ოქტომბრის ბოლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის იზა ვეფხვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი. ქალბატონი იზა თვლის, რომ ის პირადი დაპირისპირების მსხვერპლია და მისი თანამდებობა ერთი წლის წინ ხარაგაულის კინოთეატრის პრივატიზაციის საკითხზე გამგებელთან შეპასუხებას შეეწირა. თუმცა, ამ უსამართლო გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ აპირებს.
გამგეობის იურისტები ქალბატონი იზას გათავისუფლებას შემდეგ კანონს უსადაგებენ: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის I და II პუნქტებს - დისციპლინური გადაცდომა, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება.
თუმცა, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად და ჯეროვნად შესრულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცოტა სხვაგვარად ესმით.
საქმე გამგებლის დავალებას ეხება: სექტემბერში მან იზა ვეფხვაძის სამსახურს და, კონკრეტულად, ამ სამსახურის სპეციალისტს ლელა შარიქაძეს დაავალა, რომ 30 სექტემბრამდე შეესწავლათ ხარაგაულის სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და საკომუნიკაციო სისტემების მომსახურების მდგომარეობა. საკითხი შეისწავლეს. ოღონდ კულტურის სამსახურის უფროსმა და მისმა სპეციალისტმა გადაწყვიტეს, რომ რაკი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მდგომარეობა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 30 სკოლაში შეესწავლათ. ინფორმაცია წერილობით გამოითხოვეს და იმის მოლოდინით, რომ გამგებელი მადლობას გამოუცხადებდათ, 30 სექტემბრამდე წარუდგინეს მას. გამგებელმა კი ლელა შარიქაძეს პირად საქმეში საყვედური გამოუცხადა, ხოლო იზა ვეფხვაძე გაათავისუფლა. გამგეობამ მხოლოდ დაბის სკოლები მოგთხოვათ, თქვენ კიდევ მთელი მუნიციპალიტეტის სასწავლო დაწესებულებებიდან გამოგითხოვიათ ინფორმაციაო. თან ეს საქმე წერილობით კი არ უნდა მოგეგვარებინათ, არამედ - პირადადო. ლელა შარიქაძემ საყვედური იმის გამოც მიიღო, რომ სკოლებთან ოფიციალური მიმოწერის უფლება საკუთარი სახელით არ უნდა ეწარმოებინა, ინფორმაციის გამოთხოვა გამგებლის სახელით უნდა მომხდარიყო, პასუხები დირექტორებიდან მას უნდა მიეღო.
მანამდე თორნიკე ავალიშვილმა საყვედური იზა ვეფხვაძესაც გამოუცხადა. მიზეზი ის იყო, რომ კულტურის სამსახურის თანამშრომელი სამუშაო საათებში, შესვენების დასრულებიდან ხუთი წუთის შემდეგ, ანუ სამის ხუთ წუთზე, ქუჩაში დაინახა. მართალია, ქალბატონი იზა ამტკიცებს, რომ თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და, ვინაიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს თანამშრომლებისთვის ჯერ თვითმფრინავები არ შეუძენია, საქმის მოსაგვარებლად ფეხით მიდოდა. მისი ეს მტკიცებულება ყურად არავინ იღო. საყვედური საყვედურად დარჩა.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: გათავისუფლებამდე ცოტა ხნის წინ ხარაგაულის გამგებლის მოადგილემ თამაზ ლომიძემ სამსახურის უფროსები დაიბარა და მოსთხოვა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაეწერათ. როცა მიზეზი იკითხეს, უპასუხა, გამგებელმა დამავალა, თქვენ როგრც გინდათ, ისე მოიქეცითო. განცხადებები ყველა სამსახურის უფროსმა დაწერა, ქალბატონი იზას გარდა, თუმცა, თანამდებობიდან არავინ წასულა.
„განცხადებები იმიტომ დააწერინეს, რომ მეც დამეწერა, მერე სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გამათავისუფლებდნენ და, ბუნებრივია, ამაზე ვერანაირ პროტესტს ვერ გამოვთქვამდი.“- ამბობს იზა ვეფხვაძე.
ამ არადამაჯერებელი მიზეზებიდან ნათლად ჩანს, რომ გამგებელი შარზე იყო. არსებობს რეალური ეჭვი, რომ იზა ვეფხვაძის გათავისუფლება ხარაგაულის კინოთეატრის საკითხთან არის დაკავშირებული.
„ხარაგაულს ეს ერთადერთი კულტურული ცენტრი აქვს - კინოთეატრი, და ისიც უნდოდათ, გაეყიდათ. მე მქონდა ინფორმაცია, რომ ამის შეძენა სურდა თორნიკე ავალიშვილის ბიძაშვილს. შევხვდი ბატონ თორნიკეს და ავუხსენი, რომ კინოთეატრის გაყიდვა არაფრით არ შეიძლებოდა. ყველაფერი ვიღონე, რომ ეს კინოთეატრი არ გაყიდულიყო. ჩავშალე აუქციონი.“ - ამბობს იზა ვეფხვაძე.
ხარაგაულის გამგებელი თორნიკე ავალიშვილი კი ამ ფაქტს უარყოფს:
„ეს ფაქტი არაფერ კავშირშია იზა ვეფხვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან. ქალბატონმა იზამ ვერ წარმომიდგინა მომავალი წლის სამუშაო გეგმა, ის არ ასრულებდა ჩემს დავალებებს და ამიტომაც გათავისუფლდა. რაც შეეხება კინოთეატრს, ეს სრული აბსურდია. მე არანაირი ბერკეტი არა მაქვს კინოთეატრის შენობის განკარგვასთან დაკავშირებით. ეს შენობა არის ს/ს „ქართული ფილმის“ საკუთრება და თუ ვინმე აპირებდა მის ყიდვას, ეს იყო იზა ვეფხვაძე.“
კინოთეატრი დღემდე „ქართული ფილმის“ საკუთრებად რჩება.
იზა ვეფხვაძე ხარაგაულში იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ მისმა გათავისუფლებამ ბევრი ადამიანი ააღელვა. გამგებლის ეს გადაწყვეტილება ხარაგაულელი ინტელიგენციის განსჯის საგანი გახდა, და არა მარტო მათი. ქალბატონი იზას თანამდებობიდან გათავისუფლებას ქუთაისისა და თბილისის ინტელიგენციაც გამოეხმაურა. ოტია იოსელიანის, რეზო ჭეიშვილის, გურამ დოჩანაშვილის, მარიკა კვალიაშვილის, გიორგი ხარაძის, გიგა ლორთქიფანიძის, რამაზ ჩხიკვაძის, ჯემალ ღაღანიძის, გურამ საღარაძის, ანზორ ერქომაიშვილის, ფრიდონ სულაბერიძის, ბიძინა კვერნაძის, ჟანრი ლოლაშვილის, ჯუმბერ ლომინაძის - მხარდაჭერა შემთხვევითი არ არის. ქალბატონი იზა არაერთი წიგნის ავტორი, ლიტერატურული და შემოქმედებითი საღამოების ორგანიზატორია. მის საქმიანობას კარგად იცნობენ არა მარტო რეგიონის, არამედ რესპუბლიკის მასშტაბითაც, ის ღირსების ორდენის კავალერიცაა.
იზა ვეფხვაძის მხარდამჭერებმა საქმის კურსში ჩააყენეს ყველა მაღალი რანგის სამსახური. წერილები მისწერეს პარლამენტს, კულტურის სამინისტროს. პრეზიდენტს.
სულიკო ციმაკურიძე, ფოლკლორულ ანსამბლ „ოდილას“ ხელმძღვანელი: „ქალბატონი იზა დაბადებულია ამ საქმისთვის, ღმერთმა გვაჩუქა ეს ქალი, ცოცხალი ენციკლოპედიაა და არ მესმის, რატომ მოხდა ასე. მე მხარს ვუჭერ მას.“
მერი გიორგაძე, პედაგოგი: „მე ვარ იზას მასწავლებელი, ხარაგაულის სინამდვილეში ბევრი რამ გააკეთა იზამ, მთელ ქვეყანას აჩვენა, ამ პატარა რაიონს რა დიდი ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნია. იზა ვეფხვაძე მე მაგალითად მყავს ჩემს მოსწავლეებთან. ვთვლი, რომ ყველა უნდა დაგვეხმაროს, რომ მხოლოდ იზამ კი არა, სიმართლემ, რწმენამ გაიმარჯვოს.“
იუზა ბერაძე, ანსამბლ „ოდილას“ წევრი: „სიმართლის მაძიებელი კაცი ვარ, აქ კი არა, რომ მითხრა, იზას მხარდაჭერისთვის დაგხვრეტენო, მაინც დავუდგები მხარში. იზას ღვაწლი დაუფასებელია. მან კარგად იცის თავისი საქმე, თუ არა ის, ვინ უნდა ჩაუდგეს ამ სამსახურს სათავეში, მე არ მესმის.“
საქართველოს კულტურის სამინისტროდან ინტელიგენციის წერილის, რომელსაც ხელს აწერენ ოტია იოსელიანი, რეზო ჭეიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი ხარაძე, გიგა ლორთქიფანიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ჯემალ ღაღანიძე, გურამ საღარაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, ბიძინა კვერნაძე, ჟანრი ლოლაშვილი, ჯუმბერ ლომინაძე, საპასუხოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამგებლის, თორნიკე ავალიშვილის სახელზე რეკომენდაცია მოვიდა, სადაც წერია: „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოვიდა წერილები, რომლებშიც კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ცნობილი პიროვნებები გამოთქვამდნენ ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ თქვენს მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი იზა ვეფხვაძე. უამრავი ადამიანი პირადად მოდის სამინისტროში და გამოთქვამს პროტესტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ქალბატონი იზა წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობდა ჩვენს უწყებასთან, მისი ხელმძღვანელობით მრავალი კულტურული ღონისძიება და პროექტი განხორციელდა. მიგვაჩნია, რომ ქალბატონი იზა უდავოდ იმსახურებს მხარდაჭერას და გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში განიხილოთ მისი თანამდებობაზე აღდგენის საკითხი.“ ამ წერილს ხელს აწერს მინისტრის პირველი მოადგილე დავით ცხადაძე.
ახლახან ხარაგაულის ინტელიგენციის წარმომადგენლები იმერეთის გუბერნატორის მოადგილეს ლაშა კილაძესაც შეხვდნენ, ხარაგაულელებს ქუთაისელებიც შეუერთდნენ. მაშინ ლაშა კილაძე მათ დაპირდა, რომ საკითხს დეტალურად შეისწავლიდა და სწორედ შემდეგ შეძლებდა დაზუსტებული პასუხის გაცემას.
ბატონი კილაძე ამ დღეებში მივლინებით იმყოფება უცხოეთში და მისი საბოლოო ჩამოყალიბებული პოზიციის გაგება ვერ მოვახერხეთ.
ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა მაღლაკელიძე კი გამგებლისთვის რეკომენდაციების მიცემას არ აპირებს, ერთადერთი მიზეზით - ეს მის კომპეტენციაში არ შედის.
ჯაბა მაღლაკელიძე: „ეს გამგებლის პრეროგატივაა, ისაა კომპეტენტური, გადაწყვიტოს ეს საკითხი. თავის დროზე მე მივესალმე ქალბატონი იზას თანამდებობაზე დანიშვნას და ახლა ვწუხვარ, რომ ასე მოხდა.“
თორნიკე ავალიშვილი კი არავის რეკომენდაციის განხილვას არ აპირებს, მან „P.S.“-თან განაცხადა რომ მისი გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
„სანამ მე ვიქნები გამგეობაში, ეს ქალბატონი თანამდებობაზე ვერ დაბრუნდება. ის ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. ამიტომაც არავის აღდგენას და არც ჩემი ბრძანების გადახედვას არ ვაპირებ.“
ხარაგაულის კულტურის სამსახურს უფროსი, ჯერჯერობით, არა ჰყავს.
ხარაგაულში გავრცელებული ინფორმაციით, გამგებელი ამ თანამდებობას მისი ერთ-ერთი ნათესავისთვის ინახავს. თორნიკე ავალიშვილი: „ხარაგაული პატარაა და ყველა ყველას ნათესავია. ამ თანამდებობაზე ვის დავნიშნავ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, არც კანდიდატურები განიხილება. დაინიშნება ისეთი ადამიანი, ვინც ეს სფერო იცის და ღირსეული კანდიდატურა იქნება.“
იზა ვეფხვაძე კი ბრძოლას კვლავ განაგრძობს. თუ პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის სამინისტრო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მას სიმართლის გამარჯვებაში ვერ დაეხმარა, ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებს, დათმობას კი - არავითარ შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ, რომ მას გვერდით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და იმიტომაც, რომ ყველა დააჯეროს, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.