დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნეპოტიზმი“, ანუ დავურიგოთ სკამები ახლობლებს
2011/03/21 12:54:06

მას შემდეგ, რაც კორუფციას ღია და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს ქვეყანაში, რომელიმე თანამდებობაზე ან სამსახურში დანიშვნისათვის აუცილებელ პროცედურებში ქრთამმა უკანა რიგებში გადაინაცვლა და წინა პლანზე ნეპოტიზმი წამოვიდა. შესაბამისი ცოდნა-განათლება კი კვლავ ბოლო რიგებში რჩება (თუ, რა თქმა უნდა, განათლება რომელიმე უცხოურ კოლეჯში არ მიგიღიათ).

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად შემოჭრილი  და  დანერგილი სიტყვა  „ნეპოტიზმი“  ლათინურია  და გულისხმობს  მაღალი თანამდებობის პირის მიერ, უპირატესად, ნათესავებისა და ახლობლებისათვის თანამდებობების „დარიგებას“, საერთო და სამართლიანი წესრიგის საწინააღმდეგოდ, რაც სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პირადი ინტერესების დაყენებას ნიშნავს.

რატომ ინიშნებიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ხელისუფლებასთან დაახლოებული და გამოუცდელი ადამიანები? რატომ ივსება სამინისტროების სამსახურები (მინისტრის ასაკის შესაბამისად) ლამაზი გოგონებით? ტელევიზიებში რატომ უმტკიცებენ უხარისხო გადაცემებს ისეთ „პროდიუსერს“, ან „წამყვანს“, რომლის თანაკლასელი, ნათესავი ან მეგობარი პარლამენტარია, მთავრობის წევრია?.. - ეს და მსგავსი კითხვები ლოგიკურად დაისმის მაშინ, როდესაც ქვეყნის პირველი პირები თავგამოდებით გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა კორუფციის აღმოფხვრაა!

მანიპულირებენ იმითაც, რომ ავტოინსპექტორის „ახალი სახე“ - პატრული დღეს მძღოლებს ორ ლარს აღარ ართმევს და არც სხვადასხვა საბუთის აღებისას გვიწევს თანხის უკანონოდ გადახდა.

ჩინოვნიკები კორუფციის შემცირების მიზეზად ასახელებენ შსს-ს, ფინანსური პოლიციის, პროკურატურის, კონტროლის პალატის საქმიანობას. ჩამოთვლილთა რიცხვში ვერასოდეს ხვდება პასუხისმგებლობა, სინდისი, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, ქვეყნის სიყვარული და პატივისცემის ერთგულება. გამოდის, ქრთამს იმიტომ ვერ იღებენ, ზემოთჩამოთვლილი დაწესებულებებისა ეშინიათ... ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას მოიმოქმედებენ ისინი, ვისაც ამ სტრუქტურების შიში არ აქვს - მათი უმრავლესობა მხოლოდ ქრთამის აღებით როდი შემოიფარგლება, აქტიურად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ნეპოტიზმის დამკვიდრებას და ამით სახელმწიფოს გახრწნასაც.

არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ამით არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნიან ყველა სფეროში და, პრაქტიკულად, უბრალო მოქალაქეს უსპობენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსს.

მართალია, რევოლუციის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერ საბჭოურს გულმოდგინედ ებრძვიან, მაგრამ, თუ გადავხედავთ ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებს, მივხვდებით, რომ საბჭოური ცნობიერება - თუ ზემოთ კაცი არ გყავს, ვერაფერს მიაღწევ - კვლავაც აქტიურია! კვლავ ძალაშია! თუმცა საქართველოს კანონმდებლობა ჩინოვნიკს თავისი ოჯახის წევრის თავისსავე უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას უკრძალავს, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და „ყველა ყველას იცნობს“, რაც საშუალებას იძლევა, საკუთარი ახლობელი სხვა სამინისტროში, ან მნიშვნელოვან თანამდებობაზე შენსავე მეგობარ ჩინოვნიკს დაანიშნინო.

რას ფიქრობენ ნეპოტიზმზე სხვადასხვა წრეში?

ზეინაბ ხაჩიძე, იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი: „ნეპოტიზმი ქვეყანაში და ქალაქში აუცილებლად იქნება, რადგან ეს ზოგადად არის პატარა ქვეყნების პრობლემა. ეს ყველას შეეხება და მას გვერდს ვერავინ აუვლის, ვინაიდან აცდენის სავარაუდო პროცენტი დაბალია. ამ პრობლემასთან შეიძლება გონივრული ბრძოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა მოქმედებდეს სამართლიანობის პრინციპით. კადრები არა ნეპოტიზმის ნიშნით, არამედ პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა ინიშნებოდნენ. თუ ყველა სამართლიანად წარმართავს მენეჯმენტს, ეს იქნება სახელმწიფოს განვითარებაზე ორიენტირებული და არა - რომელიმე კლანის ან ოჯახის. რაც მთავარია, არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დაჩაგვრა.

შემიძლია ვთქვა, რომ გუბერნიაში ნეპოტიზმის ფაქტები არც არის, არც ყოფილა და არც იქნება.“

თათია ჩუბინიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2005 წლის კურსდამთავრებული:   „უკვე ხუთი წელია, რაც სწავლა დავამთავრე და სამსახურს არაერთგან ვეძებ, მაგრამ - ამაოდ. რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ დასაქმება „ჩაწყობით“ და ნათესაობით არ ხდება, ყველამ კარგად ვიცით, რომ ასე არ არის. ვაკანსიები და ქასთინგები რომ ცხადდება, ეს მხოლოდ ფორმალობაა, თორემ თავიდანვე კარგად იციან, ვინ გაიმარჯვებს. ვერ ვხვდები, ეს რაში სჭირდებათ: არ შეიძლება, რომ პირდაპირ დანიშნონ? აღსანიშნავია, რომ ნეპოტიზმი არა მხოლოდ სტრუქტურებში, არამედ კერძო სექტორშიც ვლინდება. ეკონომისტი ვარ, ცოდნა მაქვს, მაგრამ დასაქმება ვერ მოვახერხე, მიუხედავად იმისა, ქალაქში დამსაქმებელთა ამდენი ბანკია. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გამაღიზიანებელია დამოკიდებულება სამუშაოს მძებნელის მიმართ - ირონიული და ცინიკური.“

მამუკა მღვდელაძე, „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქალაქის საკრებულოს წევრი: „ეს პრობლემა აქტუალურია და რაც არ უნდა დემოკრატიის პრინციპები დავამკვიდროთ, მაინც კარგა ხანს გაგვყვება. მაგალითად, ქუთაისში კადრები როგორ ინიშნება? - ნათესაობით, მეგობრობით, ახლობლობით. ნებისმიერ მერს, ვინც მოდის, მოჰყავს ახალი შემადგენლობა. მაშასადამე, აქ საკითხი, ძირითადად ნდობის მხრივ დგება და არა პროფესიონალიზმის კუთხით - მთავარია, კადრმა რაღაცაში არ უღალატოს. რაც არ უნდა ამტკიცოს თუნდაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომ ნეპოტიზმი არ არსებობს, ასე არაა. დღეს ქუთაისში კადრები ინიშნება ლაშა მაქაცარიას კონტროლით, გიგა შუშანიას რეკომენდაციებით და გიორგი თევდორაძის სამეგობრო წრის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ერთმანეთშიც აქვთ ეს პრობლემა, მაქაცარიას გუნდმა უკვე შეავიწროვა ბობოხიძე- თევდორაძის გუნდი. არ შეიძლება, ნეპოტიზმი შეეხოს საშუალო დონეს, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის ოქროს ფონდი; არ შეიძლება, პოლიტიკური თანამდებობა გამოიყენო და ეს წრე სრულიად შეცვალო. რაც არ უნდა შენიღბო, ყველა კარგად ხედავს, რომ ეს არის ნეპოტიზმი და ვისაც არ სურს ამის დანახვა, ვერც დაინახავს.

ვთქვათ, საბავშვო ბაღების რეფორმა რომ ჩატარდა: თუ საჭირო იყო ეს რეფორმა, არ შეიძლებოდა, პატარა გასაუბრება მაინც მომხდარიყო და არ დანიშნულიყვნენ გარკვეული მოსაზრებით?

ეს პრობლემა ყველას შეიძლება შეეხოს, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ყველას ექნება ამის ცდუნება, ამიტომ საზოგადოების როლი და აქტიურობა უნდა გაიზარდოს და ამის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს.“

***

ნეპოტიზმი, თავისი არსიდან გამომდინარე, მსოფლიო პრობლემაა, ამიტომ არც არავინ ელოდება, რომ ეს მანკიერი მიდგომა ერთი ხელის მოსმით გამოსწორდება, მითუმეტეს, რომ კანონი არ კრძალავს საახლობლო წრის დასაქმებას.

აქ საკითხი უფრო მორალურ ხასიათს იძენს: ვიდრე „დამსაქმებელი“ არ მიხვდება, რომ პირად ინტერესზე მაღლა სახელმწიფო ან საერთო საქმე უნდა დააყენოს, ვიდრე საზოგადოება არ გაათვითცნობიერებს, რომ პრობლემა მასშია, ნეპოტიზმი, როგორც „კორუფციის მეფე,“ მრავალჯერ დაგვახუჭინებს თვალებს ჩვენს ცდუნებაზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია