დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მეროფობია ქუთაისში
2009/10/26 12:10:33

გსურთ თუ არა არჩეული იყოს ქალაქის მერი ჩვენს ქალაქში? - ამ კითხვაზე ქუთაისში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები 30 000 მოქალაქის თანხმობას ელოდებიან. თუმცა ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ქვეყნის მასშტაბით ასეთ ხელმოწერებს უკვე ერთი კვირაა რაც აგროვებს. მოთხოვნა ერთია - ქუთაისში, თბილისში, ფოთში, ბათუმში და რუსთავში მერი პირდაპირი არჩევნების წესით აირჩიონ.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძე ამბობს: „გასული ხუთი წლის განმავლობაში ქუთაისში შვიდი მერი შეიცვალა. ამ ფაქტმა ქალაქი კოლაფსურ მდგომარეობაში ჩააგდო. ერთი მერი მეორეთი იცვლებოდა და საქმე არ კეთდებოდა. ხშირ შემთხვევაში მერის თანამდებობა ყოფილი თუ ახლანდელი მაჟორიტარი დეპუტატის ამბიციის დაკმაყოფილების არეალს წარმოადგენდა. საყურადღებოა ისიც, რომ შეგნებულად უპასუხისმგებლო, უნებისყოფო მერი ინიშნებოდა და არა პასუხისმგებლობის მქონე, რაც მავანთა ამბიციების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა. მიგვაჩნია, რომ ქუთაისში საკრებულოს წევრების არჩევნებთან ერთად მერის არჩევნებიც უნდა დაინიშნოს. ქუთაისის თვითმმართველობის უპასუხისმგებლობა არის შესანიშნავი პარაგმა იმისა, რომ ქალაქში აუცილებლად მერის არჩევნები ჩატარდეს. უპირველესად, ეს არის მოსახლეობის ურთიერთობის და ნების გაცვლის გამომხატველი. ეს კი დემოკრატიის გამოხატვის ერთ-ერთი ნიშანია.“

ამ განცხადებას ქუთაისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრებიც გამოეხმაურნენ. ლეიბორისტური პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი სამსონ გუგავა აცხადებს: „ამ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. გეტყვით, რომ ქრისტიან-დემოკრატები ამ ხელისუფლების გვერდით საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს. ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ისინი პრომიშისტურ ძალებად მოიაზრებიან. ჩვენ კი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არანაირ არჩევნებს არ განვიხილავთ. რადგან კარგად ვიცით და გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ და რა ფორმით მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესები, რომელიც ამ ხელისუფლების მიერ არის დაგეგმილი. ქუთაისში ქალაქის მერის თანამდებობა ყოველთვის ვიღაც ჩინოვნიკის ამბიციებს ეწირებოდა და იმას ნიშნავდნენ კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ დროს მათთვის მისაღები ვინც იყო.“

საკრებულოს წევრი კახა ნემსიწვერიძე თვლის, რომ ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ „მერის არჩევასაც და დანიშვნასაც სხვადასხვა დადებითი და უარყოფითი ფაქტორები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში მერი შვიდჯერ შეიცვალა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავს ვერ ართმევდნენ დაკავებულ თანამდებობას. მე ვფიქრობ, მერი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, მაგრამ უნდა იყოს მენეჯერი და საქმეზე ორიენტირებული. არჩევანი კი არის სუბიექტური აზრის გადაწყვეტილება და წინასწარ პროგნოზირება იმისა თუ რას გადაწყვეტს ხალხი, ძნელი სათქმელია.“- აღნიშნა კახა ნემსიწვერიძემ.

ერთი შეხედვით, საკრებულოს წევრები ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ამ ახალ ინიციატივას არ გაუღიზიანებია. ისინი აცხადებენ, რომ ყოველგვარ გამოკითხვას მიესალმებიან, რადგან ეს დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი გამომხატველია. „რამდენად იქნება მოსახლეობა აქტიური, ეს ცალკე საკითხია. დღეს აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუ როგორი უნდა იყოს თვითმმართველობის მოწყობა. ეს ძალიან რთული თემაა, მაგრამ თვითმმართველობას ექსკლუზიური დელეგირებული უფლება უნდა ჰქონდეს, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა ადგილზე მოხდეს. მოსახლეობას დღეს კარგი ინფორმირება სჭირდება რატომ არის, ან არ არის საჭირო მერის არჩევნები. დღეს მოსახლეობა ირჩევს საკრებულოს წევრებს, არჩეული კანდიდატებიდან კი მერი ინიშნება. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მერი ირიბად მაგრამ მაინც ხალხის არჩეულია,“ - აცხადებს საკრებულოს წევრი მერაბ მეშველიანი.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ქუთაისში ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს: „ქუთაისში ყოველი მერი იცვლებოდა, რწმუნებულის თუ სახელისუფლებო ვერტიკალში ცვლილებების პარალელურად. ამოტომ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ ყველგან თუ არა, დიდ ქალაქებში მაინც მოხდეს მერის პირდაპირი წესით არჩევა. თუ ადამიანებს პრეზიდენტის არჩევის ნებას და უფლებას აძლევ, მაშინ მერის არჩევის უფლების ჩამორთმევა, უბრალოდ, უპატივცემულობაა. ქრისტიან-დემოკრატების ეს ინიციატივა მისასალმებელია. მაგრამ ეს გაპიარებულია პოლიტიკური პარტიიდან და მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ მისვლის კარგი საშუალებაა. გეტყვით მეტსაც, ეს ინიციატივა, რადგან ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან მოდის, ხელისუფლება მათ ხშირად უჯერებს. შეიძლება ამ საკითხშიც დაუჯეროს და მივაღწიოთ დიდ ქალაქებში მაინც მერის პირდაპირი წესით არჩევას. ჩვენი პარტიის წარმომადგენლები კი აქტიურად ჩაერთვნენ საარჩევნო კოდექსში მიმდინარე ცვლილებების განხორციელებაში. შეიძლება ყველა საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ, მაგრამ, იმედია, კონკრეტული ცვლილებები განხორციელდება.“

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ქუთაისში სპეციალური გამოკითხვის ანკეტას უკვე ავსებენ. შეაგროვებენ თუ არა ისინი 30 000 ხელმოწერას უახლოეს დღეებში, ეს პარტიის ორგანიზაციულ მდგომარეობასა და რესურსზეა დამოკიდებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია