დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად იმალება ბიუროკრატია?
2011/05/16 12:48:40

ტერფმოკვეთილი ქალბატონის ორთვიანი მოგზაურობა დაწესებულებიდან დაწესებულებაში

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოხელეები ბევრს საუბრობენ ბიუროკრატიის მოშლასა და მის არარსებობაზე ქვეყანაში, ხშირად ზედმეტი და არაფრისმომცემი პროცედურებით თავგაბეზრებული ადამიანები საერთოდ ივიწყებენ დაწყებულ საქმეს. და სად არსებობს ბიუროკრატია იმაზე მძლავრად, ვიდრე ჯანდაცვის სფეროში? 

 

მოგიყვებით ერთ კონკრეტულ ქალბატონზე, რომელიც უკვე 26 წელია, შაქრიანი დიაბეტის მატარებელია, სამი წლის წინ ოპერაცია გაიკეთა, მარცხენა ფეხის ნახევარი ტერფი მოკვეთეს და მდგომარეობა თანდათან უფრო უმძიმდება. 75 წლის ნუნუ გურულს ნიკეას ქუჩაზე მდებარე მეოთხე პოლიკლინიკაში მეორე ხარისხის უნარშეზღუდულობა დაუდგინეს, რომელიც ითვალისწინებს ფუნქციების ზომიერად გამოხატულ დარღვევას. ეს სტატუსი 5 წლის განმავლობაში დროებითია და საჭიროებს ავადმყოფის შემოწმებას  ყოველწლიურად. მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ მიენიჭება მას მუდმივი სტატუსი.

2011 წელს მორიგი ასეთი შემოწმებისას ქალბატონ ნუნუს გაცილებით მეტი პრობლემა შეექმნა, ვიდრე გასულ წლებში. როგორც მისმა ქალიშვილმა, ირმა გურულმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მთელი ეს პროცედურა 2 თვე გაგრძელდა. „წელს ჩვენი უბნის პოლიკლინიკა (მეოთხე) აღარ აკეთებდა სტატუსის გაახლებას, რადგან ამის უფლება სამინისტროსგან არ აქვს მინიჭებული. მათ ჯერ კლინიკურში გაგვიშვეს, სადაც ექიმებმა გვითხრეს, რომ ამ ქალბატონს მუდმივი სტატუსი ეკუთვნოდა თავიდანვე, რადგან პენსიონერია და ჩვენ ხელს ვერ მოვკიდებთო. ისევ უბნის პოლიკლინიკაში დავბრუნდით, მათ თავიანთი შეცდომის გასწორება ვეღარ მოახერხეს და გაგვიშვეს პირველ პოლიკლინიკაში.“ ქალბატონი ირმას თქმით, ვერც იქ მისულთ დახვდათ სახარბიელო მდგომარეობა, ახლა პრობლემა დაზღვევა გახდა. თურმე პირველი პოლიკლინიკა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი-სი-აი-ს“ კლიენტებს ემსახურება მხოლოდ, ქალბატონი ნუნუ კი „ჯი-პი-აი-ს“ მომსახურებით სარგებლობს. „ჩვენმა სადაზღვევო კომპანიამ კლინიკურ საავადმყოფოში გაგვგზავნა სამედიცინო შემოწმების მიზნით. იქ გავიარეთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან და მერე გამომიცხადეს, ამ საავადმყოფოს სტატუსის გაახლების უფლება არ აქვსო. მერე ისევ ქალაქის მეხუთე პოლიკლინიკაში გაგვგზავნეს, იქ 12 სახის გამოკვლევა დაუნიშნეს დედაჩემს, 4 მათგანი კი ისევ კლინიკურ საავადმყოფოში გაგვაკეთებინეს თავიდან.“

ამ ყველაფრის შემდეგ კვლევის პასუხები უნდა განიხილოს სადაზღვევო კომპანიამ. როგორც ქალბატონი ირმა იხსენებს, როცა სამედიცინო შემოწმების შედეგები „ჯი-პი-აი-ს“ ოფისში მიიტანეს, კონტროლის პალატა მუშაობდა და პასუხებმა ორი კვირით დაიგვიანა. ყოველივე ამან კი ის გამოიწვია, რომ ქალბატონ ნუნუს ორი თვის განმავლობაში არ ჰქონდა შესაბამისი წამლები და მკურნალობა, რამაც მისი მდგომარეობის კიდევ მეტად დამძიმება გამოიწვია.

ეს ერთი კონკრეტული მაგალითია, რომელმაც ჩვენს ყურამდე მოაღწია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ასობით და ათასობით ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება თანდათან უფრო მძიმდება იმ სახელმწიფო მოხელეთა გამო, რომლებიც იღებენ ათასგვარ აბსურდულ კანონს, აწესებენ ბევრისთვის გადაულახავ ბარიერებს. დამეთანხმებით, რომ ავადმყოფი ადამიანისთვის ძალიან ძნელია გაუთავებლად სიარული ქალაქის ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში ორი თვის განმავლობაში. კაბინეტებში მსხდომი და კანონმდებლობაზე მზრუნველი  „კეთილი“ ადამიანები კი, საბოლოოდ, თავადაც ვეღარ ახერხებენ იმაში გარკვევას, მათ მიერ მიღებულ ამდენ აბსურდულ დადგენილებაში სად არის თავი და სად - ბოლო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1750
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია