საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის თოჯინების თეატრში აკაკი ყურაშვილის 100 წლის იუბილე აღნიშნეს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/21 16:57:41

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის მფლობელის, აკაკი ყურაშვილის 100 წლის იუბილე აღნიშნეს.


აკაკი ყურაშვილი იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1946-52 წწ. მოღვაწეობდა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 1952-97 წწ. – ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში. იგი თოჯინური სპექტაკლების საუკეთესო ოსტატი იყო. შესრულებული აქვს 200-ზე მეტი დრამატული და თოჯინური როლი, რომელთაგანაც განსაკუთრებით გამოირჩევა: დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"- ბეკინა, კ. მაჭარაძის "დათუნიას სამართალი"-მგელი, უ. ჰაჯიბეგოვის "არშინ მალ-ალან:-სულთანბეგი, დ. ხუროძის "ხელმწიფე ჭაში"-მეფე ლომი, გ.ნახუცრიშვილის და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"-დევი, ა. გეგიას "საფრთხობელა"-საფრთხობელა და სხვ.

 

აკაკი ყურაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს მისი კოლეგები, ახალი თაობის მსახიობები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის გერმანიიდან ჩამოვიდნენ ყურაშვილის ვაჟები.


„დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დიდი თარიღია არა მარტო ჩვენი ოჯახისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის. მამას სული დღეს აქ ტრიალებს და ხარობს. აკაკი დიდი პიროვნება იყო, მან არაერთ მოზარდს ჩაუნერგა თოჯინური თეატრის სიყვარული და მიხარია, რომ მას არ ივიწყებს მისი ქალაქი," – განაცხადა სერგო ყურაშვილმა.


საღამოზე უჩვენეს რამდენიმეწუთიანი ჩანახატი აკაკი ყურაშვილის ცხოვრებიდან, გააცოცხლეს თოჯინები, სიტყვით გამოვიდნენ სახალხო არტისტის უკვე ყოფილი თანამშრომლები და გაიხსენეს მასთან დაკავშირებული ცხოვრებისეული კურიოზები თუ მასთან ერთად შესრულებული როლები. დამსწრე საზოგადოებამ აკაკი ყურაშვილს თოჯინური თეატრის „ქურუმი“ უწოდა.


„ჩვენს თეატრში პირველი შემთხვევაა, როცა ოჯახის ინიციატივით და ჩვენი თანადგომით პატივს მივაგებთ არაჩვეულებრივ პიროვნებას. როცა თეატრს რესპუბლიკის ასეთი სახალხო არტისტი ჰყავს, თუნდაც გარდაცვლილი, ეს უკვე თეატრის დიდი ისტორიაა. კაკო ერთ-ერთი პირველია იმათგან, ვინც ჩვენი თეატრის დაარსების დღიდან მოღვაწეობდა აქ და ღირსეული კვალიც დატოვა. დიდი ბედნიერებაა ამ კედლებში მის მიერ შექმნილი ისტორიის შენარჩუნება,"-განაცხადა თოჯინების თეატრის დირექტორმა ლევან გაბრიჭიძემ.

 

საიუბილეო საღამოს ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია.


კაცთმოყვარე, იმპროვიზატორი, პოზიტიური პიროვნება, გამორჩეული არტისტი, საოცარი მეგობარი, დიდებული მამა და თანამშრომელი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ეპითეტებისა, რითიც სიტყვით გამომსვლელებმა საქართველოს სახალხო არტისტი მოიხსენიეს.


 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2313
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია