დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რაიონში ბიუჯეტს ხალხი კი არა, ფინანსთა სამინისტრო ადგენს
2009/11/30 11:52:09

25 ნოემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ოფისის საკონფერენციო დარბაზში თითქმის მთელი იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები შეიკრიბნენ. მიზეზი საია-ს ერთ-ერთი პროექტის შუალედური დასკვნებისა და რეკომენდაციების გაცნობა იყო. შეხვედრას ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელიც ესწრებოდა. ეს პროექტი საქართველოს 5 რეგიონში ხორციელდება. პროექტის სახელწოდება კი ასეთია: „ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების სამსახურში“.

ნინო თვალთვაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე: ჩვენ გვყავს ლიდერები, რომლებიც ამ პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში იკვლევდნენ პრობლემებს და დღეს ისინი ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით გაწეული მუშაობის ანალიზს წარმოგვიდგენენ.“

ახალგაზრდა ლიდერების გამოკვლეული პრობლემები ასე დალაგდა: შიდა გზები, წყალმომარაგება, ენერგოგამრიცხველიანება, გაზიფიცირება და სოციალურ პროგრამებში მოხვედრა.

მათ რამდენიმე კონკრეტული პრობლემაც გამოკვეთეს. მაგალითად, ის, რომ შორაპანში სკოლა ინგრევა, სკოლის ხელმძღვანელობამ თითქმის ყველა ორგანოს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ისიც, რომ გოდოგანში მოსახლეობა ბიბლიოთეკას ითხოვს, ხელისუფლება კი ამ მოთხოვნას არ უსრულებს. სხვათაშორის, ამ ბრალდებას პასუხი იქვე გასცა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თემურ ქოჩიაშვილმა. მან განაცხადა, რომ სოფლის ბიბლიოთეკებში არსებული წიგნები სკოლას გადასცეს, სოფელს კი, კონკრეტულად - გოდოგანს, სხვა იმდენი პრობლემა აქვს (რომლის მოგვარებასაც ცდილობენ), რომ მათთან ბიბლიოთეკა რა მოსატანია.

საია-ს ახალგაზრდა ლიდერებმა განსაკუთრებით ხონის მუნიციპალიტეტი შეაქეს. არ დაინდეს ვანი, სადაც თურმე მოქალაქის მიერ წერილობით გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას ასეთი პასუხი გასცეს: კიდეც რომ გეკუთვნოდეთ,მაინც არ მოგცემთო!

საჯარო ინფორმაციის გაცემა ისევ ირღვევა, ირღვევა მარტივი ადმინისტრაციული და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები, საკრებულოს სხდომების დანიშვნის კანონიერი ვადები და ისიც, რომ მისი დღის წესრიგი წინასწარ უნდა გამოქვეყნდეს. ვერც ბიუჯეტის პროექტის შემუშავება ჯდება კანონით დადგენილ ვადებში. თან ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში ადამიანებიც ნაკლებად არიან ჩართული.

ბიუჯეტში ჩართულობა საკრებულოს თავმჯდომარეებმა ყველაზე მეტად გააპროტესტეს.

„მაშინ, როცა ფინანსთა სამინისტრო ადგენს, რა რაოდენობის ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს, მაგალითად ჭიათურას, სად გავაგებინო ეს მე 300 თუ 400 ჭიათურელს?“ - განაცხადა თენგიზ მოცრაძემ, ჭიათურის გამგებელმა.

ხარაგაულის ბიუჯეტი კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ბრძოლისუნარიანი იქნებიან მისი გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომ ფინანსთა სამინისტროს რაც შეიძლება მეტი თანხა დაატოვებინონ. ამ შემთხვევაში ხალხი როგორ უნდა ჩავრთოთ ბიუჯეტის დაგეგმვაში? - იკითხა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა გუნცაძემ.

თუმცა, ისეთებიც იყვნენ, ხალხისთვის არაფრის ახსნას რომ არ აპირებდნენ. მაგალითად, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი.

„1500 ოჯახი რამდენიმე ხანია, ითხოვს თავისი სახლის წინ გზის გაკეთებას, თუმცა, არც ამ წელს გავუკეთებთ და არც მომავალ წელს, და არც მაგენისთვის იმის ახსნას ვაპირებ, რატომ არ გავუკეთებ, მაინც ვერ გავაგებინებ, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს თავისი პრობლემების მოგვარება მიაჩნია მნიშვნელოვნად,“ - განაცხადა მან.

საია და იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ 2010 წლის ბიუჯეტის პროექტების განხილვას ხალხთან ერთად შეეცდებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია