დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ასეთ აფერისტობას ევროპაში ვერავინ მოიფიქრებს...“
2009/11/09 13:30:41

საერთაშორისო ვალდებულებების მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსმა მატიას ჰუტერმა მორიგი ანგარიში გააკეთა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მონიტორინგი საქართველოში მედიამფლობელების შესახებ. როგორც პროექტის ხელმძღვანელები აცხადებენ, ამ ანგარიშს ხელისუფლების წარმომადგენლებიც კითხულობენ და კომენტარებსაც უგზავნიან. რეალურად დღემდე კვლავ უცნობი რჩება, ვინ ფლობს უმთავრეს მედია სადგურებს საქართველოში. არსებული კანონმდებლობა მედიის შესახებ პრაქტიკულად არ არის დანერგილი ისე, როგორც წერია. მატიას ჰუტერი ანგარიშში წერს:   „უამრავი ადამიანი, რომელიც ახლა მართავს მედია სადგურებს პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა წარსულში და მჭიდროდ არის დაკავშირებული მთავრობასთან. გარდა ამისა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც არეგულირებს ელექტრონულ კომუნიკაციებს საქართველოში, არ არის მთლიანად დამოუკიდებელი.“

საინტერესო აღმოჩნდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის მფლობელთა ვინაობა: 30%-იანი წილი შპს „ჰოლდინგი - საქართველოს“ ინდუსტრიულ ჯგუფს აქვს, ხოლო 70%-ის მფლობელი - DEGSON LIMITED-ია. საინტერესოა ტელეკომპანია „სპექტრის“ მფლობელები, რომელიც ახალციხეშია დარეგისტრირებული და დღემდე მაუწყებლობა არ აქვს. სავარაუდოდ, არხი ეთერში საარჩევნოდ უნდა გავიდეს. მის მფლობელთა სიაში ვინმე ივანე მერაბიშვილია, რომელსაც 10%-იანი წილი აქვს. თუმცა, ჯერჯერობით, ვერ დავადგინეთ, არის თუ არა „ის“ ვანო მერაბიშვილი, „ის“ ვანო მერაბიშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრია. თუმცა ამავე ტელევიზიის 25% გიორგი მესხელს ეკუთვნის, რომელიც ახალციხის საფინანსო პოლიციის უფროსის მოადგილეა, 10% - საგადასახადო სამსახურის უფროსს ზურაბ ჩილინგარაშვილს, ხოლო საპატრულო პოლიციის უფროსს გევორქ საგოიანს არხის 10% აქვს მფლობელობაში. ტელე-რადიო კომპანია „ბორჯომის“ 20%-ის მფლობელი ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ტრისტან ცუცქირიძეა. „მეორე არხი“ რეფორმირების პროცესშია და დაგეგმილია 2010 წლის დასაწყისში საპარლამენტო არხად გარდაიქმნას. სავარაუდოდ, ამ არხზე ღია დებატები გაიმართება პირდაპირ ეთერში. რაც შეეხება, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 25 მლნ ლარია გამოყოფილი. სავარაუდოდ, 2010 წელს ეს თანხა შემცირდება. როგორც ამბობენ. მომავალი წლის ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი 22 მილიონ ლარს მიიღებს.

მედია მფლობელებთან დაკავშირებულ გაუგებრობაზე ინტერვიუ ანალიტიკოს მატიას ჰუტერს ვთხოვეთ.

- ბატონო მატიას, რამდენად რთული და საინტერესო იყო საქართველოში მედია მფლობელობასთან დაკავშირებით მუშაობა?

- ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ საქართველოს მედიის მფლობელობასთან დაკავშირებით მსოფლიოში ყველაზე დიდი პრობლემა აქვს. მე ვიცნობ ევროპის და ამერიკის მედიას, რადგან ვმუშაობდი ამ თემაზე. მაგრამ არ შემხვედრია შემთხვევა, როცა ქვეყანაში ყველაზე დიდი ტელევიზიის მფლობელი, ვგულისხმობ „რუსთავი-2“-ს, არის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული. რომელიც საკონტროლო პაკეტის მფლობელია. ევროპაში არავის მოუგონია ამ ქმედების საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რადგან ასეთ აფერისტობას იქ ვერავინ მოიფიქრებს. მეორე პრობლემა კი ის არის, რომ სარეკლამო ბაზა არ არის საკმარისი, რათა ტელევიზიებმა რეკლამებით იარსებონ. ამიტომ ტელევიზიები მფლობელებზე არიან ფინანსურად დამოკიდებული. საინტერესოა ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლის ძალიან დაბალი წილი ჰყავს. ასეთი ქვეყნებია უკრაინა და თურქეთიც. დანარჩენ ქვეყნებში კი საზოგადოებრივი მაუწყებლები გაცილებით ძლიერები არიან, ვიდრე საქართველოში.

- „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოს გასულ წელს 128-ე ადგილი ეკავა, წელს კი 82-ე ადგილზეა. როგორ აფასებთ ამ ანგარიშს, ეთანხმებით თუ არა?

- ეს ანგარიში არაფრის მთქმელია იმიტომ, რომ აგვისტოს ომმა რეალური სურათი შეცვალა. ამან გამოიწვია ამ მაჩვენებლის აწევა. მეტსაც გეტყვით, 2003 წელს ეს ანგარიში უფრო რეალური იყო, ვიდრე ახლა.

- ანუ მედიის თავისუფლების კუთხით რევოლუციის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა?

- დიახ. ყოველშემთხვევაში, არ გაუმჯობესებულა.

- თქვენი ანგარიშის მომზადების პერიოდში თუ გაამახვილეთ ყურადღება რედაქციებში ჟურნალისტთა მდგომარეობის შესახებ?

- ჟურნალისტების სამუშაო პირობები ცუდია. ვგულისხმობ, რომ მფლობელს შეუძლია, ჟურნალისტი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლოს სამსახურიდან. გარდა ამისა საინფორმაციო საშუალებები უფრო მხარს უჭერენ მთავრობას და მათ პროპაგანდას ეწევიან, ჟურნალისტები რეგიონში უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე ცენტრალურ არხებზე.

- და რა მდგომარეობაა ბეჭდურ მედიაში?

- დავინახე, რომ გაზეთებს თითქმის მკითხველი არ ჰყავთ. ამიტომ ბეჭდური მედია ძალიან მცირე ტირაჟიანია. ამის გამომწვევი ფაქტორი ის არის, რომ მოსახლეობას ფული არ აქვს, პრესის შესაძენად. ეს კი აძლიერებს ტელევიზიას.

- გარდა ამისა, რეგიონული ტელევიზიები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეული სახის დაფინანსებას იღებენ. ხელმძღვანელები კი ამას მომსახურების ხარჯებად ასახელებენ. რას იტყოდით?

- ის, რომ რეგიონული ტელევიზიები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებიან, თავისთავად, დიდი პრობლემაა. ამ ეტაპზე გამოსავალს ვერ ვხედავ. რადგან დღეს არ არსებობს კომპანია, რომელიც ამ არხებზე რეკლამას გაუშვებს. ანუ შენ თუ არ გაქვს ფული, რომ პროფესიული პროგრამები მოამზადო, მაშინ ვერ მიიზიდავ რეკლამისთვის კლიენტებს. გარდა ამისა, თუ ხალხი არ კითხულობს, არ გისმენს და არ გიყურებს თავისთავად, რეკლამაც არ გაქვს. ამ მომენტისთვის კარგი იქნებოდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხების გამოყოფა, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მედია დამოუკიდებელი იყოს. რადგან დონორები ყოველთვის ვერ შეძლებენ მათ ფინანსურ მხარდაჭერას. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1285
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია