პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის მერობის კანდიდატი ვალერიანე ფოცხვერია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კობა ძიძიგური და ზაზა ადეიშვილი დიდგორისა და საიათნოვას ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ.
საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„ძალიან კარგად ვიცი რა სჭირდება ამ ქალაქს. სამტრედიის მუნიციპალიტეტში კანალიზაციის სისტემა ფაქტიურად არ არსებობს. მომავალი წლიდან, ჩვენი დეპუტატის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, გერმანიის ერთ-ერთი კომპანია პროექტს მოამზადებს, ხოლო შემდეგ, ისევ უცხოელებთან გაფორმდება ხელშეკრულება და ამ ოთხი წლის განმავლობაში, სამტრედიის კანალიზაციისა და წყლის სისტემა მთლიანობაში უნდა მოწესრიგდეს“, - განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ.
მისივე თქმით, მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი გზების რეაბილიტაციასთან ერთად, განათლება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია იქნება.
„მომავალ წელს, ძირითადი აქცენტი გვექნება გადატანილი ბავშვებზე და ბაღებზე. წელს თუ ძალიან ბევრს ასფალტს ვაგებდით, მომავალ წელს ძირითადი აქცენტი ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გაკეთდება“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.