ბოლო ათეული წელია, სახელმწიფომ ქონების პრივატიზება დაიწყო. პრივატიზაციის ნუსხაში, მცირე ობიექტების პარალელურად, „ჭიათურმანგანუმი“ და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაც აღმოჩნდა. სახელმწიფო ქონების პრივატიზება, ექსპერტების აზრით, ქმნის შესაძლებლობებს, მაგრამ არ ქმნის გარანტიებს ეკონომიკურ და გარემოსდაცვით საკითხებში.
მათი აზრით, პრივატიზაციის სარგებელი წამგებიანი ობიექტის სახელმწიფო ხარჯების შემცირება და ფინანსური ეფექტურობის ზრდაა. პარალელურად კი პრივატიზებას გარემოსდაცვითი ფაქტორიც განსაზღვრავს, რაც ეფექტური და სუფთა ტექნოლოგიების დანერგვით გამოიხატება. „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში წერია, რომ „პრივატიზებული სამეურნეო ობიექტის მესაკუთრე არ თავისუფლდება გარემოსდაცვითი ვალდებულების შესრულებისაგან, რომელიც დაკისრებული ჰქონდა ობიექტის ყოფილ მესაკუთრეს.“ გარდა ამისა, კანონში წერია: „პრივატიზებულ სამეურნეო ობიექტზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების, საქმიანობის ეკოლოგიური რისკის დადგენის, ჩასატარებელი გამწმენდაღდგენითი სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით შეიძლება ჩატარდეს გარემოსდაცვითი აუდიტი სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.“
მიუხედავად კანონში მკაცრად გაწერილი ვალდებულებებისა, საქართველოში პრივატიზების დროს გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებისას ინსტიტუციური ბარიერები იქმნება. ამ პრობლემას უწყებათაშორის კოორდინაციის მექანიზმის უქონლობა ქმნის, რომლის პარალელურადაც კანონი არ ითხოვს პრივატიზების პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროს მონაწილეობას.
„მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი იმერეთში 2005-2006 წლებში თითქმის ერთდროულად გაყიდულ სამ ობიექტზე. პრივატიზების დეტალებზე „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე გვესაუბრება.
- ქალბატონო ნინო, რა მდგომარეობაა დღეს შპს „ვარციხჰესთან“ დაკავშირებით? რამდენადაც ცნობილია, თქვენი სარჩელი არ დაკმაყოფილებულა.
- შპს „ვარციხე 2005“-ის სახელმწიფო საკუთრებაში 100% წილის ნასყიდობის თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „GყMყ Gუწკპშფტ Mფტპფტუთუ ,წდვშტპ Lშქშეუვ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. ვარციხჰესთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივამ სარჩელი 2008 წელს საქალაქო სასამართლოში შეიტანა. საქალაქო სასამართლომ განიხილა საქმე და მაშინ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო, არ შეიძლებოდა ყოფილი-ყო კომერციული საიდუმლოება. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს დოკუმენტი შეიცავდა გარემოს დაცვის ინფორმაციას და, შესაბამისად, დოკუმენტი საჯარო უნდა ყოფილიყო. იმის გამო, რომ საქმის განხილვისას პროცედურული დარღვევები იყო დაშვებული, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ გახლდათ სათანადოდ (ოფიციალურად) მოწვეული საბოლოო სხდომაზე, სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. ეს დარღვევა სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია და საქალაქოში დააბრუნა. საქალაქო სასამართლომ მეორეჯერ განიხილა სარჩელი, სადაც სამი მოსამართლე იყო წარმოდგენილი. გადაწყვიტეს, რომ არ ეთანხმებოდნენ იმ მოსამართლის გადაწყვეტილებას, ვინც ჩათვალა, რომ დოკუმენტში არის ეკონომიკური საიდუმლოების მატარებელი ინფორმაცია და არ შეიცავს გარემოს დაცვის ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, დოკუმენტი უნდა დარჩეს კომერციულ საიდუმლოებად. ამჯერად ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტს, თუ რომელი მოსამართლის გადაწყვეტილება იყო სწორი.
- რაც შეეხება „ჭიათურმანგანუმს“, ვინ ჩაატარა ამ ობიექტის პრივატიზება?
- პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ გაასხვისა „ჭიათურმანგანუმი“. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სასამართლოს მივმართეთ, სადაც ჩვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ერთადერთი, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ რეაბილიტაცია დღესაც არ მიმდინარეობს. ასევე არ ვიცით, რა ვალდებულებები აქვს მფლობელს. ერთადერთი ვალდებულება იყო, რომ ერთი წლის განმავლობაში საწარმოს უნდა შეენარჩუნებინა პროფილი. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორს უნდა ჩაეტარებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები, სხვა ვალდებულება მას არ დააკისრეს. „ჭიათურმანგანუმი“ დატოვეს იმ მდგომარეობაში, რომელიც როგორც გარემოსთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის ნეგატიური ზეგავლენის მატარებელი. „ჭიათურმანგანუმთან“ დაკავშირებით არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემა: ლიცენზიის გაყიდვის ორი თვის თავზე აღმოაჩინეს, რომ გაყიდულია ძალიან დიდი მიწის მასივი, სადაც მოქცეულია დასახლებული სოფლები. ფაქტია, რომ რუკა აიღეს და შემოხაზეს კონტურით. აღმოჩნდა, რომ ქალაქი ჭიათურა და ახლო სოფლები ლიცენზიანტის ხელში იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ტერიტორიაზე ჭიათურის თვითმმართველობას რაიმე სახის ქმედება დასჭირდება, უნდა შეუთანხმდეს ლიცენზიის მფლობელს. ამ პრობლემის წინაშე ადგილობრივი გამგებელი დადგა და, რამდენადაც ვიცი, ამ საკითხით გარემოს დაცვის მინისტრს მიმართა. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი ლიცენზიანტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგებით დაამთავროს.
- რა მდგომარეობაშია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა?
- რაც შეეხება ზესტაფონის „ფეროს“ პრივატიზებას, ეს საკმაოდ ძველი თემაა. „ზესტაფონის ფერო“ ამ პრივატიზაციებთან დაკავშირებულია იმდენად, რამდენადაც ერთი მფლობელი ჰყავს. შარშან გარემოს დაცვის სამინისტროში უამრავი საჩივარი დაიწერა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით, თუმცა ამას არ მოჰყოლია გადაიარაღება და რეაბილიტაცია, მიუხედავად იმისა, რომ ფერო ცნობილი იყო, როგორც გარემოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამაბინძურებელი. თუმცა გაფორმდა მემორანდუმები, რომელთაც პომპეზურად მოაწერეს ხელი. გარემოს დაცვის სამინისტრომ გვითხრა, რომ ამ მემორანდუმს არ ჰქონდა იურიდიული ძალა და, შესაბამისად, სამინისტრო ვერ აწარმოებდა მონიტორინგს. შედეგი იყო ის, რომ უბრალოდ, საზოგადოებას აჩვენეს, რომ მემორანდუმს ხელი მოეწერა, რადგან ეს დოკუმენტები არავითარი ძალის მატარებელი არ აღმოჩნდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ რეალურად ინვესტორს არ აქვს იმის ვალდებულება, რამე გააუმჯობესოს.
- რამდენადაც ცნობილია, სამივე ობიექტს ერთი მფლობელი ჰყავს...
- ამ სამი ობიექტის ერთდროულად გაყიდვა ლოგიკური იყო, იმიტომ რომ თავის დროზე, როცა ეს ობიექტები შენდებოდა, ეს იყო ერთიანი კომპლექსი, ანუ „ფერო“ ამუშავებს ნედლეულს, რომლის მოპოვება ჭიათურაში ხდება, ხოლო „ვარციხჰესი“ აწვდის ელექტროენერგიას. მაგრამ დღეს არავინ ინტერესდება იმით, თუ რა ზიანს აყენებს გარემოს ფეროშენადნობი ქარხანა, რა პირობები აქვს ინვესტორს ჩადებული სამივე ობიექტის შეძენის დროს და რამდენად ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სამივე ობიექტზე. ფაქტია, რომ ჩვენ არ ვიცით, რა უნდა მოვთხოვოთ ინვესტორს, და საინტერესოა, არის თუ არა გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების რაიმე ფაქტორები. სახელმწიფო ამ დოკუმენტებს კომერციულ საიდუმლოებებად თვლის, თუმცა პარალელურად ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს, რა გარემოში ცხოვრობს.