დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექსპერტის აზრი
„ბევრ ჟურნალისტს არ ყოფნის გამბედაობა, მწვავე კითხვები დაუსვას პრემიერს...“
2013/09/08 17:56:39

 

გასულ კვირაში გამართული  პრემიერ ივანიშვილის პრესკონფერენცია კრიტიკის ქვეშ მოექცა.  ჟურნალისტების კითხვებიდან გამომდინარე, წარმოჩინდა, რომ ივანიშვილი წასასვლელად ემზადება, სსრკ-ს ანალოგ გაერთიანებაში მიგვაქანებს, დასავლურ ინსტიტუციებს კარი ეხურება... ზოგი ჟურნალისტი შეურაცხყოფილი დარჩა, ზოგი – მოკითხულ-შექებული, მნიშვნელოვანი საკითხები კი გვერდზე იქნა გადაწეული, – ასე ფიქრობს ექსპერტი (პროფესიით სტატისტიკოსი) ნოდარ კაპანაძე. საკითხების ,,გვერდზე მიწევაში“ ბრალს იგი  ჟურნალისტებს სდებს და ფიქრობს, რომ ჟურნალისტების მიერ დასმული  კითხვების უმეტესობა იყო ზედაპირული, არ იყო პირველხარისხოვანი, რასაც პრემიერმა  შესაბამისი პასუხები გასცა.  

ნოდარ კაპანაძის აზრით, კითხვები ძირითადად პრემიერის წასვლას ეხებოდა და არა – დღევანდელ მდგომარეობას და ქვეყნის პერსპექტივებს. პრესკონფერენციის ასეთი სახე მხოლოდ ნაწილობრივ არის ივანიშვილის მიზეზით გამოწვეული. ამის ძირითადი მიზეზი ჩვენთან მომუშავე ჟურნალისტების უკიდურესად დაბალი კვალიფიკაციაა. გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ ნოდარ კაპანაძესთან.

 

_ ბატონო ნოდარ, თქვენ ფიქრობთ, რომ ბევრ ჟურნალისტს არ ჰყოფნის გამბედაობა, მწვავე და საჭირო კითხვები დასვას?

_ სამწუხაროდ, ასეა. პრესკონფერენციის დროს პრემიერმა ახსენა ასეთი რამ: ,,ჩვენ გვყავს კარგი და უკეთესი მინისტრები.“ სამწუხაროდ, დამსწრე ჟურნალისტებიდან არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომ ეთქვა: ,, ჩვენ უფრო ცუდი და უარესი მინისტრები გვყავს, სამი გამონაკლისის და ერთი  ნახევრად გამონაკლისის გარდა“ - ამის დასაბუთება, მით უმეტეს, თუ დრო ამის საშუალებას იძლევა, ძალიან მარტივია. ფაქტია რომ:

• არცერთ სამინისტროს არ გააჩნია მუშაობის მოსათმენ დონემდე მაინც დეტალიზებული გეგმა;

• არცერთ სამინისტროს არ აქვს შემუშავებული ქმედითი საკომუნიკაციო სტრატეგია;

•ყველა სამინისტროს აქვს პრაქტიკულად ფიქტიური ,,ცხელი ხაზი“;

• არც ერთ სამინისტროს არ გააჩნია მონიტორინგისა და შეფასების სისტემა - იმ მონიტორინგ და ე.წ. გენინსპექციას, რომელიც უპირატესად იურისტებით არის დაკომპლექტებული და მხოლოდ ვინმეს დაჭერაზე ოცნებობენ, ვერ დავარქმევ მონიტორინგისა და შეფასების სისტემას;

• არც ერთ მინისტრს (მათ შორის– არც პრემიერს) არ აქვს მოქალაქეთა მიღების საათები. რატომ?

 

_ რომელია,თქვენი აზრით  აზრით, ძალიან აქტუალური საკითხები, რომელიც პრემიერამდე უნდა მიეტანათ ჟურნალისტებს?

– 1. არის თუ არა შემუშავებული განათლების გრძელვადიანი სტრატეგია? თუ არის, სად? თუ არ არის: მიმდინარეობს თუ არა შემუშავება? თუ არ მიმდინარეობს: რატომ? და თუ არ მიმდინარეობს: ვინ აკეთებს ამას? ოღონდ მერე ვინც ამას აკეთებს ,,სკვაზნიაკების ცეხის“ პროდუქციაზე უფრო ხარიხიანი რამ უნდა შემოგვთავაზოს;

2. არის თუ არა შემუშავებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგია? და მომდევნო კითხვები იხილეთ ზემოთ. თუ ამას ფინანსთა სამინისტრო აკეთებს, მაშინ გეტყვით, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ვინაიდან ეს არაა ფინანსთა სამინისტროს ფუნქცია;

3. არის თუ არა ენერგეტიკული უსაფრთხოების კონცეფცია? და მომდევნო კითხვები ვთქვი ზემოთ. მე რაღაც მსგავსი მაქვს ნანახი, მაგრამ ის, რაც  ვნახე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და 16-17 წლის საშუალო დონის ბავშვიც კი გააცამტვერებს იმას, რასაც ენერგეტიკული უსაფრთხოების კონცეფცია ჰქვია. გარდა ამისა, დავსვამდი კითხვას: რატომ არ არის გამოქვეყნებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის, ასევე წყლის ტარიფების შემადგენლობა? რატომ ჰგონია ბატონ მინისტრს, ან იმის მოადგილეებს, რომ ჩემზე უკეთ იციან თვლა? თუ ასე ჰგონიათ, გეტყვით, რომ მე მათზე უკეთ ვიცი თვლა. თუნდაც გამოცდილების ხარჯზე. 4. არის თუ არა შემუშავებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფცია? 

5. არის თუ არა შემუშავებული სასურსათო უსაფრთხოების კონცეფცია? და მომდევნო კითხვები იგივე, რაც ზემოთაც დავსვი;

6. არის თუ არა შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია? 

7. ან კიდევ, მე კითხვა მაქვს ბატონ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან - სადაა სამივე მიმართულების სტრატეგია?  ჯანდაცვის და საპენსიო პროგრამები სტრატეგია არაა. ეს ეპიზოდებია.

8. პრემიერმა  განაცხადა,  რომ სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის არის რაღაც ფონდი შესაბამის სამინისტროში და არის რაღაც საპარტნიორო ფონდი. მაგრამ სადაა ეს ფონდები? მათზე არსად არანაირი ინფორმაცია არაა. როგორ შეიძლება მათთან მიმართვა? როგორ მიიღება გადაწყვეტილება? აფინანსებთ თუ არა ე. წ. სტარტაფს? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბოლო 30 წელია , მიდის ქართული სოფლის გამალებული დეკაპიტალიზაცია. და თუ თქვენ დაწყებას არ აფინანსებთ, მაშინ ავტომატურად ნაციონალების კარის ბიზნესმენების მხარდამჭერი გამოდიხართ. ვინაიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ,,სემიჩკის“ გაყიდვაც კი ნაცებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. არავინ დამიწყოთ ახლა, იყვნენ წესიერი ბიზნესმენები, მაგრამ რა ექნათო. არ მჯერა! ზუსტად ისევე არ მჯერა, როგორც წულუკიანის და სხვების დიდი იმედების არ მჯეროდა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენციაზე ამბობდნენ, რომ რას ამბობთ, ეს უწესიერესი ხალხი უწესიერეს საბჭოს აირჩევსო. არადა,  ამ კონფერენციამ ზუსტად გაამართლა კახური გამოთქმა: ,,ვირი გინდ ღობის იქით დააბი, გინდ აქეთ, მაინც ვირია.“

9. რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ დანაშაული და მიიღო იმ ცნობილი ვიდეოკადრების განადგურების გადაწყვეტილება? თუ პრემიერი მიპასუხებდა, რომ ეს ჰუმანური მოსაზრებით გაკეთდა - მე შეგედავებოდით და გეტყოდით, რომ ეს უფრო კვალის დაფარვის მიზნით გაკეთდა. ამით ნაციონალებს დიდი საჩუქარი გაუკეთეთ -,,კანცი ვ ვოდუ“. ეს გადაწყვეტილება იყო დანაშაულებრივი და კომისიის თითოეულ წევრს ამაზე პასუხი მოეკითხება.

 

_ როგორ შეაფასებდით პრემიერის შეხვედრებს ჟურნალისტებთან და არასამთავრობო სექტორთან?

_  საზოგადოებასთან ურთიერთობა პრესკონფერენციის გზით ძალიან დაბალეფექტურია. როგორ კარგი მებრძოლიც არ უნდა იყო, ხის ხმალით არტილერიას ვერ მოუგებ და სწორედ ხის ხმალია ამ შემთხვევაში პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტები, ხოლო არტილერია არის პრობლემები. 

_ რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობის მეორე ფორმას. ე.წ. არასამთავრობოებთან შეხვედრას - აქაც დამერწმუნეთ, რომ ეს არ არის საზოგადოებასთან შეხვედრა. მე ეს უფრო სექტასთან შეხვედრას მაგონებს, ზუსტად ასე აღვიქვამ იურიდიული პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებს. სხვა პროფილის ორგანიზაციები ამ შეხვედრებში არც მონაწილეობენ.

 

მე ბევრჯერ ვცადე, მიმეწოდებინა პრემიერისთვის ჩემი მოსაზრებები, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ვინაიდან მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ნებისმიერს ,,სამუშევერის“ მაძიებლად მიიჩნევენ და გმირულად ბლოკავენ. არადა: ღმერთი, რჯული, ხატი, მაინ გოტ, მადონა მია, ინშალა, ეი ბოღუ, ტერ ასტვაც! არაფერში არ მჭირდება ,,სამუშევერი“ , როგორც რუსები იტყვიან  – ,,ხვატაეტ ს იზბიტკომ.“  აი, ქვეყანას კი სჭირდება ამ კითხვებზე პასუხები. მაპატიეთ, მაგრამ პრემიერის გარშემო ამ კითხვებზე სისტემური პასუხის გამცემებს ვერ ვხედავ.

 2. პირადად  დავამუშავე ორი ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესპროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის და საზოგადოდ სოფლის განვითარებისთვის იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ დაფინანსების ძიებაში ან თუნდაც იდეის გაზიარების ძიებაში სხვადასხვა სამინისტროებს ვუარე გარშემო და ვერც კარი ვნახე და ვერც ფანჯარა. სამაგიეროდ, ბევრი ვნახე იურისტი, რომლებიც მატროსოვის სტილში არიან გადაფარებული ნებისმიერ საქმეს, რომ მასთან სპეციალისტი არ მივიდეს. 

– თქვენი აზრით, ივანიშვილი წაიკითხავს და გაითვალისწინებს  თქვენს მოსაზრებებს?

_ ბოლოს და ბოლოს, ვინმე დაინტერესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,პრი ვსემ ბაგატსტვე ვიბოროვ“ რეპეტუარში მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო წინა საარჩევნო რკენა გვაქვს: მარგველაშვილს,ბურჯანაძეს,მიხეილ (გელა) სალუაშვილს, ნესტან კირთაძეს, გოგრიჯანიძესა (სულ მავიწყდება მაგის სახელი) და სხვა კანდიდატებს შორის. საქმე კი განზე რჩება, როგორც ყოველთვის, ბოლო 30 წლის განმავლობაში!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია