დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მორიგი მერი გია თევდორაძე იქნება?
2009/12/14 14:22:48

ქუთაისში ისევ მერის ვაკანსიაა. გასული კვირის დასაწყისში ქალაქის მერმა ნუგზარ შამუგიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც საკრებულომ დააკმაყოფილა და მერის მოვალეობას ამჟამად პირველი მოადგილე ზაზა ნუცუბიძე ასრულებს. საკრებულომ მერის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. მერობის მსურველთა განაცხადები, ჯერჯერობით, არ შესულა, თუმცა, სავარაუდო კანდიდატები კულუარებში უკვე განიხილება.

ნუგზარ შამუგიას „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქუთაისის თვითმმართველობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად ეჭირა მერის თანამდებობა. ორი წლის წინ ის ადგილობრივ ხელისუფლებაში ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერით მოვიდა. შამუგია არ მალავდა, რომ ბურჯანაძის ფრთის წევრი იყო, პირიქით - ეამაყებოდა კიდეც. მაშინ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრმა ასეთი პროგნოზი გააკეთა: „შამუგია იქამდე იქნება ქუთაისის მერი, სანამ კლანების ბრძოლას გაუძლებს.“ სხვათაშორის, ქუთაისში მერის თანამდებობამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. შამუგია ქალაქის რიგით მეშვიდე მერი იყო, მისი წინამორბედების ვრცელი სია ასე გამოიყურება: ნუგზარ ფალიანი, გია გიორგაძე, ბესიკ გულორდავა, გიგა ჩოგოვაძე, ბაკურ ბალანჩივაძე, ნიკო კაჭკაჭიშვილი. ზემოჩამოთვლილი ყოფილი მერები (ნუგზარ ფალიანის გარდა) ან პრეზიდენტის გუნდის წევრები იყვნენ, ან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარის, ნინო ბურჯანაძის. მათი ხშირი მონაცვლეობაც ბურჯანაძისა და სააკაშვილის ფარული თუ აშკარა ბრძოლის შედეგი გახლდათ. შამუგიამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან ხვადაგიანთან ერთად, ყველაზე უკეთ მოახერხა ოქროს შუალედის შენარჩუნება. მას შემდეგ, რაც ბურჯანაძე ოპოზიციაში გადავიდა, შამუგიასაც თითქმის ყოველდღე უწინასწარმეტყველებდნენ თანამდებობის დატოვებას, თუმცა, პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა. შამუგია ძალიან ხშირად იმეორებდა, რომ ის სახელისუფლებო გუნდის წევრი იყო და არსად წასვლას არ აპირებდა. შეიძლება, აქამდე, ანუ არჩევნებამდე, ცენტრალურ ხელისუფლებას ნაკლებ ადარდებდა, ვინ მართავდა ქუთაისს. შამუგიაც თავისი მუშაობით ერთგულებას ყოველდღიურად უმტკიცებდა მმართველ პარტიას.

ნუგზარ შამუგიას თანამდებობიდან წასვლა პრეზიდენტის ვიზიტის ლოგიკური გაგრძელება იყო. მაგრამ  მხოლოდ ძალიან გულუბრყვილოები თუ დაიჯერებენ, რომ მისი თანამდებობა სარქისაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის გაჭირვებასა და ქუთაისში უკანონო ნაგავსაყრელებს შეეწირა. ეს ვიზიტიც პრეზიდენტის ერთ-ერთი წინასაარჩევნო კამპანია იყო, შამუგიას გაშვება - წინასაარჩევნო სამზადისი.

ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნების შედეგები  მეტ-ნაკლებად იმაზეც იქნება დამოკიდებული, ვინ იქნება ქუთაისის მერი. მართალია, მერობის მსურველებს განაცხადები ჯერ არ შეუტანიათ, თუმცა, სავარაუდო კანდიდატები უკვე განიხილება.

ჩვენი ინფორმაციით, მერობის კანდიდატად შეიძლება მერიის აპარატის უფროსი თენგიზ თოფურიძე დასახელდეს.

თუმცა, ბატონი თენგიზი ჩვენთან საუბარში უარყოფს ამ ინფორმაციას.

„მე ვერ დაგიდასტურებთ მაგ ფაქტს, არ ვაპირებ საკრებულოს მიერ გამოცხადებულ მერის კონკურსში მონაწილეობის მიღებას. ჩემი კანდიდატურა გამორიცხულია.“

კიდევ ერთი კანდიდატურა ყოფილი ვიცე გუბერნატორი გია თევდორაძეა. ქუთაისში მას უკვე მომავალ მერად მოიხსენიებენ.

გია თევდორაძე ამბობს, რომ განაცხადის შეტანა ჯერ არ გადაუწყვეტია. რადგან კონსულტაციებს გადის. თუმცა, ვისთან - ამას არ აკონკრეტებს.

„მე ვფიქრობ ამ საკითხზე და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოესი ორი დღის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება შევიტანო. ჯერჯერობით კონსულტაციებს გავდივარ, თუმცა, ვისთან, ამაზე არ გიპასუხებთ. მე საჯარო მოხელე არა ვარ და სრული უფლება მაქვს, ის პირები არ დაგისახელოთ, ვისთანაც კონსულტაციებს გავდივარ: ესენი არიან  ჩემი პირადი მეგობრები და პარტიული თანამოაზრეები.“

სავარაუდოდ, კონსულტაციები დადებით შედეგს გამოიღებს, მითუმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გია თევდორაძეს ქალაქის მერობის სურვილი უკვე დიდი ხანია აქვს და მის კანდიდატურას ამ პოსტზე ბოლო თვითმმართველობის არჩევნების დროსაც განიხილავდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია