დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნა... პროფკავშირული ნიშნით!
2010/04/26 17:08:59

2010 წლის 11 აპრილს, პროფკავშირების საერთო კრებაზე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულებმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს. საპროტესტო აქცია 20 აპრილს 12-დან 14 საათამდე გაიმართა შპსჯორჯიან მანგანეზისმმართველობის ქვეშ მყოფ საწარმოებში - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის მაღაროებში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, იმერეთის  მეტალურგთა და სამთო მრეწველთა პროფკავშირმა ზესტაფონსა და ჭიათურაში გამაფრთხილებელორსაათიანი გაფიცვით ადამიანების პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლება გააპროტესტეს.

აქციაზე 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც გათავისუფლებული ადამიანების სამუშაოზე აღდგენას და გაცდენილი სამუშაო დღეების მათთვის ანაზღაურებას ითხოვდნენ. ასევე ჰქონდათ ათპუნქტიანი ჩამონათვალი, სადაც კონკრეტულად ეწერა მათი მოთხოვნები. აქციის მონაწილეები ხელფასის მატებას, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას, ღამის საათებში ნამუშევარი დროის განსხვავებული ტარიფით გადახდას, სამედიცინო პუნქტების წესრიგში მოყვანას და კუთვნილი შვებულების გახანგრძლივებასაც ითხოვდნენ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გენერალური დორექტორის ალექსანდრე ვიშნევსკის განცხადებით: „აქცია პოლიტიზებულია და არა სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე.

მე მზად ვარ, შევხვდე და დაველაპარაკო ამ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, თუმცა არა - ყველა მათგანს სათითაოდ. არც ის არის პრობლემა, თუ ისინი სამსახურებში მუშაობაზე პროტესტს გამოაცხადებენ ამ პირობებით, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, რადგან სამუშაოს დაწყების მსურველთა უამრავი განცხადება და თხოვნაა ჩვენთან შემოსული.“

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 2800 თანამშრომლიდან, რომელთაც შრომითი ხელშეკრულება 31 მარტს ამოეწურათ, ხელმძღვანელობამ დასაქმებაზე უარი მხოლოდ ოთხ ადამიანს უთხრა. აქედან ორი აქამდეც აღარ ითვლებოდა ქარხნის თანამშრომლად. დანარჩენი ორი გათავისუფლებულიდან, ერთი იმერეთის მეტალურგთა და სამთო მრეწველთა პროფკავშირის გამგეობის წევრი, მე-4 საამქროს მეკაზმე გიორგი გიორგიძეა, მეორე კი - სასასწორე მეურნეობის უფროსი შაქრო ბრეგვაძე, ამავე გამგეობის აქტიური წევრის, გოგა ბრეგვაძის მამა.

გოგა ბრეგვაძე ის პროფკავშირელია, რომლის ოჯახის წევრებისა და ახლობლების დევნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობამ, იმერეთის მეტალურგთა და სამთო მრეწველთა პროფკავშირის ჩამოყალიბების პროცესშივე დაიწყო. ეს საკითხი მაშინ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშეც დააყენა.

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ამ ადამიანების პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლება ეჭვს არ იწვევს. ორივე გათავისუფლებული თავისი საქმის პროფესიონალია და არც ერთი არ არის საპენსიო ასაკის. 25 მარტს პირადად მივწერე წერილი ქარხნის დირექტორ ვიშნევსკის და გავაფრთხილე, რომ პროფკავშირელებისთვის კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმა, ადრე დაწყებული დევნის გაახლება იქნებოდა. რა თქმა უნდა, მომხდარს, ჩვენი მხრიდან, მოჰყვება შესაბამისი რეაქცია, როგორც ადგილზე, ისე დედაქალაქის მასშტაბით,“ - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

იმერეთის  მეტალურგთა და სამთო მრეწველთა პროფკავშირი გასულ წელს შეიქმნა. იქამდე და დღესაც „ჯორჯიანმანგანეზის“ საწარმოებში მოქმედებს „ყვითელი პროფკავშირები“, რომელიც, დასაქმებულების უფლებების დაცვის ნაცვლად, მათი უფლებების შემლახავ დოკუმენტებს აწერს ხელს.

20 აპრილის გაფიცვა გამაფრთხილებელი იყო. თუკი გაფიცულების მოთხოვნები უახლოეს დღეებში არ შესრულდა და სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს არ აღადგენენ, პროფკავშირები პროტესტის უფრო მასშტაბურ ზომებს მიმართავენ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ „იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ მიწვევით, 2010 წლის 10 და 11 აპრილს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობა და საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე მიწვეულები იყვნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულთა კრებაზე, რომელზეც უნდა განსაზღვრულიყო დაგროვილ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით პროფკავშირის მიერ ჩასატარებელი სავარაუდო საპროტესტო ღონისძიებების შინაარსი და დაწყების თარიღები. მათთან ერთად იყო სს „ენერჯი ინვესტის“ პროფკავშირის კომიტეტის წევრი ვლადიმერ დვალიშვილიც.

იქიდან გამომდინარე, რომ „იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი“ თავის რიგებში აწევრიანებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის (მაღაროების) 617 დასაქმებულს და ეს ორი ორგანიზაცია ტერიტორიულად ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან, კრებების ჩატარება ორ ეტაპად დაიგეგმა: 10 აპრილს 17:00 საათზე, ზესტაფონის კინოკლუბში, ხოლო 12 აპრილს 10:00 საათზე - ჭიათურის კულტურის სახლში.

ზესტაფონის კინოკლუბთან 16:30 საათისთვის კრების დაახლოებით 25 მონაწილე უკვე შეკრებილი იყო. როგორც, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი გოგა ბრეგვაძე ამბობს:

„იქვე, შორი-ახლოს იდგა ადმინისტრაციის კუთვნილი ავტომობილი, რომელთანაც ფეროშენადნობთა ქარხნის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მძღოლი, გია დუგლაძე იდგა და მობილური ტელეფონით გადასცემდა ინფორმაციას. როგორც შემდეგ თქვეს კრებაზე მოსულმა მეტალურგებმა, რომლებიც დუგლაძესთან ახლოს იდგნენ, სიტყვა-სიტყვით, მას უთქვამს: გოგა ბრეგვაძე და რამდენიმე მისი თანამოაზრეა შეკრებილიო. იმ წუთისთვის ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. დასაქმებულთა კრება შედგა და მასზე მიღებულ იქნა 20 აპრილიდან გაფიცვის დაწყების გადაწყვეტილება.
11 აპრილს, დილის 10:00 საათზე, მანამდე, სანამ საერთო კრება დაიწყებოდა, ჭიათურის კულტურის სახლთან შეკრებილი მაღაროელები და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები საუბრობდნენ, როდესაც ეზოში შევიდა მუქი მომწვანო ფერის „მიცუბიშის“ მარკის ჯიპი. მანქანამ კულტურის სახლს ერთი წრე შემოუარა და წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, კვლავ გამოჩნდა, მოსაუბრეებისგან 10-12 მეტრში გაჩერდა და შეკრებილების მობილური ტელეფონით გადაღება დაიწყო. პროფკავშირის ხელმძღვანელები მანქანას მიუახლოვდნენ და მანქანის კარი გამოხსნეს. ჯიპში სამი ადამიანი იჯდა. ის, ვინც ფოტოებს იღებდა, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დაცვის უფროსი დავით წერეთელი იყო, მეორე - მისი მძღოლი, ხოლო მესამე - წერეთლის მოადგილე ამირან იობაშვილი.  მანქანის კარის გაღებისთანავე, დავით წერეთელმა ხმამაღალი, შეურაცხმყოფელი ტონით დაიწყო საუბარი. მან პროფკავშირელებს უთხრა, რომ არ ჰქონდათ ჭიათურაში ჩასვლის უფლება, რომ თბილისში უნდა დატეულიყვნენ, რომ ისინი მაღაროელებს ტვინს ურევდნენ და ამით სამუშაოს აკარგვინებდნენ. პროფკავშირელებმა აუხსნეს, რომ ამგვარი შეხვედრის სრული უფლება ჰქონდათ, და რომ არავის აქვს უფლება, ვინმემ ამ ადამიანებს დასვენების დღეები დაუგეგმოს. ამის შემდეგ დავით წერეთელმა მობილურით, თითქოს, პოლიციაში დარეკა, შემდეგი ფრაზებით კულტურის სახლის წინ ვიღაც თბილისელები არიან ჩამოთრეული და ჩოჩქოლიაო. თუმცა აღმოჩნდა, რომ სხვაგან მოხვდა. პროფკავშირელებმა მოუწოდეს წერეთელს, საუბრის ტონი შეეცვალა. საპასუხოდ, მან ერთ-ერთ ლიდერს საყელოში მოჰკიდა ხელი და მოქაჩა. იგი აშკარად იწვევდა მამაკაცებს შეხლა-შემოხლაზე. ამ დროს პროფკავშირელებს 40-მდე მაღაროელი შეუერთდა და დავით წერეთელი, თავის ხალხთან ერთად, გაუჩინარდა. მაღაროელთა კრების მსვლელობისას, სამი საათის განმავლობაში, დარბაზში ათჯერ მაინც შეიხედეს უცხო ადამიანებმა, შეამოწმეს სიტუაცია. ერთ-ერთმა თავისუფალი ადგილი მოძებნა და კრების ძირითად ნაწილს დაესწრო. როგორც აღმოჩნდა, ეს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დავით ჩხეიძე იყო. დარბაზში ყოფნისას, მას მობილური ტელეფონი გახსნილ მდგომარეობაში ეჭირა, სავარაუდოდ - გამომსვლელების საუბრის ჩასაწერად,“ - აღნიშნა გოგა ბრეგვაძემ.

20 აპრილის აქციაზე შეკრებილ ადამიანებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პროფკავშირების ამ მოთხოვნებს თავად აპროტესტებდნენ. მათ იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი გოგა ბრეგვაძე ფაქტის პროვოცირებაში დაადანაშაულეს.

გოგა ბრეგვაძის განცხადებით, ისინი თავიანთი მოთხოვნების ათივე პუნქტის დაკმაყოფილებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. აქციის მონაწილეები 24 საათის განმავლობაში ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და კონკრეტულ წინადადებებს დაელოდნენ. თუმცა მათგან არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ.

23 აპრილს ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშებმა აქცია დილის 8 საათიდან დაიწყეს. დილიდანვე გაჩერებული იყო ქარხანა და მუშები კვლავ თავიანთ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. დაახლოებით 15 საათზე ფეროშენადნობთა ქარხნის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მძღოლმა გია დუგლაძემ იმერეთის მეტალურგთა და სამთო მუშათა პროფკავშირების გამგეობის წევრ გოგა ბრეგვაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ქურთუკი შემოახია. პარალელურად კომისია, რომელიც ქარხნის მუშათა და პროფკავშირების წარმომადგენლებით შეიქმნა, ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების დაწყებას ელოდა. ლოდინი დღის ბოლომდე უშედეგო აღმოჩნდა და დაახლოებით 18 საათისთვის ექვსმა პროფკავშირელმა შიმშილობა დაიწყო. პროტესტის ამ ფორმას ისინი თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მიმართავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია