე, დირექტორი: „ინვალიდთა სასწავლებელი მდებარეობს ნიკეას დასახლებაში. გვყავს 42 მოსწავლე. ბავშვებს ვასწავლით ტანსაცმლის მხატვრულ მოდელირებას, საბუღალტრო აღრიცხვას, მდივან-რეფერენტობას, ოფისის მენეჯერობას და კომპიუტერს. უკვე მეოთხე თვეა, უფასოდ ვმუშაობთ, დეკემბრის შემდეგ ხელფასი არ მიგვიღია. ჩვენ 2004 წლიდან ხელფასს სხვადასხვა ხარჯიდან, სუბსიდიის სახით გვაძლევდნენ, მაგრამ დღეს სულ მიგვატოვეს. უკვე მერამდენედ მოვდივარ მერიაში, ამ პრობლემის სააშკარაოზე გამოსატანად. ამას წინათ მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე საკრებულოს კაბინეტში იყო, რომ გავიგე, შევაჭერი, პირდაპირ შევედი. იქ იყვნენ: გია არაბიძე, მერაბ მეშველიანი, ლევან კირკიტაძე და სხვები. როდესაც გავაცანი ჩვენი გულისტკივილი, მათ გვიპასუხეს, რომ მოდით, გადავიყვანოთ ეს სასწავლებელი აიპზე - სიმართლე გითხრათ, იმ წუთში ვერ გავიგე, რა იყო აიპი!.. არ ვიცოდი და რა მექნა? - თურმე ყოფილა არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი, სადაც გვიპირებდნენ გაწევრიანებას, მაგრამ ყოფილმა ქალაქის მერმა შამუგიამ მხარი არ დაგვიჭირა. დაფუძნება ხდებოდა იქ და ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იყო. თქვენ რომ ნახოთ ინვალიდების ნაშრომები, გაოცდებით. ისინი სასწავლებელში თავს სრულფასოვნად გრძნობენ. მშობლებს მოჰყავთ ბავშვები, დაგვისვამენ გაკვეთილზე, თავად ელოდებიან დამთავრებას, რომ შინ წაიყვანონ. ბევრი მშობელი ამბობს, რომ სახლში ბავშვებს ვეღარ ვაჩერებთო.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ეს მეორე სემესტრი დაგვიფინანსონ, სამსახურის უკან ხომ ოჯახი გვყავს. თუ კი აიპზე გადაგვიყვანენ, უდიდესი დახმარება იქნება ინვალიდებისთვის და ჩვენთვისაც. ჩვენ ვერ ვუღალატებთ მოსწავლეებს, ისინი ხატავენ, კომპიუტერს ფლობენ და ასე შემდეგ. ერთხელ აკაკი ბობოხიძემ მართლაც კარგად თქვა:   „ინვალიდები ჩვენი შვილებია. თუ თბილისი არ დააფინანსებს, ჩვენ უნდა დავაფინანსოთ ისინი.“ აი, ზუსტად ეს სიტყვები მინდა შევახსენო, რომ ჩამოვა აქ აკაკი ბობოხიძე. დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა თქვა, რომ ამ საკითხს განმეორებით შევისწავლი და შემდეგ საკრებულოს სხდომაზე მოგახსენებთო. გუბერნატორი და ქალაქის მერიც დახმარებას დაგვპირდნენ. ვნახოთ, რა მოხდება, იქნებ დაგვაფინანსონ.

გიული ცანავა, პედაგოგი: „პედაგოგებს იანვრიდან არ მიგვიღია ხელფასი... როგორ მივატოვოთ ბავშვები? რა ავუხსნათ მათ, ჩვენ ხელფასებს არ გვიხდიან და სახლში წადითთქო. ამას ვერ ვეტყვით, ჯერ ერთი, უფლებაც არ გვაქვს.“

იამზე კილაძე, კომპიუტერის პედაგოგი: „რამდენი ხანი გავიდა და ვერ დაგვიდგინეს, ქუთაისს ვეკუთვნით თუ თბილისს. ჩვენ მორალური უფლება არ გვაქვს, რომ უხელფასობის გამო მივატოვოთ ბავშვები. ბავშვებს ვეძახით, მაგრამ მარტო ბავშვებიც არ არიან, გვყავს 45 წლამდე ასაკის ადამიანებიც, მანამდე შინიდან რომ არ გამოდიოდნენ. ჩვენთან სწავლობენ კომპიუტერს, ისინი სრულფასოვნად გრძნობენ თავს საზოგადოებაში. ეს არის ზუსტად ჩვენი დანიშნულება და ჩვენ ვთხოვთ ყველას, ვისაც დახმარება შეუძლია, გვერდით დაგვიდგნენ.“

ლალი გოგაშვილი, კანცელარიის სპეციალისტი: „ჩვენს ფინანსურ პრობლემასთან ერთად სხვა პრობლემაც გვაქვს: სასწავლებლის შენობაში 35 დევნილი ოჯახია შესახლებული. ისინი თუ გადაიყვანეს, მერე გვინდა დაწესებულება დღე-ღამის ცენტრად აღვადგინოთ, მგონი ასე ბავშვებისათვისაც უფრო უკეთესი იქნება. რა ვიცი, მე მგონი კარგ საქმეს ვაკეთებთ ნამდვილად, მაგრამ არავინ გვიფასებს. მარტო იანვრიდან კი არ არის, ხელფასი აუღებელი, არამედ გასული წლის ექვსი თვის ხელფასიც არ მიგვიღია...“

ფატიმა შალამბერიძე, მედდა: „ბავშვებს რაიმე რომ გაუჭირდებათ, მთელი სულით და გულით შემოდიან ჩემთან, შეიძლება არაფერი სტკიოდეთ მათ, მაგრამ უნდათ, ფსიქოლოგიურად დავარიგო. მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. მოვითხოვთ მთელი კოლექტივი დაფინანსებას, რაღაც თანხა ხომ გვინდა მედიკამენტის შესაძენად, სრულფასოვნად რომ გავუწიოთ სამედიცინო დახმარება ბავშვებს.“

ინვალიდთა სასწავლებლის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ მათი საკითხი საკრებულოს მომდევნო სხდომაზე ნამდვილად გავა და ქალაქის რჩეულნი გულთან ახლოს მიიტანენ მათ სატკივარს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია