დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ახლა რაღას გვპირდებიან წყალთან დაკავშირებით?!
2009/10/19 15:16:41

საქალაქო მეურნეობის კომისია ქუთაისში სასმელი წყლის პრობლემის განსახილველად ამჯერად არასამთავრობო სექტორისა და შპს „დასავლეთის წყლის“ წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბა. შეხვედრას საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ.  

ქალაქის წყალგაყვანილობის ქსელში ბოლო ერთი თვის მანძილზე 172, სხვადასხვა სახის დაზიანება დაფიქსირდა. ეს ლოგიკურად გვიჩვენებს, თუ რა მდგომარეობაშია კანალიზაციისა და წყლის ქსელი. როგორც  შპს „დასავლეთის წყლის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, დაზიანებები შესაძლებლობის ფარგლებში აღმოიფხვრა. ამ პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით კი დამატებით მომსახურების ცენტრიც გაიხსნა, სადაც მოსახლეს შეუძლია დაზიანების შემთხვევაში მიმართოს და კონკრეტული ინფორმაცია მიიღოს.

ქალაქში სასმელი წყლის მდგომარეობასთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. შპს       „დასავლეთის წყლის“ ქუთაისის სერვის-ცენტრის მენეჯერი ანდრო ლოსაბერიძე ამბობს: „ამ მილების გაფუჭება 50 წლის მანძილზე შეუძლებელია. მაგრამ წყალი ძველ მილებშიც დარჩა და შეიძლება დაზიანებები სწორედ ამ ადგილებზე იყოს. თუ ძველ ქსელზეა დაზიანება, მაშინ დასავლეთის წყალი გააკეთებს, თუ ახალზე - ის, ვინც დღეს აკეთებს. რაც შეეხება მაღალსართულიან ბინებს, ჩვენ ვგეგმავთ საპილოტე პროექტის განხორციელებას. საერთაშორისო ექსპერტებმა შემოგვთავაზეს იდეა, რომ რამდენიმე უბანი აგვეღო, სადაც უფრო მოწესრიგებულია სასმელი წყლის პრობლემა და იმის მიხედვით მოვაწესრიგოთ სარდაფებში წყლის ქცევა, პარალელურად კი - მრიცხველები. თუმცა სარდაფებში წყლის ქცევა ჩვენი მოსაწესრიგებელი არ არის. სხვადასხვა ბინაში წყალმომარაგების სხვადასხვა სისტემაა. გასაკეთებელია პროექტი, რომელიც მილებს გააერთიანებს. ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. არ შეიძლებოდა, ერთ პროექტს მოეცვა ქალაქის მთლიანი ქსელის მოწესრიგება.“

წყლის სისტემის სრულად სარეაბილიტაციოდ, როგორც შეხვედრაზე ითქვა, 100 მლნ ლარია საჭირო. ამჯერად კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ 13 მლნ ლარი იხარჯება. ამ თანხაში ავტოქარხნისა და გორის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შედიოდა, თუმცა ამ უბნებზეც წყლის სისტემების გამოცვლა მიმდინარეობს. პარალელურად, დღემდე გაუკეთებელია პროექტით გათვალისწინებული 6 ქუჩა (გელათის, განათლების, პეტრე იბერის, კოსტავას და ნიუპორტის). ჩეხოვის ქუჩაზე, მიუხედავად სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა, მოსახლეობას გახეთქილი მილებიდან დაღვრილი წყალი აწუხებს. ჩეხოვის ქუჩის პრობლემა შპს „დასავლეთის წყლის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გაიგეს და ანდრო ლოსაბერიძის ჩანაწერთა წიგნშიც მოხვდა იმ იმედით, რომ გადაამოწმებს.

პროექტი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, პირველ ეტაპზე მოიცავს 30 ქუჩის და სათავე-ნაგებობების რეაბილიტაციას, ასევე გადამქაჩი სადგურებისა და რეზერვუარების რეაბილიტაციას და გამრიცხველიანებას. სასმელი წყლის ხარისხი კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ანდრო ლოსაბერიძემ განაცხადა: „წყლის ხარისხი სათავე-ნაგებობასთან შესაბამის სტანდარტს ექვემდებარება. რაღაც დაზიანებების გამო კი ზოგჯერ მოსახლეობამდე ამ ხარისხით ვერ აღწევს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სათავე-ნაგებობებზე არტეზიული ჭების დამონტაჟება,  უკვე ჩამოტანილია 50 ახალი ტუმბო და დამონტაჟებულია 11 მათგანი. ეს არის გერმანული წარმოების ფირმა „ვილოს“ ტუმბოები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. დასრულებულია და ექსპერტიზას გადის გადამქაჩი სადგურებისა და რეზერვუარების საპროექტო სამუშაოები. წყლის დიდი ქცევები და ავარიული შედეგები გამოირიცხა. 30 ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების და გადამქაჩი რეზერვუარების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მომავალ წელს საშუალებას მოგვცემს, რომ 2010 წლის ბოლოსთვის წყლის დეფიციტი მინიმუმამდე დავიყვანოთ.“

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სწორედ სიტყვა დეფიციტის განმარტება მოითხოვეს, რომელიც 24 საათიანის „ანალოგი“ აღმოჩნდა. „ახლა რომ ვიკამათოთ, 24 საათიანი რატომ შეიცვალა უდეფიციტოთი, გეტყვით, რომ არც ერთი და არც მეორე ჩემი მოგონილი არ არის.“ - განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.

ვლადიმერ ნაკაშიძე, საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან:      „დღევანდელი ჩემი ინიციატივა იყო ძალიან კეთილგანწყობილი, რომ სანამ რაღაც პრობლემის წინაშე არ დავდგებით, მანამდე რაღაც კორექტივები შევიტანოთ. ანუ დაპირებები, რაც იყო წყალთან დაკავშირებით, რომ გვექნება 24 საათიანი წყლის მომარაგება შეიცვალა და თითოეული ქუთაისელი ხედავს, რომ ამას აღარ გვპირდებიან. რაში რამდენი იხარჯება, ესეც არავინ იცის, მათ შორის - საკრებულოს წევრებმაც კი. ამისი კონტროლის საშუალება კი თითოეულ მოსახლეს უნდა ჰქონდეს, უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულ პერიოდში რა სამუშაო შესრულდა, რა ვადაში და რა ხარისხით. დღევანდელი შეხვედრა რაიმე სიცხადის მომფენი ვერ იყო ჩემთვის. ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული გეგმა და გრაფიკი შესასრულებელი სამუშაოებისა დღესაც არ გვაქვს. ანუ ექვსი თვის შემდეგ ჩვენ არ ვიცით, რა სამუშაოები დასრულდება და რა მინუსი და პლიუსი ექნება.

მერაბ მეშველიანი, საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე: „საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია რომ ჰქონოდა მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ეს შეხვედრა მოგვეწყო. რიგი საკითხები ამოიწურა და, იმედია, საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიეწოდება.

ზაზა ხელაძე, ასოციაცია ასა-ს ხელმძღვანელი: „მაინტერესებს, ვინ არის პროექტის შემკვეთი, მუნიციპალური განვითარების ფონდი? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. თუ რა ხარისხით კეთდება სამუშაოები, არც ეს ვიცით. შპს „დასავლეთის წყლის“ ხელმძღვანელობა გვიცხადებს, ჩვენ არ ვართ საექსპერტო ბიუროო. ფაქტია, რომ ჩეხოვის ქუჩაზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, მოსახლეობა კვლავ წყალშია.“

ნოდარ ჯიქია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი: „რომ გითხრათ ბევრი რამ გაირკვა ამ შეხვედრაზე-თქო მოგატყუებთ. ის საკითხები რაც აქამდე ბურუსით იყო მოცული კვლავ გაურკვეველი დარჩა. პროექტში ბევრი რამ შეიცვალა რასაც შესაბამისი ახალი ხელშეკრულებები არ მოყოლია. ამ შეხვედრით დავრწმუნდით იმაში, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთიანი პროექტი არ არსებობს. რაც მთავარია თავიდანვე არ იყო ჩართული ამ საკითხში საზოგადოება, მას-მედია და არასამთავრობო სექტორი. ეს გვაძლევს საფუძველს თქვათ, რომ ინფორმაციული ველი არ არის სრულყოფილად უზრუნველყოფილი. საკრებულოს რამდენიმე წევრსაც კონკრეტულ საკითხზე სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათთვისაც არ არის სრულად მიწოდებული ინფორმაცია.  სამწუხაროდ მათთვის ეს წყალი ექსკლუზიურ კომპეტენციას აღარ წარმოადგენს. თუმცა, მერია აღებული ვალის გარანტია. ამ თანხის გადახდის ვალდებულება კი მიმდინარე წლის ნოემბერში დადგება.“

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იტალიურ მრიცხველებს ჩამოიტანენ. მისი დამონტაჟება აბონენტს არაფერი დაუჯდება. იქ, სადაც, ახლა იცვლება მილები, პარალელურად კეთდება მრიცხველის დასამონტაჟებელი ადგილი. გამრიცხველიანების გარეშე წყლის დანაკარგის მოწესრიგება შეუძლებელია. დღეს კი მოსახლეობის მიერ ხარჯვის პარალელურად 35% სასმელი წყლისა ქუჩებში იღვრება, თუმცა ამ პროცენტულ მაჩვენებელში სათავე-ნაგებობებიდან ქალაქის მაგისტრალამდე წყლის ქცევაც შედის. ამ პრობლემის მოგვარება სპეციალისტების თქმით, მოგვცემს საშუალებას, რომ წყალი 8 საათი იყოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია