დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერმა წინასაარჩევნო აგიტაცია დაიწყო...
2012/06/04 12:48:21

30 მაისს, დაახლოებით, 18 საათსა და 30 წუთზე, ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე ავტოქარხნის დასახლებაში, მეთოთხმეტე სკოლის მიმდებარე  ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას მერთან ერთად ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვირიკაძეც ესწრებოდა. მერმა მოსახლეობას გააცნო ის თუ რა გაუკეთებია დღევანდელ ხელისუფლებას და ასევე აქცენტი გააკეთა იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს მომავალში. შეკრებილ მოსახლეობას შორის, ძირითადად, საშუალო ასაკის მოქალაქეები იყვნენ.

„მე რომ ვიყო ახლა დამფინანსებელი, გულწრფელად გეუბნებით, რომ სამსახურში ავიყვან 30-40 წლის ხალხს, ვიდრე თქვენი ასაკისას. ეს ბუნებრივია, რადგან ის უფრო ჯანმრთელია, ვიდრე 60 წლის ადამიანი. უფრო ფხიზელია, უფრო ქმედითია, მაგრამ, როდესაც 30-40 წლის კადრების ნაკლებობა გვექნება, ბევრი სამუშაო ადგილების შექმნის გამო, მაშინ უკვე დავიწყებთ 50-60 წლის კადრების დასაქმებას.  ქვეყანაში არ უნდა იყოს უმუშევრობა. სამ წელიწადში ქვეყანაში არ იქნება უმუშევრობა, ვითარდება წარმოება, შენდება სხვადასხვა შენობები, რომელზეც დასაქმდებიან მხოლოდ ქართველები. მაგალითად, თურქეთიდან ტექსტილის ფაბრიკის საქართველოში გადმოტანა შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს. ეს მომგებიანია, რადგან თურქეთში ელექტროენერგია უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენთან. როდესაც ვამბობთ გამოსწორების სამ წელიწადს, ეს არის რეალური პერიოდი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, პოლიტიკური სიმშვიდე, რადგან ჩვენ ვართ ინვესტორებზე დამოკიდებული და ინვესტორი კიდევ ძალიან ფრთხილია,“ - აღნიშნა ქალაქის მერმა თავის გამოსვლაში.

შესავალი სიტყვის დასრულების შემდეგ მერმა მოსახლეობას ჰკითხა პრობლემებზე, რომელიც მათ აწუხებთ.

- ბატონო, მე რომ 62 წლის კაცი ვარ, ჭამა არ მინდა? მარტო 30-40 წლის ხალხს რომ ასაქმებთ... - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მოსახლეობის მიერ გახმოვანებული  პრობლემები სხვადასხვა იყო: სანიაღვრე სისტემის მოწყობა, სოციალური დახმარების დანიშვნა, სამუშაო ადგილების მომატება და სხვა.

 

***

შეხვედრაზე მყოფი რამდენიმე მოქალაქის თხოვნით, იმის გასარკვევად, თუ რამდენად კანონიერია, რომ ქალაქის მერი წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდეს მოსახლეობაში, „სამართლიანი არჩევნების“ ქუთაისის წარმომადგენელს ქეთევან ვაშაყმაძეს მივმართეთ. მან გვიპასუხა:

„საარჩევნო კოდექსის მე-6 თავში არის ჩამონათვალი იმ საჯარო მოხელეების, რომლებსაც ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მაგრამ მერი და გამგებელი გადატანილი არის პოლიტიკური თანამდებობების პირთა სიაში, ზოგადი დებულებებიდან „ხ“- პუნქტში ჩამოთვლილია ეს სია, სადაც წერია შემდეგი: „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი,“ მერიც და გამგებელიც, ორივე აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელია, ოღონდ მათ ეკრძალებათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება კი არა, არამედ ადმინისტრაციული რესურსებით სარგებლობა. რადგან ოფიციალურად ამ ეტაპზე არ არის წინასაარჩევნო კამპანია გამოცხადებული, არ შეიძლება კანონდარღვევად ჩაითვალოს, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს პიარკამპანიაა ერთგვარი. არჩევნების ოფიციალურად გამოცხადების  შემთხვევაში, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირები - მერი და გამგებელი წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ უფლება არ ექნებათ, გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია