დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასჯელი მორალური ზარალისათვის
2010/07/19 14:12:50

ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შორის წარმოქმნილი დავები, ბოლო ხანს, სულ უფრო ხშირად ხდება სასამართლო განხილვის საგანი. გახშირდა მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის სოლიდური თანხის მოთხოვნები, თუმცა ზოგჯერ სასამართლოში მისვლამდე მოქალაქეებს ავიწყდებათ იმ დოკუმენტაციის შეგროვება, რომელიც მათ სიმართლის დამტკიცებაში დაეხმარებოდათ.

ხელვაჩაურელმა ელიკო ლ-ძემ საკუთარი ძმის წინააღმდეგ სარჩელი თავდაპირველად ადგილობრივ სასამართლოში შეიტანა. ის ძმას კომპენსაციის სახით, არც მეტი არც ნაკლები - 20 ათას ლარს სთხოვდა.

ხელვაჩაურის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ჩხუბისა და კამათის დროს ელიკო ლ-ძე მისმა ძმამ გულადი კ-ძემ მუშტებით სცემა, რის შედეგადაც მან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამ ფაქტს აღიარებს გულადი კ-ძეც და თანახმაა დის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯები აანაზღაუროს. ეს თანხა მათ მიერ 300 აშშ დოლარითა და 150 ლარით განისაზღვრა,

ხელვაჩაურის სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ელიკო ლ-ძეს სასამართლოსათვის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიმართ მიყენებულ მატერიალურ თუ მორალურ ზიანს, არ წარმოუდგენია. ასეთი შეიძლება ყოფილიყო ექიმთან ვიზიტის დამადასტურებელი ცნობა, მის მიერ მიცემული დანიშნულება, ან წამლების შესყიდვის ქვითრები. მართალია, ეს ყველაფერი ელიკო ლ-ს არ გააჩნდა, მაგრამ სასამართლომ უფრო კეთილი ნების გამოხატვით, მოპასუხე მხარეს დაზარალებულის სასარგებლოდ მის მიერ დასახელებული თანხის - ანუ 300 აშშ დოლარი და 150 ლარის გადახდა დაუდგინა, რაც შეეხება მორალურ ზიანს, მის ანაზღაურებაზე სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა.

როგორც ჩანს, დაზარალებული ქალბატონი გულით ისეთ აუნაზღაურებელ დამცირებას განიცდიდა, 120 ათასი ლარის მოთხოვნით მან ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა, სადაც მისი საქმე მოსამართლეებმა უკვე სხვაგვარად განსაჯეს.

სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, მოსამართლე თამარ სვანიძის თავმჯდომარეობით, მტკიცებულებების არ არსებობის გამო, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საქმეში მატერიალური ზარალის კვალი ვერ ნახა, ამიტომ მოპასუხე მხარეს იმ თანხის (300 აშშ დოლარი და 150 ლარი) გადახდა აღარ დააკისრა. ხოლო, რაც შეეხება მორალურ ზიანს - სასამართლომ ეს ამგვარად განმარტა - ადამიანმა მორალური ზიანი შეიძლება ფიზიკური ან სულიერი ტრავმის შედეგად მიიღოს, მისი გაზომვა შეუძლებელია, ის ზნეობრივ და ფიზიკურ ტანჯვაში გამოიხატება, რასაც ფულადი ექვივალენტი არ მოეძებნება, მაგრამ რადგანაც მორალური ტანჯვის გადახდევინების სხვა ფორმა ჯერჯერობით არ დაუდგენიათ, მისი შემცვლელი - ანუ სუროგატი - ფულია. სწორედ ფულის გადახდევინებით სამართალი მფარველობს იმ უფლებებს, რომელთა შელახვასაც მოსდევს მორალური ზიანი.

სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ აპელანტ ელიკო ლ-ძეს მატერიალურად უჭირს, მას საცხოვრებელი სახლიც კი არ გააჩნია, ძმის ქონებრივი მდგომარეობა კი მძიმე არ არის, მას საკუთრებაში ე.წ. „სუპერმარკეტიც“ კი აქვს. შედეგად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ელიკო ლ-ძის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დააკმაყოფილა. თუმცა აქვე განმარტა, რომ ანაზღაურება გონივრულობისა და სამართლიანობის ფარგლებში უნდა თავსდებოდეს. შესაბამისად ზარალის ასანაზღაურებელი თანხა არა 20 ათასით, არამედ მხოლოდ ათასი ლარით განისაზღვრა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია