დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლების ახალი პიარ-ინიციატივა - პარლამენტი ქუთაისში!
2009/07/27 13:14:14

20 ივლისს პარლამენტში მისულმა პრეზიდენტმა პარლამენტარებს ახალი ინიციატივები გააცნო. ერთ-ერთი - ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად გადაქცევაა. ამით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ინიციატივა ოფიციალურად გაფორმდა. რაკი პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც დაასახელა, ეს წინასაარჩევნო პიარად იქნა აღქმული. თუმცა, ახალი ინიციატივით, ამ ეტაპზე ქუთაისში პარლამენტის მხოლოდ პლენარული სხდომები გაიმართება და, სავარაუდოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერიც ქუთაისში იქნება. კომიტეტები და თავად თავმჯდომარე კვლავ თბილისში დარჩება. პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ ინიციატივას კი წინ უძღოდა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის რამდენიმე შეხვედრა ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებთან და მოღვაწეებთან. თუმცა ეს შეხვედრები მასმედიისთვის დახურული იყო და რამდენიმე დღის მანძილზე არ გახმაურებულა. სწორედ უნივერსიტეტში, დახურულ სხდომაზე, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი 12 წევრის შემადგენლობით. 30 000 ხელმოწერაც, როგორც თავად ამბობენ, დღენახევარში შეაგროვეს და პრეზიდენტს წარუდგინეს. სწორედ ამ ინიციატივის შემდეგ პრეზიდენტმა ქუთათურებს პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის სურვილი დაუკმაყოფილა და პოლიტიკურად დაძაბული ვითარების ფონზე პარლამენტს ახალი ინიციატივა გააცნო.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისელთა აზრი ასეთია.

თეიმურაზ ლანჩავა, საზოგადოება     „ქუთაისელის“ ვიცე-პრეზიდენტი, მწერალი, საინიციატივო ჯგუფის წევრი: ქუთაისი უნდა გაცოცხლდეს! თბილისი თავკომბალას დაემსგავსა, პერიფერიები კი ცარიელდება. ვიცით, ძნელია და გარკვეულ ხარჯს მოითხოვს ჩვენი ჩანაფიქრი, მაგრამ აუცილებელია... ისიც ვიცით, ჩვენს მოსაზრებებს არ დაეთანხმება პარლამენტის წევრთა უმრავლესობა, რომლებმაც მშვენივრად „მოირგეს“ თბილისი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ვისაც მისი ქვეყანა უყვარს და მისი მთლიანობისთვის ზრუნავს, დროებით მაინც შეძლებს, შეელიოს კომფორტს და, როგორც დეპუტატმა და ხალხის რჩეულმა, მხარი დაუჭიროს ჩვენს მოსაზრებას. როგორი შესახედი იქნებოდა ადამიანი, თავი რომ იზრდებოდეს, ხოლო სხეულის სხვა ნაწილები არ ვითარდებოდეს? სწორედ ამაზე მსჯელობდნენ წლების წინათ ჩვენი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, მეცნიერები - აკაკი ბაქრაძე და ჯანსუღ ღვინჯილია, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თბილისი თავკომბალას დაემსგავსა, თავის „ტყავში“ ვეღარ ეტევა, საჭიროა მისი განტვირთვა, დედაქალაქმა რომ ამოისუნთქოს, სამაგიეროდ, შეივსოს და განვითარდეს პერიფერიები, რომლებიც შესამჩნევად ცარიელდებიან. თუ ქუთაისი არის საქართველოს მეორე დედაქალაქი, როგორც ეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მან ბევრი ახალი ფუნქცია შეიძინოს და იქცეს ჭეშმარიტად ღირსეულ, ერთ-ერთ ცენტრად. ამასთან დაკავშირებით ათასობით ხელმოწერა შეგროვდა და პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ხალხის მოსაზრებას. ზოგიერთმა პარლამენტარმა მდაბიო იუმორის დონეზე დაიყვანა ჩვენი საერთო საფიქრალი და იმის მტკიცებას შეუდგა, ეს საქმე ქუთაისს უნდა ეტვირთა თუ ხარაგაულს. ასეთმა არასწორმა ხედვამ და შეფასებებმა ბევრი შესანიშნავი წამოწყება გააუფასურა და არ ვისურვებ, ახლაც ასე მოხდეს. თავის დროზე ქუთაისმა და დასავლეთმა „მსხვერპლი“ გაიღო და დონორის როლი შეასრულა, რომ თბილისი გაჯანსაღებულიყო, ახლა ქუთაისი ითხოვს იმავეს და პატრიოტებმა მხარი უნდა დაგვიჭირონ. ქუთაისის მომავალი ზრუნვასა და დაფიქრებას მოითხოვს...

რეზო ჭეიშვილი, მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი: ვფიქრობ, ძველმა გუბერნატორმა ამით თავისი ვალი მოიხადა. პარლამენტის გადმოტანა ქუთაისში კარგია, მაგრამ ასე ნაწილ-ნაწილ და დამადლებულად არ ვარგა. გახსოვთ, ალბათ, რომ ამბობდნენ, უმაღლეს სასამართლოს გადმოვიტანოთ და ჩვენმა პრეზიდენტმა მერე ბათუმში გააქანა. ამ ხელისუფლებას ყველაფერი ზღვისპირა ქალაქებისთვის ემეტება, თუმცა პარლამენტის თუნდაც ნაწილობრივ გადმოტანა ქუთაისს ნამდვილად გააცოცხლებს.

ავთანდილ ნიკოლეიშვილი, პროფესორი, - მე ამ შემთხვევაში არანაირ პოლიტიკურ ძალას არ წარმოვადგენ და ვთვლი, რომ ეს არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მსოფლიოში არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ორი და სამი დედაქალაქი აქვთ. მინდა გითხრათ, რომ ამაზე საუბარი ჯერ არ დაწყებულა. გასული საუკუნის 60-70-იან წლებიდან აქტიური საუბრები მიდიოდა იმაზე, რომ თბილისი თავკომბალას დაემსგავსაო. ჯანსუღ ღვინჯილიამ ასეთი რამ თქვა - აქ იბორგებენ ვულკანები და მერე თბილისში ამოხეთქავენო. ასეთი ფორმით ეს არ გამოაქვეყნეს და მაშინდელმა ცენზურამ ეს ასე შეცვალა - აქ იბორგებენ და ვულკანები სადღაც, შორს ამოხეთქავენო. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის იდეა თუ განხორციელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ან ორ წელიწადში ქართული სახელმწიფოს განვითარების გზაზე ერთი ქალაქის სახელმწიფოდან მთლიან სახელმწიფოდ გადავიქცევით. ახლა საქართველოს მოსახლეობის ნახევარი თბილისში ცხოვრობს. ოქროს ხანა რომ იდგა საქართველოში, მაშინ ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი ცენტრი ჰქონდა. ვფიქრობ, არის ისეთი საკითხები, როდესაც პოზიცია და ოპოზიცია ერთად უნდა იდგნენ. აი, ასეთ საქმედ მიმაჩნია ეს საკითხი.

მერაბ გვაზავა, ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი: პოლიტიკურად რამდენად მისაღებია პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა, ამას ვერ გეტ-ყვით, მაგრამ თბილისი თუ ცოტა არ განიტვირთა, მუტანტ ქალაქს დაემსგავსა. ქუთაისისთვის ეს მნიშვნელოვანია. არის თუ არა ეს ვინმეს პიარის ნაწილი, ამაზე გეტყვით, რომ პოლიტიკა ყოველთვის შეიცავს პიარის ელემენტებს და ეს მსოფლიო პოლიტიკაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ამგვარ პიარს კი ორივე, გაშლილი ხელით მივესალმები.

ზურაბ ჯავახაძე, სპორტული მუზეუმის დირექტორის მოადგილე: ჩვენს უნივერსიტეტში, რექტორის კაბინეტში ორი დღის წინ აკაკი ბობოხიძე 15 ქუთაისელს შეგვხვდა და ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი გვკითხა. მე, პირადად, თანახმა ვარ, მაგრამ ჩვენი გზები ძალიან ვიწროა და ვერ გაუძლებს გადატვირთვას. თუმცა კარგია იმ კუთხით, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდება. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ქუთაისი კვლავ გახდება თბილისის მარჯვენა ხელი.

ბიჭიკო ზვიადაძე, გაზეთ „რიონის“ ყოფილი რედაქტორი: საინტერესო წინადადებაა და ვფიქრობ, აუცილებლად წაადგება ქალაქს. მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად მიზანშეწონილია ამ ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკურად.  საქართველოს ქალაქების განვითარება მომწონს, მაგრამ ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის სამთავრობო სტრუქტურებისთვის.

ეთერ ნაცვლიშვილი, ჟურნალისტი: აქ არის ხელისუფლება, რომელსაც რაღაცეები ნანახი აქვს საზღვრებს გარეთ და უნდათ ქალაქში სიახლის შემოტანა. მე ვფიქრობ, რომ აქ არავითარი პარლამენტი არ გადმოვა, უბრალოდ, დროდადრო ქუთაისისკენ წამოვა მანქანების კოლონა და აქ ჩატარდება სხდომები. ეს ყველაფერი არჩევნებისთვის კეთდება. ამით უკვე საარჩევნო „ტრიუკები“ დაიწყო ხელისუფლებამ. ვფიქრობ, ეს პიარის ნაწილია, რადგან ქუთაისში არანაირი ბაზა არ არის პარლამენტის ფუნქციონირებისათვის. ჩვენი ხელისუფლება ნამდვილი ოსტაპ ბენდერის ხელისუფლებაა.

ნანი ჟორჟოლიანი, იოსებ ოცხელის სკოლის მასწავლებელი: დაგვიანებულმა წინადადებამ - ვიხსნათ თბილისი თავკომბალას როლისაგან - დიდად გამახარა. ბოლოსდაბოლოს, ყველაფერი თბილისში რომაა თავმოყრილი - ნამდვილად „არ“ თუ „ვერ“ მეტყველებს „ევროპულობაზე“. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დიახაც რომ იმშვენებდა ჩემი ქალაქი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქის როლს, სწორედ დავითის ქუთაისი იყო სიმბოლო სრულიად ერთიანი საქართველოს მებაირახტრობისა. არა გვაქვს, ბატონებო, სურვილი - გინდა თუ არა ადმინისტრაციული ცენტრი ქუთაისი იყოს, მაშინ, იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, ანდა კულტურულ დაწესებულებათა ცენტრი! ისე, კი გვიყვარს ევროპის ქვეყნებისკენ ყურება გადასახადებზე თუ საპოლიციო რეჟიმზე და... აბა, რომელი ქალაქია არასრულფასოვანი იტალიაში, რომს რომ ტოლს არ უდებდეს - ფლორენცია თუ ვენეცია, გენუა თუ მილანი.

ახლა გერმანიას გახედე - ბონი, ბერლინი, ფრანკფურტი, ადმინისტრაციული ცენტრი თუ საუნივერსიტეტო ქალაქები საპორტო თუ თეატრალური, კინოფესტივალების ცენტრები სულაც არ არიან თავმოყრილი ერთ მრავალრიცხოვან ქალაქში.

წინადადებას, ქუთაისში იქნას გადმოტანილი ჩემი ქვეყნის საპარლამენტო ცენტრი - არათუ ვეთანხმები... მოვითხოვ(!)

განტვირთეთ, შეიცოდეთ ჩვენი დედაქალაქი უამრავი ფუნქციონალური დატვირთვისაგან, ნუ დაამგვანებთ ერთ დიდ „ბაზრობას“.

მიეცით ფუნქცია - ევრაზიის სასაზღვრო ქალაქს - მატარებელს ყველა იმ სასიკეთო თვისებებისა, რაც გააჩნია აზიასაც და ევროპასაც.

ქუთაისის ოპოზიციური ფრთის აზრიც ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა აქამდე გაუხმაურებელ დეტალებზე ისინიც საუბრობენ.

სამსონ გუგავა: ქუთაისში პარლამენტის გადმოტანის იდეა კონკრეტულად ვის ეკუთვნის, არ ვიცი, მაგრამ იმაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იდეა, როგორც კაკო ბობოხიძე ამბობს, ნაწილობრივ ეკუთვნის მასაც, რადგან ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბანდიტურ დანაშაულებათა ჯგუფის თავში მომწიფებული იდეა და ამ გუნდის ნაწილი ბობოხიძეცაა. პირველ რიგში, ეს მოფიქრებულია იმ პიარისთვის, რომ ხელისუფლებას მორყეული აქვს პოზიციები და ცდილობს, ახალი სატყუარათი მიიპყროს ყურადღება. მათ სურთ, მთავარ საკითხად გახადონ, თუ სად იქნებიან პარლამენტში განლაგებული მუქთახორები ტერიტორიულად. ქუთაისში პარლამენტის გადმოტანა ახეირებს მხოლოდ რესტორნებს, რომლებიც ისევ და ისევ ჩინოვნიკებისაა, მათ შორის - საკრებულოს თავმჯდომარის, რადგან მათ აქვთ ჭამის მადა ქვეყნის ნაძარცვი ფულით. რაც შეეხება კაკო ბობოხიძისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრას, აქ იყო მის მიერ გაჟღერებული შემდეგი აზრი - ეს იდეა მომწიფდა ხელისუფლების, მათ შორის, მის თავში. მან თქვა, რომ ეს ინიციატივა უნდა გაფორმდეს ქუთაისელების სახელით, რაც, იმთავითვე, ვფიქრობ, რომ არის ამ მოსახლეობის შეურაცხყოფა და დამცირება, გამომდინარე იქიდან, რომ შენს თავში მომწიფებული აზრი არ შეიძლება გაასაღო, როგორც ქუთათურების მოსაზრება და მეორე, ტყუილია ის, რომ 30 000 ხელმოწერა ჩაიტანა კაკო ბობოხიძემ ქუთაისიდან. ამ დღეს ბობოხიძე უნივერსიტეტში ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელად რექტორი აირჩიეს. მეორე დღეს ქუთაისიდან წაღებული ხელმოწერებიდან ჩანს, რომ თითქოს რექტორი და საინიციატივო ჯგუფის წევრები კარდაკარ დადიოდნენ ხელმოწერების შესაგროვებლად. ეს თათარიახნად მომზადებული ხელმოწერებია, ანუ ყალბია. ხელისუფლება ამით ცდილობს, რომ მთავარი პოლიტიკური მოვლენებიდან მოსახლეობის ყურადღება სხვაგან გადაიტანოს, როგორიცაა პარლამენტის ადგილმონაცვლეობა, რაც არაფერს შეცვლის. კაკო ბობოხიძეს შეხვედრაზე ვუთხარი, რომ მე არ მახსოვს, ვინმე ხელისუფლების წარმომადგენელი ქუთათურებს რამეს დაჰკითხოდა-მეთქი და ლეგიტიმური ეჭვი მიჩნდება იმისა, რომ ეს თქვენი სახეიროა-მეთქი. ეს არის გადამალვის პოლიტიკა, იმ ფონზე, როცა პარლამენტის წინ აქციები თვეობით მიმდინარეობს და არ იშლება.

ვიკა ნაკაშიძე, საკრებულოს წევრი, რესპუბლიკური პარტიის იმერეთის რეგიონის თავმჯდომარე: ბატონი ბობოხიძე ამ თემასთან დაკავშირებით ქუთაისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეგვხვდა. შეხვედრას ბობოხიძის ძმაც ესწრებოდა. მე ვაფასებ მის გულწრფელობას იმ საკითხში, როცა მან თქვა, რომ ეს საკითხი ხელისუფლებასთან, ზემოთ, გადაწყვეტილიაო. ფაქტიურად, მან სპექტაკლში მონაწილეობა შემოგვთავაზა. ისიც თქვა, რომ მან პატარა ხონით შეძლო პოლიტიკაში არსებობა და რომ ხონში დიდი კაცია, ქუთაისში კი პრობლემები აქვს. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა ბევრ ეჭვს იწვევს. ხელისუფლებას ივლისში გაახსენდა თბილისის განტვირთვა. ეს რომ იყოს ეკონომიკისთვის, ან თუნდაც ქუთაისის განვითარების გრძელვადიანი გეგმით გათვალისწინებული, კარგია; თუნდაც პარლამენტის სხვა სახით გადმოტანა. მაგრამ როდესაც პარლამენტარებმა ღამის გასათევად ქუთაისში უნდა იარონ, ეს ბიუჯეტიდან კიდევ დამატებითი თანხების გამოყოფას საჭიროებს. თბილისში ახლა სხედან და ფიქრობენ დასავლეთ საქართველოს მობილიზებაზე. ამ განცხადებით ხელისუფლებამ მოსახლეობის რაღაც სეგმენტში მიზანს მიაღწია. ჩვენ ხელისუფლებისგან კონკრეტული საკითხები გვაინტერესებს, არა მარტო შენობის აშენებასთან დაკავშირებით, არამედ - როგორ აპირებენ პლენარული სხდომების ჩატარებას ქუთაისში. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ამ ხელისუფლებისადმი, მე ყურადღებით ვუყურებდი პრეზიდენტის გამოსვლას. ვფიქრობდი, რომ ის პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას შეეცდებოდა. ფაქტიურად მას პარლამენტში ახალი არაფერი უთქვამს.

მამუკა მღვდელაძე, „ალიანსი საქრთველოსთვის“ ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი: ეს ბადებს ეჭვის საფუძველს, რომ პოპულიზმთან გვაქვს საქმე. თუმცა პარლამენტის გადმოტანა კარგია და წაადგება ქალაქს. ის, რომ მე ოპოზიციაში ვარ, არ ნიშნავს იმას, ვიყო წინააღმდეგი. ეს ინფრასტრუქტურის განვითარებას გამოიწვევს და ქალაქი განვითარდება. მაგრამ დღეს ფაქტია, რომ ხელისუფლება თავის რეაბილიტაციას ცდილობს. კარგია, თუ ეს მორიგი პოპულიზმი არ იქნება, რადგან ეს არ იქნება მარტო კაკო ბობოხიძის ან ნაციონალების პარლამენტი. ამასთან დაკავშირებით თუ ჩემი ეჭვი არ გამართლდება, ამ გაწბილებისგან მოხარული ვიქნები.

 

***

აზრთა ამ სხვადასხვაობის ფონზე პარლამენტის ასაშენებლად ტერიტორია გამოყოფილი ჯერ არ არის. ამ საკითხზე არც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება არ საუბრობს. ჩვენ გამოცდილ არქიტექტორს რამაზ სალდაძეს დავუკავშირდით და დავინტერესდით, თუ სად მოიაზრებდა ის პარლამენტის შენობისთვის შესაბამის ადგილს. „თუ რაიმეს „მოვსტაცებთ“ თბილისს, კარგია - გვითხრა მან, - მე, როგორც არქიტექტორი, მივესალმები იმ საკითხს, რაც უფრო კარგი და ლამაზი შენობა დაამშვენებს ქუთაისს. ეს აუცილებლად ქალაქის ინფრასტრუქტურას ააშენებს და განავითარებს, როგორც სამშენებლო-არქიტექტურული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც. თბილისი უნდა განიტვირთოს. ქუთაისი კი გეოგრაფიულად მნიშვნელოვნად სტრატეგიული ქალაქია. რაც შეეხება ადგილს, თუ პარლამენტს ჰექტრობით ფართობი დასჭირდება, გამარჯვების მემორიალი მშვენიერი ადგილი იქნება. ხოლო თუ 3-4 ჰექტარი დააკმაყოფილებს, მაშინ სარაჯიშვილის ქუჩაზე ჰოსპიტლის ტერიტორიაზეც შეიძლება აშენდეს. მაგრამ აქ ადგილის მიხედვით შენობის ტიპი უნდა განისაზღვროს. მემორიალთან ქალაქს ზეთანამედროვე შენობა დაამშვენებს, ხოლო ქალაქის ცენტრში თანამედროვე-კლასიკური შენობა ისტორიული ქუთაისის ნაწილში კარგად ჩაჯდება,“ - აღნიშნა რამაზ სალდაძემ.

რამდენად გაითვალისწინებენ არქიტექტორების აზრს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. რამდენადაც ცნობილია, ახალი პარლამენტის საძირკველი მიმდინარე წელს ჩაიყრება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია