დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სტრასბურგში და უმრავლესობის შეფასებები
2013/01/22 20:46:34

იმედგაცრუებული დავრჩი ამ არჩევნების შედეგებით, მაგრამ ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ გზით მოხდა ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ მას აქვს ერთი რადიკალური მიმართულება და ეს არის ევროპული არჩევანი.

„3 თვის წინ მოხდა ხელისუფლების გადაცემა საქართველოში არჩევნების გზით. ეს მოხდა პირველად საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

“რა თქმა უნდა, მე იმედგაცრუებული დავრჩი ამ არჩევნების შედეგებით, მაგრამ ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ გზით მოხდა ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში. მე ამაყი ვარ ჩემი პარტიით, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში აეშენებისა ისეთი სისტემა, სადაც უმრავლესობა და უმცირესობა იცვლება არა გადატრიალებით, არამედ არჩევნების შესაბამისად. მე ვხელმძღვანელობდი გუნდს, რომელიც ქვეყანაში 8 წლის განმავლობაში რადიკალურ ტრანსფორმაციას ახდენდა საზოგადოებაში, ათავისუფლებდა საზოგადოებას იმ მემკვიდრეობისგან, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოდიოდა. ძალიან ბევრი დამკვირვებელი ამ ცვლილებას მენტალურ რევოლუციას უწოდებდა. ის, რაც მოხდა საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში და მათ შორის 1-ელ ოქტომბერსაც, არის ჩვენი დემოკრატიული გამოცდილების ძალიან დიდი წილი. ამან, მე იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ჩვენი ერი, არამედი მთელი რეგიონი შეცვალა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„როგორც ნებისმიერ დემოკრატიაში, უმრავლესობა შეიძლება შეიცვალოს, მხოლოდ ამომრჩეველთა ხმების მიხედვით, მაგრამ ჩვენი ერის მისწრაფება ევროპისაკენ ნებისმიერი პოლიტიკური დანაწევრების მიღმა გადის. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი, რომელიც მინდა, დღეს ასამბლეის წინაშე გავაჟღერო", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნოშნა, რომ მისი, როგორც ფერადი რევოლუციების ერთ-ერთ ლიდერის, იმედები და ენთუზიაზმი, დღეს, როგორც კოჰაბიტაციის ლიდერ პრეზიდენტს, არ შეუცვლია.

"შეიძლება საოცარიც იყოს, მაგრამ ეს ენთუზიაზმი და იმედები მხოლოდ გაიზარდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსული მედიის ცნობით, სტრასბურში მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან მისი პირადი დამოკიდებულების შესახებაც ისაუბრა. ამის შესახებ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟან კლოდ მინიონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და რუსეთთან ურთიერთობისთვის მზად არის.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – არსად არ მიდის და საქართველოში კიდევ დიდხანს იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, სააკაშვილმა არ გამორიცხა, რომ რუსეთს მის პარტიასთან კონტაქტი მაინც მოუწევს. „შესაძლოა, ჩემთანაც კი“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ყველასთან კონტაქტისთვის მზად არის“, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლებასთანაც.

„თუმცა საქართველოს გენერალური ხაზი დასავლეთის მიმართულებით არ შეიცვლება“, - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

უმრავლესობის შეფასებები

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას კომიკურს უწოდებენ.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი გამოსვლისას ქვეყნის იმიჯს უხეშად ეპყრობოდა.
„მან გადაწყვიტა, რომ შეეჯიბროს პრემიერს და თქვა, რომ თითქოს თავად უკეთ ლაპარაკობს რუსულად, ვიდრე პრემიერ-მინსიტრი. ძალიან ურცხვად საუბრობდა დეპუტატებზე ზეწოლაზე. მას დაავიწყდა, რომ ქვეყანას წარმოადგენს ევროსაბჭოში და არა ერთ ვიწრო დამარცხებულ პოლიტიკურ გუნდს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ირაკლი ჩიქოვანი კი პრეზიდენტს „არაერთი ტყუილის“ თქმაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დასანანია, რომ ამ ფორმით სააკაშვილი იმის გამართლებას ცდილობდა, რასაც ბოლო 

წლების განმავლობაში მისი ხელისუფლება აკეთებდა.

„რაც შეეხება მის მიერ იმის დეკლარირებას, რომ თითქოს საფრთხის ქვეშ დგას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის მორიგი სიცრუე, რომელიც არაერთი იყო ამ გამოსვლაში. იგი ამით ცდილობს, გარკვეული ლეგიტიმაცია მოიპოვოს და მისი პოლიტიკური დასასრული უფრო ლამაზი და ნათელი გახადოს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია