დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღია წერილი ქალბატონ მზიას და მისი სახით - ყველა ემიგრანტ ქალს
2013/02/25 12:40:52

ქალბატონო მზია, დღეს თქვენც გახდით იძულებული და გადაწყვიტეთ, 61 წლის ასაკში დაგეტოვებინათ მშობლიური კერა, ასაკოვანი ქმარი და შვილები. წასულიყავით შორს, თურქეთში.

ავადმყოფ მოხუც თურქს უვლით, ასრულებთ მის ყოველ ახირებას, უსიტყვოდ ემსახურებით. თავს არ ზოგავთ, რომ ორიოდე დოლარი იშოვოთ.

დღეს თურქეთში ლამის ქართველი უფრო მეტია, ვიდრე თურქიო, გამიგონია. სადღაც, კიდეც მჯერა ქართველ ემიგრანტთა ასეთი მრავალრიცხოვნობას. საკუთარი გამოცდილებითაც ვამბობ: ჩემს სოფელში ყოველი მეორე ოჯახის ახალგაზრდა თუ ხანში შესული წევრი იმის ფაციფუცშია, რომ დროულად გაამზადოს ვიზა და წავიდეს. სად? ეკოლოგიური საფრთხის შემცველ ქარხანაში, პლანტაციაში თხილის საკრეფად, მოხუცის მომვლელად, ან იმ ბავშვების აღსაზრდელად, რომელთა უპირველესი ჟესტი, ერთგვარი „მისალმებისა“ და „კეთილი დახვედრის“ სახით, უფროსი ასაკის მოსამსახურის მორალური თუ ფიზიკური შეურაცხყოფაა, დალაგებულის კვლავ არევა და ა.შ.

ვიცი, ქალბატონო მზია, რომ არ ხართ იქ იდილიაში, არც შესაბამისი ხელფასებია, ადამიანმა გული იმით მაინც დაიმშვიდოს, რომ ოჯახი მშიერი არ ჰყავს. ისიც გამიგონია, რომ უცხოეთში მომუშავე პერსონალს გარკვეული კრიტერიუმებით აფასებენ: ახალგაზრდა, ღონიერი, თხელი აღნაგობის უნდა იყოს, აუცილებლად ღიმილი უყვარდეს - ეს უმთავრესი პირობაა და, შეიძლება, ასაკის სიდიდე ამის გამოც კი დათმონ. აი, მაშინ კი შესაძლებელია, სხვაზე თუნდაც 100 დოლარით მეტი აიღო ხელფასი. და რა არის ის 100 და, თუნდაც, თვეში მაქსიმუმ 400 დოლარი თქვენი ოჯახისთვის აქ, საქართველოში? სტუდენტი შვილი, ასაკოვანი ქმარი, ახალდაოჯახებული ვაჟიშვილი, მცირეწლოვანი შვილიშვილები, უამრავი ვალი - სახელმწიფოსი თუ მეზობლების. განა ამ ყოველივეს გასწვდება თქვენი ხელფასი? ვაი, რომ - არა. მაგრამ იმედი ხომ მაინც გაცოცხლებთ იმისა, რომ თვის ბოლოს სულ ულუკმაპუროდ არ დაგირჩებათ ოჯახი.

გავიგე, თქვენს უმცროს ვაჟსაც განუზრახავს თურქეთში წასვლა. ოჯახს განუცხადა, კარგი სამსახური გამოჩნდაო. სად? ჯინსების სამკერვალოში, ან მარმარილოს საჭრელ ფაბრიკაშიო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბიძაშვილებივით თხილის პლანტაციაში არ ვიქნები, წელში მოხრილი, ღია ცის ქვეშო. შევატყვე, უხაროდა ძალიან. სასაცილოა თუ სატირალი, ეს კიდევ საკითხავია. საკმარისია, იმ ქარხანაში ერთი კვირა მაინც იმუშაოს, რომ განადგურებული ჯანმრთელობით დაბრუნდება უკან. მინიმუმ გაშავებული ფილტვებით და სასიცოცხლო ორგანოების დისბალანსით. რისი გულისათვის? იმიტომ, რომ თქვენი მანდ მუშაობა ვერ სწვდება ოჯახის ხარჯებს. მის ფეხმძიმე მეუღლეს კი უამრავი წამალი ესაჭიროება. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი სოფლის მეთერთმეტეკლასელი ბიჭებივით ხელმოცარული არ დაბრუნდეს - ამ ბავშვებმა ხომ შარშან მთელი ზაფხული იმუშავეს თურქეთში, თხილის პლანტაციაშიც და ავტოსამრეცხაოშიც, რომ თანხა შეეგროვებინათ ბოლო ზარისა და ბანკეტისათვის, მაგრამ მეპატრონეებმა და შუამავლებმა უფულოდ გამოუშვეს ეს ნაშრომ-ნაჯაფარი, გაძვალტყავებული მოზარდები, თავად კი „აორთქლდნენ“.

მე მესმის, რომ საზღვარგარეთ მუშაობაზე უფრო მძიმე ოჯახზე დარდი და ფიქრია. რამდენიმე ასეული კილომეტრით მოწყვეტილს, ვიცი, რა აზრებიც გიმღვრევთ გონებას: უკან დაბრუნებულს ხომ სერიოზული ნერვოზული ცვლილებები შეგეტყობათ. ყველაფერზე იოლად ცხარდებით. ეს არ არის მარტო თქვენი სენი, ეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს უკვე დაემართა. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება, არც ძველი და არც ახალი, ყურს არ იბერტყავს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. არ ზრუნავენ იმაზე, რომ რაღაც დახმარება მაინც გაუწიონ შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს.

სოციალური პროგრამები ყველასთან როდი მიდის და, საკმარისია, ამ „ბედნიერი“ ოჯახის ერთმა წევრმა დროებით, ორ-სამთვიანი სამუშაო იშოვოს, რომ სოციალური დახმარების პროგრამებში ჩართულებსაც უცებ მოუხსნიან სახელმწიფო შემწეობას.

ერთადერთ ხსნად თქვენ, ასეთი ოჯახის დედა-დიასახლისს, საკუთარი გარჯა გევლინებათ და, შერყეული ჯანმრთელობით, მაგრამ იმედით მიაშურებთ უცხოეთს. რატომ აქვს ყოველ მეორე ქართველს იმის ოცნება, რომ საზღვარგარეთ წავიდეს? ის მიდის არა იმიტომ, რომ იმოგზაუროს და ევროპა ნახოს, არამედ - მცირე თანხა მაინც იშოვოს იმით, რომ უცხოელი მოხუცები გამოსტაცოს სიკვდილს ხელიდან, ინვალიდებს ფეხი აადგმევინოს, ურჩ ბავშვებს სწორად მოქცევა ასწავლოს, ან, თუნდაც, სქელჯიბიან ხალხს მანქანები ურეცხოს. სად არის გამოსავალი? ამ კითხვას ბევრი სვამს, ქალბატონო მზია, მაგრამ პასუხი არავის აქვს. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, გული მტკივა, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს ასეთ დღეში ვხედავ.

საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილები. ამიტომაც სახელმწიფოს არ აქვს იმის უფლება, რომ თქვენს მიერ გაღებული მსხვერპლი არ დააფასოს, ქართველი ქალის, დედის ხატება არ დაუბრუნოს მშობლიურ კერას; არ ჩაახუტოს მონატრებულ შვილებს იმ დაიმედებით, რომ აღარ გამოტოვებს მათ ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს. მშობელს უნდა მიეცეს საშუალება, საკუთარი დედობრივი მისია ბოლომდე ღირსეულად შეასრულოს და არ ეძებოს ხსნა საზღვარგარეთ მუშაობაში.

 

 

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია