ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროგრამა თითქმის სამი წელია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ღირებულება 13,3 მილიონი ევროა. აქედან სესხი, რომელიც EBRD-მა ქუთაისის წყალს მისცა, 3 მილიონი ევროა, SIDA-ს და MCG-ის მიერ გამოყოფილი გრანტი კი 7 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით გამოყოფილი 1,8 მილიონი ევროც ემატება. პროექტის მენეჯმენტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ხოლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა ქუთაისის მერიას და შპს „დასავლეთის წყალს“ ეკისრებათ.
პროექტირება ნაწილობრივ შპს „გამამ“ გააკეთა, თუმცა მასში ცვლილებებიც მიმდინარეობს. პირველი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტის განხორციელებაზე 2008 წლის 19 მაისს გამოაცხადა. თუმცა მანამდე სატენდერო განცხადება 2006 წლის 16 მაისს გამოქვეყნდა. სასესხო ხელშეკრულება 2006 წლის 15 სექტემბერს დაიდო.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოება იმერეთის წყალმომარაგებისა და დასუფთავების პროგრამებში“, რომელსაც ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია „ასა“ ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორობით ასრულებს, ქალაქში სასმელი წყლის პროექტის განხორციელებას აკვირდება. ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე ამბობს: „პროექტი, ფაქტობრივად, არ არსებობს და ამის დამადასტურებლად შპს „ქუთწყალკანალის“ დირექტორის ივანე მაღლაკელიძის წერილიც შემიძლია გაჩვენოთ, რომელიც 2009 წლის 27 თებერვლით თარიღდება.“ წერილში წერია: „ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დამუშავებულია 2006-2007 წლებში სამეცნიერო-საკვლევი ფირმა „გამას“-ს მიერ, რომელმაც გაიარა საქართველოში სახელმწიფო ექსპერტიზა. 2008 წლის დასაწყისში დონორმა ორგანიზაციებმა ტენდერის საშუალებით შეარჩიეს ორგანიზაცია „რამბოლი“, რომელიც ჩაუტარებდა პროექტს ექსპერტიზას და ტექნიკურ ზედამხედველობას გაუწევდა მშენებლობას. პროექტის მიმდინარეობა ამის გამო შეფერხდა. „გამას“ მიერ დამუშავებული პროექტი დაიშალა. დღესდღეობით მიმდინარეობს კორექტირება აღნიშნული პროექტისა და, ფაქტობრივად, მიმდინარე სამუშაოების პროექტის. რაც შეეხება პროექტის მუშა ნახაზებს, ვიმედოვნებთ, კორექტირებულ ნაწილებს მივიღებთ და გადმოგიგზავნით დაუყოვნებლივ.“
შპს „დასავლეთის წყალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „21 ქუჩაზე დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაახლებულია მაგისტრალური ქსელი თავისი განშტოებებით (გადამყვანებით). სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირსა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე, ხოლო გელათის, განათლების, ნიუპორტის, კოსტავას, პეტრე იბერის ქუჩებსა და ახალგაზრდობის ქუჩის მე-2 შესახვევში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გრაფიკის მიხედვით დაიწყება. რაც შეეხება სათავე ნაგებობებს, wilo-ს ფირმის 50 ერთეული ვერტიკალური ტუმბო შეძენილია და მიმდინარეობს ჭაბურღილების მოწყობა. კერძოდ, გარეცხილია 11 ჭაბურღილი, გალესილია ჭაბურღილის 10 შენობა, დამიწების კონტური გაკეთებულია 6 ჭაზე. მიყვანილია და გაკეთებულია 32 ჭაბურღილზე მისასვლელი გზა. დაწყებულია 12 ჭაბურღილის მონტაჟი, რომელსაც ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა NEW ENERGY. უახლოეს ხანებში დაიწყება ახალი პროექტი, რომელიც ავტოქარხნის დასახლების წყალგაყვანილობის სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.“
გრაფიკით გელათის, განათლების და ნიუპორტის ქუჩაზე სამუშაოები 2009 წლის მესამე კვარტალში უნდა დასრულებულიყო. „ასას“ ხელმძღვანელის ზაზა ხელაძის თქმით: „პერიფერიებში, ასე ვთქვათ, „ახალტურებენ“ და არ აკეთებენ ხარისხიანად, ვიდრე ეს ცენტრში კეთდება. მაგრამ გეტყვით, რომ იყო ისეთი ქუჩები, რომელიც პროექტში გამორჩენილი იყო. საინტერესოა, ვის შეეშალა - იმას, ვინც პროექტი გააკეთა?“
EBRD-ისგან აღებული სესხის დაბრუნების ვადები და მომსახურების პირობები მუხლების მიხედვითაა გაწერილი. სესხის ხანგრძლივობა 15 წელია, სამწლიანი შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით. გადახდა მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან იწყება და 2021 წლის 21 მაისს მთავრდება. ვალი ყოველწლიურად 125 000 ევროს გადახდით, კურსის შესაბამისად უნდა დაიფაროს. როგორც შპს „დასავლეთის წყლის“ ხელმძღვანელობამ შეგვატყობინა, „დროში გაწელილი საპროექტო სამუშაოების გამო ეკონომიკური ეფექტი, კერძოდ, ენერგოეფექტი კომპანიას არ მიუღია, რაც არსებულთან შედარებით დაბალი სიმძლავრის ვერტიკალურ და ჰორიზონტალური ტუმბოების დამონტაჟებას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვალდებული ვართ, გადავიხადოთ და ვიხდით კიდეც სასესხო ხელშეკრულებით დაკისრებულ თანხებს. 2008 წელში, მაშინდელმა შპს „წყალკანალმა“ ვალდებულების გადასახადი - 60 ათასი ლარი დაფარა. 2009 წელში კი - 17 ათასი ლარი პროცენტის სახით. ხოლო 2009 წლის 21 ნოემბერს, უკვე შპს „დასავლეთის წყალი“ გადაიხდის 125 ათას ევროს და პროცენტის თანხას - 8 ათას ევროს.“
ასოციაცია „ასა“-ს ხელმძღვანელობამ კი პროექტში მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს თხუთმეტივე დეპუტატს წერილი მისწერა. „თუმცა დღემდე არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია ამ ფაქტს. პროექტის ჩაბარებამ 2010 წლამდე გადაიწია. საინტერესოა ვალის გადახდა როგორ მოხდება, რადგან ქუთაისის „წყალკანალს“ არ აქვს ამ ვალის გადახდის საშუალება. მაშინ ვინ გადაიხდის? გამოდის, რომ ქუთაისის ბიუჯეტიდან წაიღებენ ამ ფულს. ქუთაისში ბილბორდზეც კი გაქრა წარწერა, რომ ქუთაისს 24 საათიანი სასმელი წყალი ექნება. იქ წერია უდეფიციტო. მაგრამ რას ნიშნავს დეფიციტი? არ მგონია, საზღვარგარეთიდან შემოგვქონდეს წყალი? დეფიციტი წყლის არქონას ჰქვია, როცა წყალს ვერ კრებ. ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა. ახლა კი ხელოვნურად შეზღუდული წყლის მოწოდებაა. ლოზუნგის შეცვლა გამოიწვია იმან, რომ მიხვდნენ - ეს ყველაფერი არასაკმარისი ღონისძიება იყო. პარალელურად კი არაკეთილსინდისიერად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. არის ტექნიკური და სამშენებლო დარღვევები, რაც თავიდანვე იყო. ასევე ხდება არასწორი გადაბმები, რის გამოც რამდენიმე ქუჩა უკვე მწყობრიდან გამოვიდა,“- აღნიშნა ზაზა ხელაძემ.
ამ ეტაპზე კი 28 ქუჩაზე წყალგაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის საერთო ღირებულება 5, 420 ათასი ლარია. სამუშაოების შემსრულებელია კომპანია NEW ENERGY. შემდეგი ეტაპი გამრიცხველიანებაა, რომელიც მოხმარებული წყლის რაოდენობას თითოეულ ოჯახს დაუთვლის. ამისთვის 22 000 მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს, რომლის საერთო ღირებულება 425 000 ევროა. მრიცხველებს იტალიური ფირმა B-Meters-სგან შეიძენენ, მათი მონტაჟისთვის კი ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.