დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ცურვა“ ხმელეთზე
2011/04/11 14:00:14

ქუთაისი რომ ქარების ქალაქია, ცხადია ახალი ამბავი არ არის. გვაწუხებს, თუმცა ბუნების ნებას წინ ვერ აღვუდგებით. მაგრამ წვიმიან ამინდში რომ ხმელეთზე გვიწევს ცურვა, აი, ამას კი ნამდვილად უნდა ეშველოს რამე. მაგრამ გვშველიან კი?...  

 

ქალაქის მოსახლეობის უმეტესობას წვიმის დროს დაგუბებული და გაუწმენდავი ღვარსადენები აწუხებს.

გამოკითხვით, აი, ასეთი სურათი მივიღეთ:

ნანული ალავიძე (ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევში მცხოვრები):  „ერთხელ ვითომ კი გააკეთეს და გაწმინდეს ღვარსადენები, მაგრამ შემდეგ ისევ გაიჭედა. ახლა ცენტრალური გზიდან გადმოდის წყალი და ბინებში შემოდის. ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან ჯერ არავინ მოსულა შესაკეთებლად.“

ია ბაბუნაშვილი (დია ჩიანელის ქუჩის მცხოვრები): „არავინ გვაქცევს ყურადღებას. ამბობენ, ჩვენი ქუჩა ჩასმულიაო შესაკეთებელთა სიაში, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა, რომ გაერკვიათ, რა გვაწუხებს. არადა,  წყლის პრობლემაც გვაქვს. მილების შესაცვლელად იყვნენ მოსულები, მაგრამ სამუშაო ნახევრად გაუკეთებელი დატოვეს.“

ნანა გაბუნია (ლადო ასათიანის მე-4 ჩიხში მცხოვრები): „ამ მხრივ ჩვენს ქუჩაზე საგანგაშო მდგომარეობა არაა. იყვნენ მოსულები და გააკეთეს.“

იასონ ბობოხიძე (დია ჩიანელის ქუჩის მცხოვრები): „წვიმიან ამინდებში, რა თქმა უნდა, გვაქვს ღვარსადენების პრობლემა და, თუკი ვინმე მოგვაქცევს ყურადღებას და გააკეთებს რამეს, მაგას რა ჯობია. ისე, იყვნენ მოსულები და წყალსადენები გაგვიკეთეს, მაგრამ მალევე გაფუჭდა.“

კესო გაბადაძე (დავით და კონსტანტინეს ქუჩის მცხოვრები): „ჩვენს ქუჩაზე ხუთი თვეა, რაც ქვაფენილი დააგეს და ღვარსადენების პრობლემა უკვე აღარ გვაწუხებს. გაკეთებულია ყველაფერი.“

მარიამ ბასილაძე (შიო არაგვისპირელის ქუჩის მცხოვრები): „განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში ეზოები სულ იტბორება და ცუდ დღეშია. შარშან მოსახლეობამ გავწმინდეთ, ახლა ისევ გაჭედილია,

 

***

ქალაქის ხელმძღვანელობიდან ჯერ არავინ ყოფილა მოსული, რომ გაეწმინდათ.“

ქალაქის ბიუჯეტიდან კი ღვარსადენების პრობლემის მოსაგვარებლად 200 000 ლარია გამოყოფილი.

როგორ იხარჯება ფული?

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ანდრო მაღლაკელიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა: „ბიუჯეტიდან გამოყოფილი 200 000 ათასი ლარი - ეს არის თანხა, რომელიც იმ ღვარსადენების მოვლა-პატრონობას სჭირდება, რაც ქალაქში გვაქვს. ტენდერში გამარჯვებული ფირმები ქალაქში სისტემატიურად აწესრიგებენ ღვარსადენებს. როცა წვიმა არ არის, მაშინაც წმენდენ, რადგან, როგორც იცით, ჩვენ ღია ღვარსადენები გვაქვს, სადაც მოსახლეობა ნაგავს ყრის და თუ მალ-მალე არ გაიწმინდება, წვიმის და ნალექის დროს ხშირია გაჭედვის შემთხვევები. ტენდერში დაახლოებით 45 000 ლარის მოგება ვნახეთ, ამით კი ვგეგმავთ ახალი ღვარსადენების შეკეთებას, სადაც სავალალო მდგომარეობაა.

ასევე მიკრორაიონებში (ბუხაიძეზე, თაბუკაშვილზე, ავანგარდში და ნიკეაზე) საერთოდ არ არის შიდა კვარტალური ღვარსადენები. მოწესრიგებულია მხოლოდ ცენტრალური - მთავარი კოლექტორი და თვით ბინებში არის პრობლემები, მაგრამ ქალაქის მერმა და მხარის გუბერნატორმა ეს საკითხი დააყენეს რეგიონალური განვითარების სამინისტროს წინაშე და თანხების გამოყოფა ხდება, რომ მოწესრიგდეს ეს შიდაკვარტალური ღვარსადენები. ჩვენს მიერ კი პროექტირების სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა 40 000 ლარი.“

როგორც კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, ტენდერი ჯერ კიდევ იანვარში გამოცხადდა.  მოგვაწოდეს გამარჯვებული სამი ფირმის დასახელებაც - სატელეფონო ნომრებითურთ, მისამართი არ ჰქონდათ: შპს „გზა-2004“, შპს სსს საწარმო (?!!) და შპს „მეოხი“.  ამ ფირმების მიერ კაპიტალურად შესაკეთებელი ნიაღვარმიმღები ობიექტების ნუსხა შემდეგნაირია: ახალგაზრდობის გამზირის მე-8 შესახვევი; დია ჩიანელის ქუჩა; ჭიათურის ქუჩა; პუშკინის ქუჩის მე-4 ჩიხი; კიბულის ქუჩა (პანთეონამდე); გაპონოვის ქუჩის მე-4 შესახვევი; ჭუმბურიძის ქუჩის, ასათიანის ქუჩის მე-4 შესახვევისა და სოხუმის ქუჩის გადამკვეთი ღვარსადენები; შარტავას ქუჩის ღია ღვარსადენი (დახურვა); შიო არაგვისპირელის ქუჩის ღვარსადენი (რეკონსტრუქცია); ნიკეას ქუჩის 1 შესახვევის ღვარსადენი (შეკეთება); ერევნის ქუჩის მე-2 შესახვევი; დავით და კონსტანტინეს ქუჩის 21-ში ღია ღვარსადენის დახურულად გადაკეთება.

ჩვენ გვინდოდა, გავსაუბრებოდით ამ ფირმების ხელმძღვანელებს, რათა გაგვერკვია, ამ ეტაპზე ქალაქში არსებულ ღვარსადენებზე რა მდგომარეობაა და რა სამუშაოებს ატარებდნენ.

კეთილმოწყობის სამსახურში, როგორც მოგახსენეთ, ამ ფირმების ხელმძღვანელების მხოლოდ ტელეფონის ნომრები ჰქონდათ. ამ გზით კი მათთან დაკავშირება ვერანაირად ვერ მოვახერხეთ, რის შემდეგაც მივმართეთ ფინანსთა სახლს, თუმცა ვერც მათი დახმარებით გავარკვიეთ

- საერთოდ, აქვს თუ არა ამ ფირმებს ოფისები.

კეთილმოწყობის სამსახური, რომელიც კონტრაქტს აფორმებს ფირმასთან და ურიცხავს მას გარკვეულ თანხას, როგორ არ უნდა ფლობდეს აღნიშნული ფირმების კოორდინატებს? თუკი ჩვენთვის გადმოცემულ ნომრებზე დაკავშირება შეუძლებელია და მისამართი - გაურკვეველი, საინტერესოა, თავად კეთილმოწყობის სამსახური როგორღა უკავშირდება ამ ფირმების ხელმძღვანელებს? 155 ათასი ლარი ისე ცოტაა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ქარში გავფანტავთ, თუ გაურკვეველი ოფისების მისამართზე? 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია