დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გია დვალი: “ქვეყანას დემოკრატიული რეფორმების გატარების შანსი აქვს”
2012/10/16 22:40:42

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა  მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას  გააკეთა განცხადება, რომ შეიქმნება განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსი, ჩვენი თანამემამულე, გია დვალი უხელმძღვანელებს.

 ამ განცხადების შემდეგ გია დვალთან ინტერვიუ გავრცელდა „ლიბერალის“ პორტალზე. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

 

ბატონო გია, თქვენ განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფოკომისიას უხელმძღვანელებთ. რა იქნება ამ კომისიის მთავარი ფუნქცია?

ასეთი კომისიების იდეა ის არის, რომ ის დამოუკიდებელი ორგანოა, დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომელებსაც რეფორმის შემუშავება შეუძლიათ, მაგრამ სახელმწიფო აპარტში დასაქმებულები არ არიან. ამ კომისიის ფუნქციაა, რომ შევიმუშავოთ რეფორმები, დავასაბუთოთ რატომ ვთვლით ასე და არა სხვანაირად და მივაწოდოთ პრემიერმინისტრის, პარლამენტს და შესაბამის სამინისტროებს.

რადგან დავთანხმდი ამ პოზიციას, ეს ნიშნავს, რომ ჩემს თავზე ავიღე ფუნქცია, მზად ვარ 100% -ით ვიყო ჩართული კომისიის მუშაობაში. ფიზიკურად ჩემი მანდ ყოფნა აუცილებელი არ არის. კომისიის ყველა წევრი თბილისში არ იქნება. როცა საჭირო გახდება ჩამოვალ.

ვინ არიან კომისიის სხვა წევრები?

ეს წინგადადგმული ნაბიჯია. აქამდე ესეთი ტიპის ნაბიჯები არ გადადგმულა. კომისია ფორმირების პროცესშია. კანდიდატების ჩამოთვლას საჭიროდ არ ვთვლი. დეტალები მომავალში გახდება ცნობილი.   

როგორია თქვენი ხედვა? რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს განათლების სისტემაში?

ჩვენ უნდა შევქმნათ დემოკრატიული ქვეყნისთვის შესაფერისი თანამედროვე განათლების სისტემა. ეს სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს აკადემიურ თავისუფლებაზე, - ეს არის მთავარი ქვაკუთხედი.

აკადემიური თავისუფლების გარეშე განათლების სისტემა, მით უფრო საუნივერსიტეტო, ვერ იფუნქციონრებს. ეს ერთი მხრივ, აუცილებელია იმისთვის, რომ არსებობდეს ხარისხი. არათავისუფალ განათლების სისტემაში მაღალი ხარისხის მქონე პროფესორის მოზიდვა შეუძლებელია. საუნივერსტეტო განათლება შემოქმედებით საქმიანობასთან და თავისუფალ აზროვნებასთან არის გადაჯაჭვული. აკადემიური თავისუფლების გარეშე ეს ორივე წარმოუდგენელია. წარმატებული საუნივერსტეტო სისტემის შექმნისთვის მთავარი აკადემიური თავისუფლებაა და სახელმწიფომ ამის გარანტიები უნდა უზრუნველყოს.

საუნივერსიტეტო ცხოვრების ხერხემალი პროფესურაა, ანუ ფაკულტეტის წევრები. აკადემიური თავისუფლება მათთვის ბერკეტია. საუნიერსტეტო სისტემის მთავარი ამოცანაა, რომ გაზარდოს შემოქმედი და თავისუფალი მოაზროვნე.

მხოლოდ უმაღლესი განათლების რეფორმირების ნაწილში ჩაერთვებით? ზოგადი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე რას ფიქრობთ, როგორია თქვენი ხედვა?

ჩვენ შეძლებისდაგვარად განათლების ყველა რგოლში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი ექსპერტიზა გამოდგება. აკადემიური თავისულება სკოლაშიც აუცილებელია. აკადემიური თავისუფლება არის იმის გარანტი, რომ მასწავლებელი და პროფესორი დისკრიმინაციისგან დაცულია.

ამ ცვლილებების გასატარებლად ბიუჯეტში განათლების სისტემისთვის განკუთვნილი თანხები საკმარისია? აკადემიური თავისუფლება ხომ მაღალ ანაზღაურებასაც გულისხმობს

თუ ამოცანა არის ის, რომ თანამედროვე კონკურენტუნარიანი საუნვიერსტეტო სისტემა შევქმნათ, როგორ შეიძლება იმის ილუზია გვქონდეს, რომ დღევანდელი რესურსებით მსოფლიო ბაზარზე ვინმეს კონკურენციას გავუწევთ? წარმატებული განათლების სისტემა შუეძლებელია შექმნა არადემოკრატიულ ქვეყანაში. მარტივი მიზეზის გამო - კონკურენცია საერთაშორისოა, თუ გადიხარ საერთაშორისო ბაზარზე, არადემოკრატიულ ქვეყანაში ვერ მოიზიდავ კვალიფიცკურ კადრებს.

მარტო ხელფასებზე არ არის საუბარი, ლაპარაკია კონტრაქტის პირობებზე. აკადემიური თავისუფლება ძალიან რთულია გქონდეს სისტემაში, სადაც სრული პროფესორი სამწლიან კონტრაქტზეა, ეს პროფესორის სტატუსის შეურაცხყოფაა. ამ დროს მეცნიერს უჩნდება შიში და შეშინებული ადამიანი თავისუფალ მოქალაქეს ვერ გაზრდის.

საუნივერსტეტო განათლების რგოლში რომელი მიმართულება უნდა გახდეს პრიორიტეტული?

არ ვიტყოდი, რომ პრიორიტეტი უნდა გახდეს ის ფაკულტეტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი. სწორი მიდგომა ეს არ არის. პრიორიტეტი უნდა გახდეს განათლება მთლიანად და გრადაცია უნდა გამომდინარეობდეს იქიდან, რა გვჭირდება და არა იქიდან - რა არის კონკურენტული. მეცნიერების დარგებს განვითარება სჭირდებათ და მეცნიერების გარეშე განათლების სისტემა წარმოუდგენელია. ამას გარდა უმნიშვნელოვანესია ჰუმანიტარული განათლება, უნივერსიტეტი უნდა იყოს დემოკრატიული და თავისუფალი აზროვნების კერა და ჰუმანიტარულ განათლებას დიდი მნიშვნელობაა აქვს.

სისტემა საფუძველი აკლია. პროფესორ - მასწავლებლები არ არიან დაცულები.

თქვენ განათლების მინისტრის კანდიდატურად სახელდებოდით, მოგიწიათ არჩევნის გაკეთება არჩევენი კომისიის ხელმძღვანელობასა და მინისტრობას შორის?  

ვთვლი, რომ ეს სქემა რეფორმის გატარების ოპტიმალური გზაა. ჩემს ხედვას შეესაბამება და ამიტომ დავთანხმდი.

როგორც ცნობილია თქვენ წინა მთავრობისგანაც გქონდათ შემოთავაზება. რატომ არ შედგა თქვენსა და წინა ხელისუფალს შორის შეთანხმება? 

თქვენ კითხვას მე ფაქტიურად ვუპასუხე. მიმაჩნია, რომ წარმატებული რეფორმის ჩატარება დემოკრატიის გარეშე შეუძლებელია. განათლების სისტემა არადემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებალდ ვერ იარსებებს. დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. ვთვლი, რომ ქვეყანას დემოკრატიული რეფორმების გატარების შანსი აქვს. ახლა არის მომენტი, რომ განათლების სისტემის მოდერნიზაცია მოხდეს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა ჩამოყალიბდეს.  

 

ლიკა ზაკაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1334
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია