დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წინასაარჩევნო „ანგარიში ხალხს“
2009/11/09 13:12:13

გაზეთი „P.S.“ საკრებულოს ქუთაისელი წევრებისაგან ამომრჩევლისთვის ჩასაბარებელ ანგარიშს ისმენდა. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ამ თემას უფრო აქტუალურს ხდის. შესაძლოა, მათ საკრებულოში მოსვლის ხელახალი ამბიცია ისევ გაუჩნდეთ.

მათი ანგარიში იმდენად ვრცელი აღმოჩნდა, რომ დაეჭვების საფუძველსაც იძლევა, ეს ყველაფერი ნამდვილად ქუთაისში გაკეთდა თუ - არა.

ქუთაისის საკრებულოში ოთხწლიანი მოღვაწეობის ყველაზე დიდ მიღწევად პროექტი „ბიუჯეტი ხალხთან ერთად“ ითვლება. საკრებულოს უმრავლესობა თვლის, რომ 2009 წლის ბიუჯეტი ხალხთან ერთად დაიგეგმა. თუმცა ამ „სახალხო“ ბიუჯეტში ქუთაისელთა სოციალური დაცვის ღონისძიებების პროგრამაზე მხოლოდ 903000 ლარი რომ გაიწერა, ამაზე ადრეც მოგი-ყევით.

მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი სრულად ჩაიბარებს ანგარიშს,  თავად გადაამოწმებს მის რეალურობას, მანამდე კი:

საკრებულოს  თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი ჰყვება: „სკოლამდელი დაწესებულებები გამთბარია, ქალაქში არის ბევრი ახალი სანათი წერტილი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქუთაისში კორტების მშენებლობა და ამით ბედნიერი ვარ, ეს ყველაფერი ჩვენი ამომრჩევლისთვის კეთდება. იმ საკითხებს, რისი გადაჭრაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია, მას ცენტრალური ხელისუფლების წინაშე ვსვამთ“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ მარგველაშვილიც  ერთობლივად დაგეგმილი ბიუჯეტით იწყებს, მერე გარეგანათებით  და გაზგაყვანილობის მილების დამონტაჟებით აგრძელებს (კიბულის, მწვანეყვავილას,  ლესელიძის ქუჩა...) და სპორტული მოედნებით ასრულებს.  ამ ყველა სიკეთეში მარგველაშვილი საკუთარ როლს ხედავს და, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან გაკეთდა, ამასაც მათ დამსახურებად თვლის.

1500 ლარიანი ხელფასის მქონე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დასაქმების ახალ ტალღას ახსენებს და ამომრჩეველს აიმედებს, რომ ბევრი მათგანი ავტოქარხანასა და მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებას შეძლებს.

 საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე მერაბ მეშველიანი, რომელმაც ამ დღეებში აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა, ამბობს, რომ მათ შეძლეს მოსახლეობის ანკეტური გამოკითხვა ბიუჯეტის შედგენისას და საზოგადოების დაკვეთა ჩაიდო ბიუჯეტში.

„მე ყველა რესურსი გამოვიყენე და რისი გაკეთებაც შემეძლო, გავაკეთე.  ვფიქრობ, რომ პროდუქტიული იყო ჩემი მოღვაწეობა საკრებულოში, თუმცა დრო რომ გავა, უფრო კარგად მიხვდები რა იყო გასაკეთებელი. განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, დავიწყეთ სალიფტე მეურნეობის აღდგენა, გარდა ამისა, მე საკუთრების აღიარების კომისიაშიც ვმუშაობდი და ბევრ ადამიანს საკუთრების მოწმობა გადავეცით“.

კახა ნემსიწვერიძე, საკრებულოს ფრაქცია „უმრავლესობის“ თავმჯდომარე მთავარ „ნაციონალურ სიკეთეებს“ ასე ჩამოგვითვლის: ხალხთან ერთად დაწერილი ბიუჯეტი, პროგრამა „კორპუსი“ და გადახურული ბინები, წარმატებით განხორციელებული ამოტუმბვითი სამუშაოები, ღვარსადენები, ბლომად გაკეთებული სპორტული მოედნები“...

საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რაულ ქორჩილავამ კონკრეტული საქმეები იმ მიზეზით არ ჩამოთვალა, რომ  „ყველაფერი ისედაც ხალხისთვის არ კეთდებაო?!“

7200 ამომრჩევლის რჩეული დავით გოგისვანიძე მისი მუშაობის შესაფასებლად გვირჩევს: „შეგიძლიათ, ქალაქის ბიუჯეტს გადახედოთ და გაარკვიოთ, იმ უბანში, სადაც მე ამირჩიეს, რამდენი მილიონია დახარჯული, რა წერილებია ჩემს სახელზე შემოსული და რა წერილებია ჩემგან გასული. ამით მიხვდებით, გაიგებთ, ვის რა პრობლემა გადაეწყვიტა. შეიძლება, საკრებულოს ზოგი წევრის სახელზე წერილიც არაა შემოსული“.

„ქალაქი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარეთ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ბევრი საკითხი გადაწყდა, როგორიცაა გზის პრობლემა, განათებები ჩემს უბანში, მაგალითად - ნიკეას მეორე შესახვევში, გამსახურდიას ქუჩაზე განათებები დამონტაჟდა, სტადიონის ტერიტორიაზე კანალიზაციის  ქსელი საერთოდ არ არსებობდა წლების მანძილზე და ის მოწესრიგდა.  პრეზიდენტმა მიიღო ამ ტერიტორიაზე კორტების აშენების გადაწყვეტილება. მე ამით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ჩემი პატარა წვლილიც ურევია. მე ვფიქრობ, რომ გარემო მომზადდა ბიზნესისთვის. ჩემს უბანში გაიხსნა ბენზინგასამართი სადგური, სხვა რამდენიმე ობიექტიც, მაგრამ მთლიანობაში ვერ დავიტრაბახებთ, რომ ბევრი სამუშაო ადგილი შევქმენით, თუმცა ბიზნესგარემო და ინფრასტრუქტურა ამისათვის მზდაა - ამბობს მაჟორიტარი ვლადიმერ კვერნაძე.  მან გაკეთებული საქმეები გადახურვის პროგრამითაც განავრცო.

გაგრძელება იქნება, თუმცა, ალბათ, ზოგიერთის ანგარიშში კვლავ მოხვდება ნახევრად გადახურული ბინები (სარდაფებში შენახული ბიკროსტი),  ხალხთან ერთად დაგეგმილი ბიუჯეტი და ამ პროექტების „წარმატებაში“ კვლავ დაარწმუნებენ 153000 ქუთაისელ ამომრჩეველს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია