დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
19 აპრილიდან ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები განახლდება
2010/04/19 13:11:32

ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები, მწვავე დებატების შემდეგ, უკვე სამი თვეა, შეჩერებულია. რამდენიმე კვირის წინ იუნესკოს წარმომადგენლებმა ადგილზე დეტალურად შეისწავლეს ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების ყველა დეტალი. მათ ოფიციალური კომენტარები ადგილზე არ გაუკეთებიათ და დღემდე დასკვნაც არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ამ დასკვნის დადებამდე ბაგრატის ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება. სამუშაოების დაწყებას ბაგრატის ტაძრის ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ ქაჯაია ოფიციალურად გვიდასტურებს. მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

 

- ბატონო ზურაბ, როდისთვის განახლდება ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები და არსებობს თუ არა იუნესკოს ოფიციალური დასკვნა სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით?

- ოფიციალური დასკვნა ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. მაგრამ ჩვენ დასკვნის ყველა პირობა ვიცით, რომ მათ არავითარი საწინააღმდეგო არ აქვთ სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით. როცა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა იყო ქუთაისში ჩამოსული, აღნიშნა, რომ ჩვენ ბაგრატის ტაძარს მაინც აღვადგენთ, რა წინადადებაც არ უნდა ჰქონდეს იუნესკოს. ჩვენთვის ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იუნესკოს ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს. თუმცა მათ აქვთ გარკვეული შენიშვნები, რომელიც გათვალისწინებული იქნება.

- და როდიდან დაიწყება სამუშაოები?

- არქეოლოგიური სამუშაოები უკვე დამთავრებულია და ორშაბათიდან, 19 აპრილიდან, კედლების და საძირკვლის დამატებითი გამაგრება დაიწყება.

- სარემონტო სამუშაოები ძველი, უკვე არსებული პროექტით განახლდება, თუ მოხდა მასში ცვლილებები?

- სარესტავრაციო სამუშაოები იმ მასალების გამოყენებით განახლდება, რაც დღეს არის ქვეყანაში. თუმცა ზოგიერთ ადგილზე ის ძველი დეტალები დაემატება, რაც ფასადისთვის არის გათვალისწინებული. მაგრამ ნამდვილად გეტყვით - ის, რომ ფუნდამენტში კვერცხი იქნეს გამოყენებული, შეუძლებელია. დღეს თანამედროვე სამშენებლო მასალები იძლევა იმის საშუალებას, რომ საკმაოდ მყარად მოხდეს ძეგლის აღდგენა-გამაგრება. აღდგენის შემდეგ ძეგლი, ყველაზე მცირე, 8 ბალიან მიწისძვრას გაუძლებს. პროექტი რომ დასრულდება, ტაძარი პირვანდელი სახით იქნება აღდგენილი ისე, როგორც ეს პრეზიდენტმა ბრძანა. ამავე აზრზეა პატრიარქიც და ჩვენი მეუფეც. ჩვენ გვინდა, რომ ბაგრატის ტაძარი იყოს მოქმედი, ისე როგორც გელათი და მოწამეთა.

- რა ვადებში უნდა დასრულდეს ტაძრის აღდგენა?

- 2012 წლამდე ბაგრატის ტაძრის აღდგენა დასრულებული უნდა იყოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები ინტენსიურად წავა. თუმცა ფაქტია, რომ იმ აჟიოტაჟის გამო სამუშაოები სამი თვის მანძილზე შეჩერებული იყო. მაგრამ აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად დაიწყება და ამ სამუშაოების მიმდინარეობით თავად პრეზიდენტია დაინტერესებული. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას მიმდინარე ტერიტორიაზე და ციტადელის აღდგენას - ეს პარალელურად გაკეთდება, თუმცა ძნელი სათქმელია, მოესწრება თუ არა მათი მშენებლობა 2012 წელს. 2014 წლისთვის კი ბაგრატის ტაძრის კომპლექსი სრულად დასრულდება.

- რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ვინ გაიღებს საჭირო თანხას?

- პროექტს სრულად აფინანსებს სახელმწიფო და შესაბამისი სამინისტრო. თანხა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ერიცხება. ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ცალკე კომპლექსისთვის და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად - 3 მილიონი ლარი.

- იუნესკოს წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ, ხომ არ გამოთქმულა აზრი იმის შესახებ, რომ აღდგენით სამუშაოებში უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთონ?

- იუნესკოს წარმომადგენლები ასეთ საკითხებში იშვიათად მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში მათ არ გამოუთქვამთ აზრი და სურვილი უცხოელი სპეციალისტების ჩარევის თაობაზე. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ გვყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ, აღადგინონ ტაძარი, მაგრამ, თუ დაგვჭირდება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, არც ეს იქნება პრობლემა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია