საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი - არსად არ იკვეთება, რომ მარგველაშვილმა მე გამიწია ანგარიში
2014/06/15 12:50:01

არ მინდა, რომ ვანო მაჭავარიანის მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლება ვინმემ მე მომაწეროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ფაქტთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. აღნიშნული კომენტარი ივანიშვილმა ნატანების 61-ე საარჩევნო უბანში ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. 


"პირველ რიგში, ამასთან მე არაფერი კავშირი არ მაქვს. ჩემს გამოსვლაში არ მიმინიშნებია იმაზე თუ რატომ მუშაობს ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტის სამსახურში. ვთვლიდი და გავიმეორებ, რომ ის არ უნდა ყოფილიყო ფავორიტი, რადგან ეს უბრალოდ პოლიტკორექტულობას არღვევდა, მეტი არაფერი. ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო და მე ჩემი აზრი გამოვთქვი. არ მინდა, რომ ის როგორც მოხდა და განვითარდა, ვინმემ მე მომაწეროს. მახსოვს, რომ მარგველაშვილი განათლების მინისტრი იყო და მკითხა, რომ თუ შეიძლებოდა მაჭავარიანი სამინისტროში დაესაქმებინა. მე თანხმობა მივეცი. აქედან გამომდინარე, ეს ჩემთან არ უნდა დაკავშირდეს, არსად არ იკვეთება, რომ მე გამიწია ანგარიში", - განაცხადა ივანიშვილმა. 


მისივე თქმით, ის მხოლოდ იმას ამბობდა, რომ მაჭავარიანი არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის სახე. 
"მე მხოლოდ ვამბობდი იმას, რომ მაჭავარიანი არ უნდა ყოფილიყო სახე პრეზიდენტის. ამაზე გამოვთქვამდი ჩემს პოზიციას და დღესაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ უხერხულია, როდესაც მისი ძმა არის წინა პრეზიდენტის ფავორიტი და ახალი პრეზიდენტის ფავორიტი იქნება ვანო მაჭავარიანი. მხოლოდ ამაზე მივანიშნებდი. ადრეც ვთქვი, რომ თუნდაც მიხეილ მაჭავარიანმა იმუშაოს მარგველაშვილის ადმინისტრაციაში, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და დისკრიმინაცია არ უნდა არსებობდეს, მაგრამ პოლიტკორექტულობაზე მივანიშნებდი", - აღნიშნა ივანიშვილმა. 


მარგველაშვილმა ვანო მაჭავარიანი მრჩევლის თანამდებობიდან 13 ივნისს გაათავისუფლა. 


ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ საყვედური გამოთქვა ვანო მაჭავარიანის მრჩევლად დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მაჭავარიანი მათთან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" შესაშინებლად მივიდა, რომ "თუ სამსახურს არ მისცემდნენ, "ქართულ ოცნებაში" წავიდოდა, მაგრამ აღნიშნულში მარგველაშვილის დარწმუნება ვერ შეძლო. 


"გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გამცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით - რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, როცა ძველი პრეზიდენტის ფავორიტი არის მისი ძმა – მიშა მაჭავარიანი. აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ზოგადად ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ძმა მუშაობდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა მაჭავარიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმოდა და ისმის დღესაც _ როცა მე მოვედი პოლიტიკაში და ჩვენ შევქმენით კოალიცია "ქართული ოცნება", გიორგიმ მოიყვანა მისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი, მე მასთან ბევრი დრო დავხარჯე, საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ "სურვილი აღარ აქვს". მომავალში გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმუშევარი იყო. მან მიაღწია იმას, რომ შეაშინა, იქ წავალ, თუ სამსახურს არ მომცემთო. მას მისცეს სამსახური ქრთამის სახით – 7 ათასი ლარს უხდიდნენ საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტი გახლდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ამასთან, მისივე შეფასებით, ვანო მაჭავარიანი "ჩვეულებრივი წევრი იყო "ნაციონალური მოძრაობის". ივანიშვილი მის ქმედებას "უღირსად" აფასებს. 


"დეკემბრიდან, ჩვენგან გადასულ მაჭავარიანს 7 ათასი ლარი დაუნიშნეს ხელფასად. ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ის ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერ არ მოსულა სამსახურში, ხელფასის ასაღებადაც კი არ მოსულა, ქრთამის სახით იღებს ხელფასს და თქვენ ხომ არ გჭირდებათო. მე ვუთხარი, მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ-თქო და ისევ გილაურმა გაათავისუფლა. ეს კაცი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემი აზრით. არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ უმსგავსო საქციელი ჩაიდინა და ასეთი ადამიანი დღეს გახდა ახალი პრეზიდენტის სახე. ეს ჩემთვის უსიამოვნო იყო, რაზეც რამდეჯერმე ვეკამათე გიორგი მარგველაშვილს. ის ამბობდა, მათ კარგი ძმობა არ აქვთო, მაგრამ გადასარევი ძმობა აქვთ. ამაზე ხანგრძლივი პოლემიკა მქონდა, უშედეგოდ, თუმცა გიორგი მარგველაშვილს ამის უფლება აქვს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

წყარო: http://www.interpressnews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია