დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩამქრალი ნათურები გია ბუღაძის აკადემიაში
2009/11/16 14:25:21

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნაწილმა აკადემიის ეზოში 11 ნოებერს აქცია გამართა. ათობით სტუდენტი დაუმორჩილებლობას აცხადებს, ლექციებზე შესვლაზე უარს ამბობს და სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროგრამის რეფორმირებას მოითხოვს.

„რასაც აკადემიაში გვასწავლიან, სოციუმის განვითარებისთვის არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. ისწავლება  მხოლოდ სახელობო-ტექნიკური ხერხები, ანუ ის, თუ რა და როგორ უნდა აკეთო, და არა ის, თუ რატომ უნდა აკეთო. დღეს სასწავლო პროცესი სამხატვრო აკადემიაში არ ეფუძნება სტუდენტის განვითარების ინტერესს და არ იძლევა შესაბამის ცოდნას, იმისთვის , რომ მისმა კურსდამთავრებულებმა ადგილი დავიმკვიდროთ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში.“ - აღნიშნულია სტუდენტების მიერ გავრცელებულ მიმართვის ტექსტში.

აკადემიაში „გაუნათებელი   განა-თლების“  პროგრამის სიმბოლოდ, სტუდენტებმა აქციაზე ჩამქრალი ნათურები მიიტანეს.

რამდენიმე წლის წინ სამხატვრო აკადემიაში გიორგი კევლიშვილის ვიზუალური ხელოვნების სახელოსნო შეიქმნა. სტუდენტების თქმით, ეს იყო ერთადერთი „ოაზისი“, სადაც ისინი სწავლობდნენ ახალს, განსხვავებულს და მათთვის საინტერესოს.

სხვათა შორის, ეს ის სახელოსნოა, რომლის სტუდენტებმაც თავიანთი სადიპლომო ნამუშევრით „სველი წრე მთელი საქართველო აალაპარაკეს. მაშინ ჩაკეტილ წრეში მსხდომი ახალგაზრდები, რომლებიც ერთმანეთს სახეში აფურთხებდნენ, საზოგადოებამ ძალიან მძაფრად და კრიტიკულად  მიიღო.

გიორგი კევლიშვილი (სახელოსნოს ხელმძღვანელი): „პრესიდან დაცინვის და გინების კორიანტელი მოდიოდა. თან ისე, რომ ავტორისთვის არავის არაფერი უკითხავს. დღეს ისინი, ვინც ამ ნამუშევარს აგინებდნენ, უფრო მოკრძალებულნი და ლმობიერნი გახდნენ. Eეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც `სველმა წრემ ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ „კობრას“ მუზეუმში თანამედროვე ქართული ხელოვნების ყველაზე წარმომადგენლობით გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა“.

დღეს ვიზუალური ხელოვნების სახელოსნო აღარ არსებობს. ოფიციალური ინფორმაციით, სახელოსნოს დახურვის მიზეზი ის გახდა, რომ მისმა ხელმძღვანელმა, გიორგი კევლიშვილმა, ვერ გაიარა შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი.

თუმცა, სახელოსნოს დახურვის მიზეზად სტუდენტები სხვა რამეს მიიჩნევენ:

ბექა ჩოფლიანი (სტუდენტი):„აკადემიის რექტორმა, გია ბუღაძემ, სტუდენტებთან პირად საუბარში განაცხადა, რომ სახელოსნოს დახურვის მიზეზი გახდა ის სტატია, რომელიც გიორგი კევლიშვილმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ დაარსებულ ჟურნალ „აბარტში“ გამოაქვეყნა. სტატიაში ავტორი გამოთქვამდა თავის კრიტიკულ პოზიციას აკადემიაში შექმნილ ვითარებაზე.“

გიორგი კევლიშვილი და მისი სტუდენტები სახელოსნოს დახურვას აღიქვამენ, როგორც  კონკრეტული ადამიანის განსხვავებული, კრიტიკული აზრის დევნასა და დისკრიმინაციას.

„ორი წლის განმავლობაში მე ვიყავი რექტორის მრჩეველი. მას არაერთხელ წარვუდგინე ჩემი ხედვა აკადემიის განვითარებასთან დაკავშირებით. ხშირად გამოვთქვამდი კრიტიკულ აზრს იმ სიტუაციაზე, რაც დღეს სამხატვრო აკადემიაშია. საბოლოოდ, შედეგად მივიღე ის, რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს,“- ამბობს გიორგი კევლიშვილი.

ფერწერის ფაკულტეტის დეკანს, დავით ალექსიძეს, სახელოსნოს დახურვის მიზეზად გიორგი კევლიშვილის მიერ გამოქვეყნებული სტატიების დასახელება არასერიოზულად მიაჩნია: „ჩევნ არაერთხელ შევხვდით ამ სტუდენტებს  და გასაგებად ავუხსენით სახელოსნოს დახურვის მიზეზი. სახელოსნოს პედაგოგმა, გიორგი კევლიშვილმა, ვერ გაიარა შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი. სტუდენტებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ უფლებების გარდა, მათ აქვთ მოვალეობებიც. ლექციებზე დასწრება სტუდენტის უპირველესი მოვალეობაა. Oმინდა გითხრათ, ორივე მხარის ინტერესებში შედის ის, რომ ეს სტუდენტები დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს. მე, როგორც დეკანი, ყოველთვის მზად ვიყავი და ახლაც მზად ვარ, კიდევ ერთხელ შევხვდე და გავესაუბრო მათ. მზად ვარ, მოვისმინო მათი მოთხოვნები, აკადემიის ადმინისტრაცია განიხილავს მათ და, თუ საჭიროდ ჩათვლის, დააკმაყოფილებს.“

აქციაზე შეკრებილი სტუდენტები კი ლექციებზე შესვლას მანამ არ აპირებენ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა და არ აღდგება ვიზუალური ხელოვნების სახელოსნო. 

სალომე აჩბა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია