დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფიქრები იმერული ღვინოების კონკურსის შემდეგ
სომელიე-ჟურნალისტის ბლოგი: "გაუმარჯოს ოცხანურ საფერეს!"
ავტორი: ნატო გუბელაძე
2019/05/25 00:25:00

25 მაისს თერჯოლაში, ზედა საზანოში, იმერული ღვინის კონკურსის ჟიურის წევრობა მერგო პატივად, როგორც სომელიე-ჟურნალისტს.

 

ამ ახალი პროფესის დაუფლება, გამოცდილების მიღება და საერთოდ "ღვინის ჟურნალისტიკით" ჩემი დაინტერესება 2003 წლიდან, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პირველი დამაარსებლის და მისი პრეზიდენტის, ჩემი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, შალვა ხეცურიანის დამსახურებაა. სწორედ ამ ასოციაციასა და მასთან არსებულ "თბილისის ღვინის სკოლაში" შეძენილი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით ვცდილობ ამჟამად ტურიზმისა თუ ღვინის სექტორში პირველი ნაბიჯების გადადგმას, ღვინის ჟურნალისტიკა კი, ფაქტობრივად, ჩემს უსაყვარლეს საქმედ იქცა. 

 

სომელიეთა ასოციაციამ პირველებმა დავიწყეთ საქართველოში "ღვინის ეროვნული კონკურსის" ჩატარება და კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის წევრიც დღემდე ვარ, თუმცა ზედა საზანოში გამართულ იმერული ღვინის კონკურსის ჟიურის წევრობა პირველი იყო ჩემთვის, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამ კონკურსის ორგანიზატორს, საზანოელ მეღვინეს, გივი ჩუბინიძეს, რომელიც ამ კონკურსს უკვე მესამე წელია ატარებს და იგი ადგილობრივი ხატობის დღესასწაულს, ოქონობას უკავშირდება.

 

ჟიურიში ჩემს პირველად მონაწილეობას, ბუნებრივია,შინაგანი მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა, ეს მღელვარება კომისიის სხვა გამოცდილ წევრებთან ერთად მუშაობით მალევე დავძლიე და თერჯოლელთა მიერ წარმოდგენილ იმერულ ღვინოებში საუკეთესოებიც გამოვავლინეთ. 

 

ჟიურის წევრები იყვნენ ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანები: "ელკანას" პროგრამის ხელმძღვანელი თამაზ დუნდუა(თავმჯდომარე),ახალგაზრდა მეღვინე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მაგისტრანტი, გიორგი სხირტლაძე, კულინარიის ექსპედიციების ხელმძღვანელი, კულინარიის მკვლევარი ქეთი კვიჭიძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული დეპარტამენტის წარმომადგენელი. 

 

შედეგების მიხედვით აშკარად გამოიკვეთა, რომ თეთრ ღვინოებს იმერეთში მეტი ყურადღება და ტექნოლოგიური დახვეწა თუ სანიტარული წესების დაცვა სჭირდება, ხოლო აი, წითელ ღვინოებში - "ოცხანურ საფერესა" და "ალადასტურში" ნამდვილად დიდი პროგრესი იგრძნობა. ამის დასტურად აღვნიშნავ იმას, რომ მაშინ, როდესაც საუკეთესო ცოლიკაური საერთოდ ვერ შევარჩიეთ, სამაგიეროდ საუკეთესო ალადასტურისა და ოცხანური საფერეს ნომინაციაში 2 და 3 გამარჯვებული გამოვავლინეთ. ჩვენთვის, ჟიურის წევრებისთვის კი ასეთი შედეგები გახლდათ ორი აუცილებლობის მანიშნებელი: კვლავ და კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მეღვინეებისათვის ტრენინგების გზით ღვინის განათლების გაუმჯობესება და დროა, საქართველოში მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ "ოცხანურ საფერეს", როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშს, რომელიც თავისი ჯიშური თუ გემოვნური თვისებებით და სწორი ტექნოლოგიური პროცესის დაცვით ძალიან სხეულიან და მდიდარ ღვინოს გვაძლევს.

 

აქვე წარმოგიდგენთ ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო იმერულ ღვინოებს:

საუკეთესო ოცხანური საფერე - პირველი ადგილი თემო ცინაძის, "ცინოს ღვინოების" ოცხანურმა მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები წილად ხვდათ არჩილ კობახიძისა და შპს "საზანოს" ოცხანურებს.

 

საუკეთესო ალადასტურის ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა: შპს "საზანო" და "მაკარაძის მარანი";

 

საუკეთესო "კრახუნა" - გაიმარჯვა ვალერი გიორგაძის მარანმა;

 

საუკეთესო ციცქა - შპს "საზანო"

 

საუკეთესო "ციცქა-ცოლიკოური" - ლაშა გურულის მარანი "ენკენი"

 

საუკეთესო ცოლიკაური ვერ გამოვლინდა...

 

გამარჯვებულ მეღვინეებს გადაეცათ სპეციალური სიგელები და სიმბოლური ქვევრები. ასევე თავიანთი პრიზები გადასცეს მეღვინეებს "ელკანა"-ს ხელმძღვანელმა თამაზ დუნდუამ, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ და უნივერსიტეტის სტუმრებთან ერთად მყოფმა თურქეთში მცხოვრებმა ქართველოლოგმა, სტამბოლის შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ ორჰან ბერიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2774
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია