დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებს ეხმაურება
2013/05/29 14:53:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არის  მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის დამკვიდრების საქმეში.

პრემიერ-მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე  გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 9 ივნისს გაიმართება მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც მოსამართლეები აირჩევენ თავიანთ  წარმომადგენლებს რეფორმირებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„იმედს გამოვთქვამ, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლად და კვალიფიციურად გამოიყენებენ მათთვის მინიჭებულ გაზრდილ უფლებებს, ხოლო არჩევნების პროცესი გამჭვირვალე და გახსნილი იქნება დამკვირვებლებისათვის. ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისთვის, არ გამოვრიცხავ, გარეშე პირებს გაუჩნდეთ იმის ცდუნება, რომ ზეგავლენა მოახდინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნების შედეგებზე. ეს დაუშვებლად მიმაჩნია, რადგან იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, გარანტირებული უნდა იყოს მის საქმიანობაში ჩაურევლობა,“ – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი, ძლიერი, ეფექტიანი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია.

 საქართველოს მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობის მქონე პოლიტიკურმა ძალამ, ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ სასამართლო სისტემამ ჩაურევლად დაიწყოს არსებობა და განვითარება.

„მჯერა, რომ დღეს საქართველო ისე ახლოს არის დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების მიზანთან, როგორც არასდროს. დარმუნებული ვარ, როგორც სასამართლო სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ, ყველა აცნობიერებს ამ მოვლენის მნიშვნელობას. ამიტომ, ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი მოსამართლეებს, რათა მათ შეძლონ დამოუკიდებლად და ჩაურევლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი,“ – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1348
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია