რატომ ახდენს საზოგადოება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების დისკრიმინაციას?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ფსიქიკური აშლილობა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და იგი, შეიძლება, ყოველ მეოთხე ადამიანს დაემართოს, თუნდაც ერთხელ ცხოვრების მანძილზე.
სტატისტიკა მსოფლიოში, დაახლოებით, 450 მილიონ ადამიანს ითვლის, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება. ფსიქიკური დაავადებები ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვში შედის - გულის დაავადებების შემდეგ მას მეორე ადგილი უჭირავს. თუმცა, დეპრესია, ფობიები, შიზოფრენია და სხვა იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში განკურნებადია. ფსიქიატრების თქმით, კი ფსიქიკური ჯანმრთელობა უფრო მეტია, ვიდრე ფსიქიკური აშლილობის არქონა.
დღეს ქუჩაში არცთუ იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დადიან და თავის თავთან საუბრობენ, ან იცინიან, შესაძლოა, თქვენი ყურადღება უცნაურმა შეძახილმაც მიიქციოს: „შევარდნაძეს გაუმარჯოს!“ „გაუმარჯოს ქურდებს!“ „სტალინი მოდის!“ შეძახილების ავტორების მიმართ საზოგადოებას ერთგვაროვანი რეაქცია აქვს: „გიჟია!“, ეს უკანასკნელი სტიგმაა, რომელიც იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების იზოლაციას საზოგადოებისგან.
ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ღიად ისაუბრებს თავის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, რადგან ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს მასზე, აყოვნებს მკურნალობის პროცესის დაწყებას და ხელს უშლის გამოჯანმრთელებას. მეორეს მხრივ, საზოგადოებრივ დისკრიმინაციასაც იწვევს, ეს კი ადამიანის უფლებათა შეზღუდვაა სოციალური, ეროვნული, პოლიტიკური ან სხვაგვარი მდგომარეობის ნიშნით.
თუმცა, დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი იძლევა, სადაც წერია: „ყველა ადამიანი დაბადებით და კანონის წინაშე თანასწორია, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი.
ფსიქიატრი ვახტანგ სიხარულიძე პრობლემას სტიგმაში ხედავს, რომელიც პირდაპირ აისახება ფსიქიკური პრობლემების ქმონე ადამიანზე. „მე არ მესმის, როცა ჯანმრთელი ადამიანი ამბობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშიაო. რას ნიშნავს „საზოგადოებისთვის საშიში“? ვინც კრიმინალურ დანაშაულს ჩადის, ის არ არის საზოგადოებისათის საშიში? სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამგვარ დანაშაულებს ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ჩადის. სულიერად ჯანმრთელი მხოლოდ იესო ქრისტე და დედა ღვთისმშობელი იყო. სტიგმა კომუნისტურმა პარტიამ უფრო გაამყარა იმ კუთხით, რომ მათ პოლიტიკურ მრწამსს ვინც არ იზიარებდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში აწვენდნენ, ხოლო იქიდან გამოსულებს ყველა „გიჟად“ ნათლავდა. გიჟის საუბარს კი საზოგადოება ნაკლებად იზიარებს. ეს იყო მაშინდელი რეალობა, როცა კომუნისტები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მდგომარეობას ბოროტად იყენებდნენ. მაგრამ ფსიქიატრია მაშინაც და ახლაც უფრო მაღალ იდეალებს ემსახურება. კომუნისტების მიერ „გიჟად“ მონათლულები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. პარალელურად კი კომუნისტები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მომუშავე ფსიქიატრებზეც ახდენდნენ ზეწოლას, თუმცა ბევრი ფსიქიატრი მათ შეთავაზებებს არ დაეთანხმა. ამან ფაქტობრივად, დარგი გადაარჩინა, ხოლო მეორეს მხრივ, ბევრი ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს გადაურჩა,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში ვახტანგ სიხარულიძე.
ფსიქოლოგ დავით ფორჩხიძის თქმით: „ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და პათოლოგიას შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები არსით ბოროტები არ არიან.
ქართველები ღრმად მორწმუნე ერი ვართ. მართლმადიდებლობა ადამიანების მიმართ შემწყნარებლობას ქადაგებს. ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ დიდი გზა უნდა განვლოს, რათა ეს ადამიანები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აღიაროს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დისკრიმინაციის მთავარი მიზეზი საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულობაა.“
საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა უფლებებს მკაცრად განსაზღვრავს. იქ წერია, რომ: „საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო აღიარებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტური ნაწილი და საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი პირობა, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა - სახელმწიფოს მოვალეობაა.“ მიუხედავად ამისა, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების უფლებები ხშირად ირღვევა, რადგან მათთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, საცხოვრებელი. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით, ისინი სარგებლობენ იმავე უფლებებით, რითაც საქართველოს სხვა მოქალაქეები. ხოლო საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ (მუხლი 6, მე-2 პუნქტი) ამბობს: „ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს პირის არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს, არამედ მის ფსიქიკურ მდგომარეობას და სოციალური ადაპტაციის ხარისხს.“
ნინო ზავრადაშვილი უკვე რამდენიმე წელია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებებზე მუშაობს. მისი თქმით: „როცა ადამიანის შეზღუდვა ემყარება არა რაიმე დიაგნოზს, არამედ ფსიქიკურ შეზღუდვას, საჭიროა პაციენტის უფლების დაცვა. პარალელურად არსებობს შეხედულება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზიც კი საკმარისია, რათა ადამიანს შეუზღუდონ უფლებები. ტრადიციულად არსებობს შეხედულება, რომ გვეშინია ფსიქიკური დიაგნოზის. რადგან ვთვლით, რომ დაავადებულ ადამიანს არ შეუძლია ისწავლოს, იმუშაოს და ასე შემდეგ. რეალურად კი ადამიანის მდგომარეობა არაფერს არ ნიშნავს. ადამიანის ნიჭის და შესაძლებლობების შეფასება უნდა მოხდეს არა დიაგნოზის საფუძველზე, არამედ რეალურად, კონკრეტულ მომენტში მას რა შეუძლია. ანუ რადგან მე ერთხელ უკვე მოვხვდი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ეს არის დაღი, რომ ხვალ ვეღარ შევძლებ რაიმე კარგის გაკეთებას. დღეს კი საზოგადოება დიაგნოზის უკან პიროვნებას ვერ ხედავს. კომუნისტური რეჟიმი ტოტალიტარული იყო, მისი ძირითადი დანიშნულება საზოგადოების სრული კონტროლი იყო. ეს კი რეალურად ინდივიდუალიზმის და თავისუფალი აზროვნების დათრგუნვას ემსახურებოდა. ამ რეჟიმში განსხვავებული და ინდივიდუალური, ცხოვრებისთვის საშიშ მცნებებად ჩამოყალიბდა. აქედან გამომდინარე, ვინც ჩვენგან განსხვავებულია, ჩვენთვის აღიქმება როგორც საფრთხის მომტანი. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ რეალობის უკან ნამდვილი ადამიანი დავინახოთ და პატივი ვცეთ ამ ადამიანის შესაძლებლობებს, ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს იმ რეჟიმისგან მოდის, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა იმაზე, რომ საზოგადოებას განსხვავებული აზრი არ მიეღო.
კანონების პარალელურად, საზოგადოებაში არსებული დრომოჭმული მითების მსხვრევაც საჭიროა. რადგან ფსიქიკური დაავადება საზოგადოების აზროვნებაში ასოცირებულია საშიშროებასთან და დანაშაულთან. თუმცა, ზოგჯერ ამ დანაშაულისკენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს თავად საზოგადოება უბიძგებს.