დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო კრების ორგანიზატორებს ქუთაისში კარი მიუხურეს...
2010/09/13 14:00:22

10 სექტემბერს ქუთაისს სახალხო კრების წარმომადგენლები და ამ შეხვედრის ორგანიზატორები სტუმრობდნენ. ახალ მოძრაობაში ლიდერობა ნონა გაფრინდაშვილმა იკისრა, თუმცა მის გვერდით პოლიტიკოსებიც არიან, მათ შორის - ირაკლი ბათიაშვილი. სახალხო კრების იდეა ხელოვნების სფეროში მოღვაწეებისთვისაც მისაღები შეიქმნა, სწორედ ამიტომ გოგი ქავთარაძეც ამ მოძრაობის ფრთებქვეშ აღმოჩნდა. თუმცა მათ გვერდით კიდევ მრავალი სფეროს და სხვადასხვა პროფესიული ნიშნის ადამიანები დგანან. იდეა კი ერთია - ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანონ და ხალხს თავისი ნების დამოუკიდებლად გამოხატვის უფლება მისცენ.

 

სახალხო კრების ორგანიზატორები ქუთაისში შეხვედრას რამდენიმე დღე ამზადებდნენ და მასშტაბურობის გამო სასტუმრო „იმერი“ აირჩიეს. თუმცა დანიშნულ დროს კრების ჩასატარებლად მისულ ნონა გაფრინდაშვილს, ირაკლი ბათიაშვილს, გოგი ქავთარაძეს და სხვა აქტივისტებს სასტუმროს ადმინისტრაციამ უარი უთხრა. მიზეზად კი სხვა ჯგუფის მოულოდნელად შესვლა დაასახელეს...

ირაკლი ბათიაშვილი: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი,  ცოცხალი, ქმედითი იდეა და ნათელი ორიენტირი, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს - ვგულისხმობ სახალხო კრების მოწვევის იდეას. როდესაც ხელისუფლება, სააკაშვილის რეჟიმი, აძლევს თავს იმის უფლებას, რომ თავად გადაწყვიტოს ხალხის ბედი, ასეთ შემთხვევაში ხალხს აქვს უფლება შეიკრიბოს და თავისი ნების გამოვლენის გზით გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი, მისი მომავალი განსაზღვროს. აქ შეუძლებელი და არარეალური არაფერია, თუმცა აქ არის მთელი პროცესი მოსამზადებელი. ახლა ჩვენ ვხვდებით ძირითად ბირთვს, რომლებიც შემდგომ ეტაპზე რეგიონების დონეზე ამ აზრს განავითარებენ. თუმცა ჩვენ უკვე ვიგრძენით პირველი ზეწოლა ხელისუფლებიდან. ეს შეხვედრა სასტუმრო „იმერში“ უნდა ჩატარებული-ყო, მაგრამ დღეს იქ მისულებს სასტუმროს ხელმძღვანელობამ სასტიკი უარი გამოგვიცხადა შესვლაზე და მიზეზად ახალგაზრდა მოჭადრაკეების სტუმრობა დაგვისახელეს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრები და თითოეული ნაბიჯი მკაცრ კონტროლზეა აყვანილი ხელისუფლების მხრიდან და მათ ამ კრების მოწვევის და ჩატარების დიდი შიში აქვთ. მაგრამ გეტყვით, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდება და 29 სექტემბრის მერე უფრო ფართო და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გამოიღვიძებს და ამ ძილქუშს თავს დააღწევს. ამ სახალხო კრებაზე კი ჩვენ უნდა მივიღოთ ქვეყნისთვის სასიცოცხლო გადაწყვეტილებები.“

ნონა გაფრინდაშვილი: „ეს იყო სამუშაო შეხვედრა ქუთაისში, ჩვენს აქტივისტებთან. ჩვენ აქ სახალხო კრების მორიგი მოწვევა გავაკეთეთ და აქედან ვგეგმავთ აჭარაში წასვლას. გზაში გურიაშიც გავჩერდებით, სადაც ჩვენს აქტივისტებს შევხვდებით. ეს ჩვენი კრების პირველი გასვლაა და ვფიქრობთ, შეხვედრების შემდეგ სხვა დატვირთვას და ხასიათს შეიძენს. ძირითადი სასაუბრო თემა იყო, თუ რატომ ვიწვევთ სახალხო კრებას და საერთოდ რატომ გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა. ამ შეხვედრებზე მოხდება აზრების შეჯერება, რაც უფრო დაიხვეწება და მივიღებთ ერთიან ჩამოყალიბებულ გადაწყვეტილებას ჩვენი მომდევნო სამუშაო გრაფიკის თაობაზე. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნონა გაფრინდაშვილი დღეს არანაირ პოლიტიკაში არ არის, ეს არ არის პოლიტიკა. უბრალოდ, ეს არის პოზიცია ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისა, რომელსაც უნდა საქართველოს კეთილდღეობა და გადარჩენა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ სფეროს, სადაც შეიძლება პრობლემა მოგვარებადი იყოს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ კონცერტებს, რასაც ეს ხელისუფლება ასე ხშირად აწყობს, არამედ ვგულისხმობ იმას, რომ ხალხს დღეს ძალიან უჭირს, ინგრევა განათლების და მეცნიერების სფეროები და იკარგება ის ფასეულობები, რაც ჩვენმა ქვეყანამ თაობებს გადმოსცა.

მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტ ხანს დარჩებიან ესენი ხელისუფლებაში, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითამდე დამთავრებული, მით უფრო ჩქარა გაექანება ჩვენი ქვეყანა უფსკრულისკენ. აი, ამის შესაჩერებლად შევიკრიბეთ და გვინდა მოვემზადოთ და ჩავატაროთ 29 სექტემბერს თბილისში კონფერენცია, რათა შემდგომ ეტაპზე მოხდეს ნამდვილი სახალხო კრების მოწვევა, რომლის მასშტაბები იქნება გაცილებით დიდი. ამით ჩვენ დავანახებთ ხელისუფლებას ხალხის განწყობის რეალურ სურათს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს - უცხადებს უნდობლობას ამ ხელისუფლებას, თუ არ უცხადებს.

გოგი ქავთარაძე: „დღეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ყველამ იცის. თუ ვინმეს ეს ვითარება მოსწონს და აწყობს, მაშინ ჩვენ ნუ შემოგვიერთდება. ხოლო თუ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება და პოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, მაშინ ჩვენს გვერდით დადგნენ. კონფერენცია, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, იქნება ფუნდამენტური ჩვენი მომდევნო საქმიანობისათვის და იმედი გვაქვს, ქუთაისის საზოგადოება გარკვეულ როლს ითამაშებს, იმ საკითხებს წამოწევს წინ, რა საკითხებიც ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

მანანა მანაგაძე, სახალხო კრების წარმომადგენელი ქუთაისში: „კრების იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი შანსი იმ პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანისა, რაშიც დღეს ვიმყოფებით. დღევანდელი შეხვედრა, მიუხედავად ხელისშეშლისა, მაინც შედგა. გეტყვით, რომ ეს შეხვედრა დიდი საქმის დასაწყისია, რომელმაც ნიადაგი ქუთაისში, იმერეთის რეგიონში უნდა მოამზადოს.“

ქუთაისში, სახალხო კრების ქუთაისის ოფისში, ქალაქში ცნობილი სახეებიც გამოჩნდნენ. პოლიტიკურ ფიგურებს შორის იდგა გოგი წულაია, რომელიც ამჯერად სახალხო კრების იდეით ჩანდა მოხიბლული.

წარმომადგენლობით სახალხო კონფერენციას, რომელიც თბილისში 29 სექტემბერს ჩატარდება, საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი დაესწრება. წარმომადგენლობითი სახალხო კრებაც სწორედ ამ შეხვედრაზე დაინიშნება, სადაც ორგანიზატორები კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1374
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია