დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების დეტალები განმარტა
2018/10/28 12:08:02

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ, გორში, 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების დეტალები განმარტა. 


მისი თქმით, პრეზიდენტმა არ გაიზიარა კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და იაგო ნებიერიძეს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ ერთი წელი და ერთი თვე ჩამოაკლო.

 

„პირველ რიგში, გამოვთქვამ დიდ მწუხარებას გორში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანავუგრძნობ ბერიაშვილების ოჯახს.

 

ეს განცხადება განპირობებულია იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, რომელიც ახლავს გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტს. ამ ინფორმაციას ჩვენ რამდენიმე საათის წინ ან გუშინაც მოგაწვდიდით, მაგრამ, პერსონალური ინფორმაციის დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდით კომენტარისგან, ვიდრე მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ადამიანს არ წარედგინა ბრალი.

 

გორში 25 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ი.ნ.-ს საქმე შეწყალების კომისიამ განიხილა 2016 წლის დეკემბერში.

 

ნებიერიძე სასჯელს იხდიდა 2008 წლის 29 სექტემბრიდან ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით: მას მსჯავრი დაედო ძარცვის ერთ ეპიზოდზე და ყაჩაღობის ერთ ეპიზოდზე. მას მიესაჯა 18 წელი და 4 თვე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი შეუმცირა 17 წლამდე და 4 თვემდე. 2012 წლის ამნისტიის კანონით მსჯავრი შეუმცირდა 10 წლამდე, ანუ სასჯელი შეუმცირდა 7 წლით და 4 თვით.

ი.ნ.-ს საქმის განხილვის დროს მას მოხდილი ჰქონდა 8 წელი და 3 თვე. მოსახდელი რჩებოდა 2 წელი და 3 თვე“, – აცხადებს ქორიძე.

 

მისივე თქმით, კომისიამ იმსჯელა და ერთხმად გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტისთვის შეეთავაზებინა დადებითი რეკომენდაცია.

 

„კომისიის რეკომენდაცია განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: ი.ნ.​-ს საპატიმრო დაწესებულებიდან ჰქონდა დადებითი დახასიათება; მოხდილი ჰქონდა სასჯელის ძალიან დიდი ნაწილი; ჯანმრთელობის ცნობასა და ფსიქოლოგის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი რაიმე ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასა და აგრესიულ ხასიათზე, რასაც შეეძლო საზოგადოებისთვის ზიანი მოეტანა; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ დოკუმენტებში დადასტურებული იყო, რომ მსჯავრის მოხდის დროს (2008 წლიდან) იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

 

ამ მასალების განხილვისას კომისიის წევრთათვის დამატებით ისიც გახდა ცნობილი, რომ მანამდეც (2004-2007) გამოძიების ეტაპზე ი.ნ. ასევე იყო წამების მსხვერპლი, რასაც თავის ყოველწლიურ ანგარიშში მოიხსენიებდა სახალხო დამცველი.

 

პრეზიდენტმა არ გაიზიარა კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ი.ნ.​-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ ერთი წელი და ერთი თვე ჩამოაკლო“, – აცხადებს ზვიად ქორიძე.

 

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

 

8 წლის ბავშვი 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.

 

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.

 

დაკავებულის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა 9-წლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა.

 

იაგო ნებიერიძის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს ასევე ადვოკატი მამუკა ნოზაძე. მისი თქმით, 11 წლის ბიჭი, რომლის გატაცების საქმეშიც ნებიერიძე ფიგურირებდა, დღემდე გაუჩინარებულია.

 

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

წყარო"იმედინიუსი"

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1065
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია