დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მომავლის ქალაქი“
2010/02/22 12:14:40

თუ სიღნაღი „სიყვარულის ქალაქია“, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, ქუთაისი მეორე დედაქალაქი უნდა გამხდარიყო: „ქუთაისი იყო საქართველოს დედაქალაქი და მე მინდა, რომ ყველამ ერთად ქუთაისი ხელახლა ვაქციოთ საქართველოს მეორე დედაქალაქად, საქართველოს სიამაყედ, ჩემს პირად სიამაყედ,“ - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს წარმოთქვა. 

მოდით, დღეს ერთად ვიმოგზაუროთ პრეზიდენტის „პირად სიამაყეში“- ქუთაისში. ქალაქი, დიდი ხანია, ხარაჩოებშია, ნახევრად აშენებული და თუ  დაკონსერვებული ნაგებობები ქალაქის ცენტრში მრავლადაა. რა თქმა უნდა, კარგია მშენებლობები, მომავლის იმედს გვაძლევს, მაგრამ ამ „მომავალს“ მეტისმეტად დიდი ხანია ველოდებით. უკვე საშიშროებაც კი შეიქმნა, „მომავლის ქალაქი“ მხოლოდ შერქმეულ სახელად არ დარჩეს.

მხოლოდ აქ, ჩვენს ქალაქში, თუ შეიძლება, ხაჭაპურის ცომივით მრავალფენოვანი ასფალტის დაგებას დასასრული არა და არ ჰქონდეს... გაზის, წყლისა თუ კანალიზაციის მილებისა და ჭების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად რამდენჯერმე აიყაროს ასფალტი! ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებისა თუ კერძო ორგანიზაციების ასეთი არაკოორდინირებული მუშაობა დიდ დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს.

ქუთაისი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად გამოცხადდა, დაინტერესება ეგვიპტურმა, ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმაც გამოთქვეს. ამის მიუხედავად, ჩვენებურ უმუშევართა არმია ჯერაც არ შემცირებულა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უმძიმესია. ხომ გვაძლევს ეს იმის საფუძველს, ვიკითხოთ: იყო თუ არა მორიგი პიარ-აქცია პრეზიდენტის მიერ ქუთაისში გახსნილი კიდევ ერთი ქარხანა? თუმცა ქუთაისი ხომ მომავლის ქალაქია... ინდუსტრიული ზონაც - მომავლის პერსპექტივა...

იყო მცდელობა იმისა, რომ ქუთაისში ტურიზმი განვითარებულიყო. 2008 წელს საზეიმოდ გაიხსნა ქუთაისის რეკონსტრუირებული და ღამით კარგად გაჩახჩახებული ისტორიული უბანი. გარემონტდა შენობები, შეიღება ფასადები, უძველესმა უბანმა თავისი იერსახე დაიბრუნა. ტურიზმის განვითარებაზე საუბარი კი ჯერაც შორი პერსპექტივაა.

მიუხედავად ახალი ინიციატივებისა, ქუთაისი დღენიადაგ მაინც უფუნქციობას უჩივის: „არა - ნავთობსადენი, არა - რკინიგზა, არა - საზღვაო პორტი, არა - საუნივერსიტეტო თუ სავაჭრო ცენტრი!..“ ხოლო ის, რითაც მომავლის ქალაქი „სულდგმულობს“, მხოლოდ გულუხვი დაპირებებია „ზემოდან“...

ქუთაისს დაპირებების გარდა, კიდევ ბევრი, ადგილობრივი მასშტაბის უიღბლობაც ახსოვს. მაგალითად, ახსოვს, დროის უმცირეს მონაკვეთში რამდენიმე მერის გამოცვლა. ბოლო ორი წელია, მერის სავარძელი არ გამთბარა, რაც ქალაქისთვის უჩვეულოც იყო, 2009 წლის ბოლოს კი სკამი კვლავ ვაკანტური აღმოჩნდა და მერობის კანდიდატობის განცხადებების მიღება უნდა დაწყებულიყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მხოლოდ ერთადერთი მსურველი აღმოჩნდა, რომელმაც უალტერნატივოდ მოირგო ქუთაისის მერის სავარძელი.

რა თქმა უნდა, კარგია ახალი მერი... ახალი ინიციატივები... ქუთაისი ხომ „მომავლის ქალაქია!“

მოქალაქეთა დიდი ნაწილი თავს საზღვარგარეთ საშოვარზე გადაგებული ოჯახის წევრების მეშვეობით, ან წვრილმანი ვაჭრობით ირჩენს და დილიდან საღამომდე, ამინდის მიუხედავად, თეთრებისთვის უწევს გარეთ დგომა. ქალაქში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით მოწყალებისთვის ხელგაწვდილ ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებიც ლუკმა-პურისთვის თავმოყვარეობას ივიწყებენ. მძიმე სოციალური მდგომარეობა - უმთავრესი პრობლემაა, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას.

ძალზე მცირეა დასაქმებულთა რაოდენობა, ამა თუ იმ სამსახურში გამოცხადებული ვაკანტური ადგილები წინასწარაა დაკავებული „ნაცნობობის“ წყალობით. ფიქტიური ადგილების „ოფიციალური“ გამოცხადება კი „ვითომცდა“ დასაქმებული მოსახლეობაა.

ამ სურათის ფონზე, ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ქალაქში ცოტაა ახალგაზრდობის გასართობი ადგილი. თუ არ ჩავთვლით იმ ერთეულ ცენტრებს, რომლებიც მხოლოდ ერთფეროვნებით შემოიფარგლება ჩვენს ქალაქში. გასართობი ცენტრებიც მხოლოდ მომავლის პერსპექტივაა. აქვე არ შეიძლება, არ გავიხსენოთ საქვეყნოდ განთქმული ქუთაისური საცურაო აუზი. განთქმული იმით, რომ აქ ყველაზე განსხვავებულად ასწავლიდნენ ბავშვებს ცურვას: ხმელეთზე! თუმცა, ჩვენი პრეზიდენტი გვპირდება, რომ ქუთაისელი ბავშვები ამიერიდან წყალში ცურვასაც ისწავლიან და ყინულის მოედანზე სრიალსაც.

„ქუთაისი იქნება არა მხოლოდ საქართველოს მეორე დედაქალაქი, არამედ - მეორე პარიზი, რასაც მე ნახევრად ხუმრობით და ნახევრად  სერიოზულად დავპირდი ქუთაისელებს, იმსახურებს ამას ხალხი,“ - ეს საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი დაპირებაა (ნახევრადხუმრობით თუ ნახევრადსერიოზულად!) - 2009 წლის აპრილში, ქუთაისში ვიზიტისას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარსაა მომდგარი. თქვენ ახლა ნახეთ მორიგი ნაირფერი, ლამაზ-ლამაზი დაპირებები...

ეს ხომ ქუთაისია... სავარდო და სამაისო... მომავლის ქალაქი!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია