დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები საქართველოში?
2010/03/15 13:07:28

მარინა მჟავანაძე, ექიმი, 67 წლის: „ძალიან ხშირად ირღვევა ყველანაირი კუთხით, ყველგან ისეთი მდგომარეობაა, რომ ადამიანი იფიქრებს: რატომ? მეც ხომ ამ ქალაქის მკვიდრი ვარ, რატომ არ უნდა მქონდეს მეც ისეთივე უფლებები, როგორც კაბინეტებში მსხდომ თანამდებობის პირებს? მე ვლაპარაკობ ყოველდღიურ დარღვევებზე, თუნდაც ბაზარში რომ ჩაიაროთ, ქუთაისი ისეთი ქალაქია, შეიძლება კი ასეთ პირობებში იყოს? ასეთ კუთხე-კუნჭულში, ტალახში უნდა იყიდებოდეს ხაჭაპური? მას ხომ ადამიანი ყიდულობს და ჭამს.

დალი წულუკიძე, ბიოლოგი, 65 წლის: „ირღვევა, ყოველდღე. ტელევიზიით აცხადებენ, გერმანიაში ირღვევა ადამიანის უფლებებიო და აქ, საქართველოში, რატომ გიკვირთ.“

ახალგაზრდა ვაჟი (ვინაობის გამხელა არ ისურვა): „დაიჭერენ ხალხს, სცემენ - ეს არ არის დარღვევა? მიბრძანდით ციხეში და გაიგებთ, თუ როგორ სცემენ და კლავენ პატიმრებს, სისხლითაა შეღებილი საკნები. თვითონ სამართალდამცავები ძალით ჯიბეში ნარკოტიკს გიდებენ და სხვა. ოთხჯერ ვიყავი „სროკზე“.

მამაკაცი (ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა ფოტოს გადაღების ნება დაგვრთო): „ირღვევა, აბა, არ ირღვევა? ყველანაირი კუთხით ირღვევა. აი, თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეები რომ დაარბიეს და სცემეს! გირგვლიანის მკვლელობაც დღემდე ტაბუდადებულია.“

ნათელა მინდიაშვილი, პენსიონერი, მეორე ჯგუფის ინვალიდი: „ხშირად ირღვევა, თითქმის ყოველდღე, რიგით ადამიანს არანაირი ფუნქცია არ გააჩნია და ცუდი მატერიალური პირობებიც თან ახლავს ამ ვითარებას.“

ხანდაზმული ქალბატონი (ვინაობა არ გაგვიმხილა): „ჩემი აზრით, დღესდღეობით ადამიანთა უფლებები დაცულია და ამ მხრივ ყველაფერი მოწესრიგებულია.“

საშა გოგნაძე, პენსიონერი: „დიახ, ბაბუ, საქართველოში ადამიანის უფლებები ყველანაირი კუთხით ირღვევა. 85 წლის კაცი ვარ, მუშაობის სტაჟი მაქვს 67 წლის და დღეს მომიგდებენ მათხოვარივით 90 ლარს - ამაზე მეტი დარღვევა შეიძლება?“

გოჩა მაისურაძე, სტუდენტი, 21 წლის: „ადამიანის უფლებები რომ არ ირღვეოდეს, ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია ხომ არ შეიქმნებოდა? „ენჯეოშნიკებს“ ჰკითხეთ და უამრავ მაგალითს დაგისახელებენ.“

შალვა ჩხეიძე, 40 წლის: „30 წლის ზევით ადამიანებს შრომისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების პირობები რომ არა აქვთ, სამსახურში რომ არსად იღებენ და სახელმწიფომ რამდენიმე თაობა გაგვაუქმა, ქუჩაში გაგვყარა, ეს არ არის ადამიანის მთავარი უფლების - შრომის უფლების დარღვევა?“

ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4200
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია