დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ მიაქვთ ნაციონალებს ბიუჯეტის ფული
2010/02/08 13:39:03

იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში კადრების რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა ხარჯებიც: თუ წინა წელს 685 ათასი ლარი იხარჯებოდა, 2010-ში 956 700 ლარი გაიცემა.

არაოფიციალური ინფორმაციით,  ახალი კადრები თვითმმართველობის არჩევნების მოსაგებად მოიკრიბეს და ნაციონალ აქტივისტებს საარჩევნო აქტიურობისთვის  ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხდიან. ოფიციალურად კი სამხარეოში ახალი სამსახური ყალიბდება - საგანგებო სიტუაციების მართვის.

 ანალოგიური სამსახური თითქმის ყველა მხარის ადმინისტრაციაში შეიქმნება.  ამის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 20 იანვრის №44 ბრძანებულებაა - „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. 

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2009 წელს 27 საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით - 7 თანამშრომელი მუშაობდა. სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია ახალი სამსახურის დამატების შემდეგ კიდევ 22-ით გაიზრდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  დღემდე თითქმის ყველა ქალაქს აქვს. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ სამხარეო სამსახურის დებულება უკვე შექმნილია, მისი მოვალეობები მაინც ბუნდოვანია. უფრო სწორად, ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ ისევ ომი არ დაიწყო, სამსახურის 22 თანამშრომელს ფეხი-ფეხზე გადადებულს მოუწევს ყოფნა. ყველა ქალაქში საგანგებო სიტუაციების სამსახურებს ზუსტად იგივე მოვალეობები აქვთ, რაც სამხარეოში ახლადშექმნილ სამსახურს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  საქმიანობაა: სამაშველო ჯგუფების მზადყოფნის უზრუნველყოფა, გადაუდებელი სამუშაოების კოორდინაცია, სამაშველო ოპერაციების ჩატარება, მოსახლეობის ევაკუაცია, დაზარალებულ და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ზედამხედველობა, დამცავი ნაგებობების, მიწისქვეშა თავშესაფრების კოორდინაცია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი უკვე დანიშნულია, ირაკლი ჯიქია თავადაც აღიარებს, რომ ამ კუთხით არანაირი გამოცდილება არა აქვს, თეორიული ცოდნა - კი. და კიდევ - პარტიული ნიშა, წლებია, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია.

„მე გავივლი კურსებს და სერთიფიკატსაც მივიღებ,“ - ამბობს იგი. სამსახური ახლა ყალიბდება. ირაკლი ჯიქია ამბობს, რომ, ჯერჯერობით, სხვების დანიშვნის ბრძანება არ დაწერილა, არაოფიციალური ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ 22-ვე ვაკანტურ ადგილს ნაციონალი აქტივისტები დაიკავებენ. ამ ინფორმაციას ირაკლი ჯიქია უარყოფს. თუმცა, ვერც იმ ადამიანების სახელებს და გვარებს ასახელებს, ვინც მასთან ერთად იმუშავებს.

სამსახურში დანიშვნის კრიტერიუმები არ არსებობს. ამ სამსახურში მომუშავე სპეციალისტებს, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმუშავებენ, განსაკუთრებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ მოუწევთ. ისედაც, ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი არ გამოცხადდება.

„ვინც მოიტანს განცხადებას, გაივლის ჩვენთან გასაუბრებას და დავნიშნავთ,“ - ამბობს ჯიქია.

ლეიბორისტი სამსონ გუგავა თვლის, რომ ახალი სამსახური სამხარეო ადმინისტრაციაში სწორედ არჩევნებისთვის შეიქმნა.

„ამჯერად ოფიციალურად ჩამო-ყალიბდება: კუნთმაგარი ბიჭებისგან ახალი ზონდბრიგადა, რომელიც არჩევნებისთვის იმუშავებს და თანხას, ხელფასის სახით, ბიუჯეტიდან მიიღებს.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია