დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვის ეკუთვნის სოციალური დახმარება?
2011/04/11 15:29:49

„თქვენ, ქალბატონო, ვინ ხართ და რას იწერთ მანდ?“

პრეზიდენტის 2007 წლის განცხადებამ სოციალურ დახმარებაზე, ჩვენი საზოგადოების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თავდაპირველად სოციალურ დახმარებას იღებდნენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ის ადამიანები, ვისაც სახლში არ ჰქონდათ საბჭოური ტექნიკის გადმონაშთიც კი. მოგვიანებით პროგრამა დაიხვეწა - როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ მოძველებული ტექნიკა კარგად ცხოვრებას სულაც არ ნიშნავს და დებულებაში ჩაიწერა, რომ თუ ადრე კოეფიციენტი ენიჭებოდა ტელევიზორს, ფარდას, მაცივარს, საბჭოური წარმოების ავტომანქანას, ახალი დებულებით, ზემოთ ჩამოთვლილებს სარეიტინგო ქულებისათვის მნიშვნელობა აღარ აქვს. 

 

სოციალური დახმარება ეკუთვნის ოჯახებს, რომლებიც ვერ იკმაყოფილებენ საარსებო მინიმუმს, არა აქვთ კვებისათვის  საკმარისი შემოსავალი, ჰყავთ მძიმე ავადმყოფები, უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ მათთვის სათანადო მკურნალობას და აუცილებელი ხარჯების დაფარვას, ფაქტიურად ეს კატეგორია განეკუთვნება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს.

თუ ოჯახს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა (არაუმეტეს 57000), დახმარება დაენიშნება ქულების მინიჭებიდან ოთხი თვის შემდეგ. ფულადი სიციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ოჯახის ის წევრები, რომლებიც, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად, დახმარების დანიშვნის მომენტში არიან: სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულები, იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილები, ვადიან სამხედრო სამსახურში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტ ხანს მყოფი პირები და ოჯახის წევრი, რომელიც ინსტიტუციურ დაწესებულებაში იმყოფება  და სრულ სახელმწიფო კმაყოფაზეა.      

ასევე მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ თუ ადრე ადამიანი საჭიროებდა ოპერაციას ან მუდმივ მკურნალობას და არ ჰქონდა ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი, ამის დაფიქსირება დეკლარაციაში არ ხდებოდა, შეიცვალა ეს მიდგომაც და ახლა თუკი ბენეფიციარი წარმოადგენს მხოლოდ საავადმყოფოს (არა კლინიკის) მიერ გაცემულ ფორმა 100-ს (საიდანაც ჩანს, რომ დაავადება არის სიცოცხლისათვის საშიში, ან საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას), ამ შემთხვევაში სოციალური აგენტი ჯგუფის მინიჭების გარეშე  აფიქსირებს ამ ფაქტს დეკლარაციაში.

სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს, მოიპოვებენ სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლებას.

 

***

ჩვენს გარშემო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მრავალი ადამიანი ცხოვრობს და ბევრიც ამ დახმარების მოლოდინსა და იმედზეა, ქუჩაშიც ხშირად გავიგონებთ მათ გასაჭირს, ზოგი მშველელს ეძებს.  ერთი ადამიანი რედაქციაშიც მოვიდა თხოვნით: „იქნებ თქვენ დამეხმაროთ იმის გარკვევაში, თუ ვის ეკუთვნის სოციალური დახმარება?“

ლილი ფულანია, პენსიონერი, ქუთაისში, მესხის ქ. ?8-ში მცხოვრები: „რაც ეს დახმარება დაიწყო, მას შემდეგ ვითხოვ, რომ დამეხმარონ, სამი შვილის დედა და თორმეტი შვილიშვილის ბებია ვარ, არსად არ ვმუშაობ და შემოსავალიც არსაიდან მაქვს. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ. აგენტი რომ მოვიდა, თვითონაც გაუკვირდა, აქ როგორ ცხოვრობო, შეავსო ბლანკი და მითხრა, ჩვენთან მოდი (სოციალური სუფსიდიების სააგენტო) და გეტყვით, გეკუთვნით თუ არა ეს დახმარებაო. ხან მეუბნებიან - მაისში მიიღებ, სექტემბერში მიიღებ, ხანაც - სულ არ გეკუთვნისო.

რაც ეს დახმარებები შემოვიდა, მაგ შენობასთან დიდი ამბებია, ისედაც გაჭირვებულ ხალხს რა დღეში აგდებენ. ამ ხალხს თავისთვის იყენებენ და მათთვის კუთვნილ დახმარებას ისეთ ადამიანებს ურიგებენ, ვისაც ორ-ორი მანქანა ჰყავთ.

ჩემს დღეში ბევრი ადამიანია. ერთ-ერთი ჩემი მეზობელი, მარტოხელა ქალია. ნორა მიქაძეს დახმარება იმიტომ არ მისცეს, რომ მეზობლებს უთქვამთ, მაგი დისშვილთან ერთად ცხოვრობსო, არადა პენსიონერი ქალია, არანაირი შემოსავალი არ აქვს და დახმარებასაც ვერ იღებს. გეხვეწებით, დამეხმარეთ და გამაგებინეთ, მეკუთვნის თუ არა დახმარება და თუ მეკუთვნის, რატომ ვერ ვიღებ?“ - ამ სიტყვებით დაამთავრა ჩვენთან საუბარი ქალბატონმა ლილიმ.

 

***

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალური სუფსიდიების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის ხელმძღვანელს არჩილ მუკბანიანს გავესაუბრეთ. 

- ქალბატონ ფულანიას არანაირი დახმარება არ ეკუთვნის და სააგენტოსაც მის მიმართ არავითარი დავალიანება არ აქვს, რადგან მას არ შეუვსია დეკლარაცია. გადაეცით მაგ ქალბატონს,  მიბრძანდეს ქუთაისის მომსახურების ცენტრში და იქ აუხსნიან საქმის ვითარებას.

- ჩვენთან საუბრისას ამ ქალბატონმა აღნიშნა, რომ მასთან რამდენჯერმე იყო აგენტი და უთხრა, რომ დახმარებას მიიღებდა. ადასტურებთ ამ ფაქტს? 

- რას ქვია, ვადასტურებ თუ არა, რა დაკითხვაზე ვარ? თქვენ , როგორც მოქალაქე, ისე ინტერესდებით ამ საკითხით და მეც გაგარკვიეთ, რატომ ვერ იღებს დახმარებას და ვერც ერთი აგენტი მაგას ვერ შეპირდებოდა და კიდევ ერთხელ გიმეორებთ: გადაეცით მაგ ქალბატონს, აქ მობრძანდეს, შეავსოს დეკლარაცია და ამის შემდეგ დეტალურად დააკვირდებიან მაგის საქმეს!

არ ვიცი, რატომ, მაგრამ გაბრაზებულმა მიპასუხა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის ხელმძღვანელმა და ტელეფონი გამითიშა.                         

როდესაც ჟურნალისტს, რომელიც საქმის არც ერთ მხარეს არ წარმოვადგენ, ამ ფორმით მიშორებენ თავიდან, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მოხუცები და უნარშეზღუდულები არიან და რომლებიც დახმარების. განუწყვეტელ მოლოდინში იმყოფებიან, რა „გულთბილად“ შეხვდებიან სუბსიდიების სააგენტოს მისაღებში.   

 

***

სუბსიდიების სააგენტოს მისაღებში არსებულ უყურადღებობაზე მრავალჯერ თქმულა. იმის გადასამოწმებლად, შეიცვალა თუ არა რამე ამ მხრივ, ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ სააგენტოს რამდენიმე დღის წინათ ვეწვიე. ჩემდაუნებურად, იქ მყოფი ორი ხანდაზმული ქალბატონის საუბარს მოვკარი ყური, სააგენტოს მომსახურებით კმაყოფილნი სულაც არ ჩანდნენ.

- ქალბატონო, თქვენც დახმარებას ელოდებით?

ნანული კუჭავა, 72 წლის: ჯანდაბას ველოდები, ბებო, ხონში ვცხოვრობ, ექვსსულიანი ოჯახი მაქვს, ორ უდედო ბავშვს ვზრდი. ჩემი შვილი სახლში ზის, რადგან სამუშაო არ აქვს, დანგრეულ სახლში ვცხოვრობ. არაფერი არ მაქვს, რომ გავყიდო და თავი ვირჩინო, 90 ლარიანი პენსიის იმედზე ვართ. მარტო მე თვეში 126 ლარი მჭირდება, რომ ვიცოცხლო, მაგრამ ეს ფული ჩემთვის, როდესმე მოიცლის? ოთხი წლის წინ ქმარი გარდამეცვალა და ერთი ძროხა გავყიდე, იმის მერე ჩემს ოჯახში ორ ძროხას არ გოუვლია, ამათ კი შეავსეს და ჩამიწერეს, რომ ორი ძროხა მყავს, ვითომ ჰექტარნახევარი მიწა მაქვს, ღორი მყავს.

- რას გულისხმობთ - ის დაგიწერეს, რაც არ გყავთ? 

- რამდენიც გინდა, შვილო, იმდენი ხდება ასეთები, - საუბარში ჩაერთო იქ მყოფი მეორე ქალბატონი, - ჩემი ამბავი უფრო რთულად არის.

- ერთი თვის წინ შევიტანე განცხადება, მაგრამ ჯერ არავის პასუხი არ უთქვამს, - გააგრძელა პირველმა მოსაუბრემ, - ახლა შევდივარ უფროსთან და რას მეტყვიან, გამოვალ და გეტყვი. ახალი კანონი ყოფილა თურმე - ერთხელ რომ შეავსებენ ბლანკს, მერე იმის გადამოწმება აღარ ხდება:

ამ დროს ჩემს რესპონდენტს დაუძახეს, მე კი იქ მყოფ სხვა მოქალაქეს ვესაუბრებოდი, როდესაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა, გაბრაზებულმა მკითხა:

- თქვენ, ქალბატონო, ვინ ხართ და რას იწერთ მანდ?

- არაფერს არ ვიწერ, უბრალოდ, ვესაუბრები.

- როგორ არ იწერთ, ვხედავ, ტელეფონი გიჭირავთ!

ამ დროს საქმეში რანგით მაღალი თანამშრომლები ჩაერთვნენ და ჩემკენ ისეთი სისწრაფით გამოიქცნენ, თითქოს რაიმეს ვაშავებდი (ასე სწრაფად, ნეტა, იმათ მოემსახურებოდნენ, ვინც ამას ნამდვილად საჭიროებს):

- თქვენ აქ რას აკეთებთ?

- ველოდები.

- ვის?

- ახლობელს!

- აქ მოსაცდელი დარბაზი არ არის, მიბრძანდით და გარეთ დაელოდეთ!

სხვა სიკეთესთან ერთად კიდევ ერთი სიახლე აღმოვაჩინე: თურმე მოსაცდელ დარბაზში მოცდა არ შეიძლება!  

აღარ შევპასუხებივარ და გარეთ გამოვედი, ანკი რატომ უნდა ამეხსნა მათთვის, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ჩემი ერთადერთი მიზანი ხომ მხოლოდ ის იყო, თავი იმ მოქალაქეების ადგილას წარმომედგინა, ვინც ამ მისაღებში ჩინოვნიკთა განწყობა-უგუნებობის საზომით ითვლის დროის უსასრულო შკალას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია