დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო ვისია?
2010/02/15 12:42:59

მეტიც - რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი პირველი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც მოსკოვთან თანამშრომლობის დოკუმენტი ოფიციალურად და საჯაროდ გააფორმა. მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ ლიდერი პუტინის პარტიასთან გამართული მოლაპარაკების დეტალებს თითქმის არ ახმაურებს. თუმცა ზურაბ ნოღაიდელმა თბილისში ჩამოფრენისთანავე განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილია და ხელმოწერილი  ჩარჩო-ხელშეკრულების შედეგს ქართველი ხალხი ნახავს. მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ და პარტია „ედინაია როსია“-ს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი მრავალმხრივ ურთიერთობებს, კონსულტაციებს და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა ნოღაიდელის ეს ნაბიჯი სამშობლოს ღალატად შეაფასა, თავად „სამართლიანი საქართველოს“ ლიდერი კი ამბობს, რომ ეს ქართულ-რუსული ურთიერთობების მშენებლობის დასაწყისია.

ამ ფონზე მოსკოვში ქართულ სათვისტომოებს შორის კითხვა გაჩნდა - რომელი მათგანი ემსახურება კრემლის ინტერესებს და ვინ იღებს ფულს ქართველთა  ინტერესების  ბოროტად  გამოყენებისათვის?  მოსკოვში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართული ორგანიზაციები.

მიხეილ ხუბუტიას და ალექსანდრე ებრალიძის წარმომადგენლები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ და იმ სქემების გახმაურება დაიწყეს, რომლითაც დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეები პუტინის ხელისუფლებას ემსახურებიან.

მაშინ, როცა ალექსანდრე ებრალიძემ დავით აღმაშენებლის პრემიების დარიგება დაიწყო, მიხეილ ხუბუტიას ქართველთა და რუსთა კავშირი რეჟისორ რობერტ სტურუას მასპინძლობდა. დიდი ქართველი რეჟისორი რამდენიმე დღის წინ მოსკოვში იყო. მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან რობერტ სტურუას შეხვედრა მიხეილ ხუბუტიას ინიციატივით შედგა. ამ უკანასკნელმა მოსკოვში სადისკუსიო კლუბი შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ქართული დიასპორის წევრებთან გასაუბრება.

ქართველების რუსეთთან დაახლოებისა და ახალი მეგობრობის დაწყების ფონზე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა აგრესორი ქვეყნის ქმედებები გააპროტესტეს. მასშტაბური მსვლელობა ქუთაისში მოქმედმა ყველა უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამართეს. ორი ათასმა სტუდენტმა ბაგრატის ტაძარში ქვეყნის ერთგულების ფიცი დადო და ეს ფიცის წიგნიც გამოაქვეყნა. აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იყო მიმართული და სტუდენტებმა იმ პოლიტიკოსების ქმედებები გააპროტესტეს, რომლებიც საქართველოს მტრებს ურიგდებიან და მასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებენ.

ქუთაისელი სტუდენტებისგან განსხვავებით, უფრო პირდაპირი და ღია პროტესტის ფორმას მიმართეს ბათუმელმა სტუდენტებმა. „წერილი იუდას“ - ასეთი სახელწოდების წერილი გაუგზავნეს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელს. „ძირს შიდა მტერი“, - ეს იყო ძირითადი შეძახილი, რომლითაც აქციაზე შეკრებილი სტუდენტები სკანდირებდნენ. ისინი ნოღაიდელსა და რუსეთის მმართველ პარტიას შორის გაფორმებულ მემორანდუმს ქუთაისელი სტუდენტების მსგავსად აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილე სტუდენტებმა ნოღაიდელისათვის განკუთვნილ გზავნილს ხელი მოაწერეს და საკუთარი პროტესტი დააფიქსირეს.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნებისმიერი ფორმით მოგვარებისთვის, საზოგადოების მცირე ნაწილი ნოღაიდელის ნაბიჯებს ამართლებს.

პარალელურად კი ებრალიძე და ხუბუტია ქართველი ინტელიგენციის მოხიბვლას სხვადასხვა პრემიით ცდილობენ. დაუპირისპირდება თუ არა ეს ორი ოლიგარქი ერთმანეთს, ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ფაქტია, რომ მათი საერთო ინტერესთა სფერო საქართველოა. ამჯერად მათ შორის ურთიერთდაპირისპირების საგანი, შესაძლოა, ამ სფეროს გადანაწილება აღმოჩნდეს. ამ ეტაპზე ხუბუტიას და ებრალიძის გვერდით ექსპრემიერი არ გამოჩენილა. ამის პროგნოზირება თითქმის არ ხდება, რადგან ნოღაიდელის ინტერესი არა რუსული ფული და ოლიგარქებია, არამედ - რუსული პოლიტიკა და დიდი პოლიტიკოსები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია