დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შემცირებულებს არ ითვლიან
2009/11/02 12:38:03

ქუთაისის თვითმმართველობაში ამჯერადაც საკადრო აურზაურია: სამსახურიდან დათხოვილია არასრულწლოვანთა საქმეების სამსახურის ხელმძღვანელი მაგული გიორგაძე, განათლების განყოფილების უფროსი მაყვალა ქობულაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა სულაძე. ყველაზე მეტად პროტესტს მაგული გიორგაძე გამოხატავს. როგორც თვითონ ამბობს, „არანაციონალობის“ ნიშნით დაითხოვეს,  შემცირებაში მოჰყვა კიდევ რამდენიმე თანამშრომელიც. საუბარი კვლავ გრძელდება ქალაქის მერის შესაძლო შეცვლაზეც. მართალია, ნუგზარ შამუგია „ნაციონალი“ არაა, მაგრამ მაინც ამ გუნდში მოიაზრებს საკუთარ თავს.

შემცირება კი ნაცნობი და ქუთაისისთვის მეტისმეტად აპრობირებული მეთოდით ხდება: სამსახურიდან წასვლის სურვილი  თანამშრომლებს, „რატომღაც“ ამჯერადაც საკუთარი სურვილით უჩნდებათ; მერიის თითქმის ყველა თანამშრომელი ორ განცხადებას წერს, ერთს - გათავისუფლების, მეორეს - დანიშვნის მოთხოვნით. მაგრამ მეორე განცხადება ზოგიერთ შემთხვევაში დაუკმაყოფილებელი რჩება, საკუთარი სურვილით დაწერილი განცხადება კი სამართლებრივი გზით მისი გაპროტესტების გზას არ ტოვებს.

საკადრო ცვლილებებსა და მორიგ რეორგანიზაციაზე „P.S.“-ის შეკითხვებს ქალაქის მერი ნუგზარ შამუგია პასუხობს.

 

- ბატონო ნუგზარ, ქალბატონი მაგული საუბრობს იმ დიალოგზე, რომელიც თქვენს შორის შედგა - თქვენ მას უთხარით,  რადგანაც ნაციონალი არ იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი არ უნდა ეყარა, სამსახურიდანაც ამის გამო თავისუფლდებოდა.

- არა, როგორ გეკადრებათ, ამაზე საუბარი არც ყოფილა! ქალბატონმა მაგულიმ თავად დაწერა განცხადება, თანაც მას საპენსიო ასაკიც აქვს უკვე. იმ სამსახურის ფუნქციები, რომელსაც ხელმძღვანელობდა, განათლების რესურსცენტრს გადაეცა. მასე ჩვენ მაყვალა ქობულაძეც კი გავათავისუფლეთ, სულ რამდენიმე ქალბატონია ნაციონალურ პარტიაში და ერთ-ერთი ისაა.
- რამდენი ადამიანი გათავისუფლდა რეორგანიზაციის შემდეგ?

- თუ არ ვცდები, თორმეტი ადამიანი, დათვლით, ნამდვილად არ ვიცი, არ ვითვლით.

გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული სამსახურის, საბინაო ფონდის მართვისა და რეგულირების სამსახურის უფროსი, ასევე განათლებისა და არასრულწლოვანთა განყოფილების უფროსები, გვყავს ახალი კადრიც - კეთილმოწყობის სამსახურს უფროსი ჯემალ წულაძე.

- რაც შეეხება ხელმძღვანელობის მოთხოვნით მერიაში ორი განცხადების დაწერას, ერთს - დანიშვნის, მეორეს - გათავისუფლების შესახებ, ეს ახალი პრაქტიკაა?

- ეს, უბრალოდ, რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცესია

- რამდენადაც ცნობილია, მსგავსი შინაარსის განცხადება იურიდიულ სამსახურს არ დაუწერია.

- როგორ გეკადრებათ, პირველად იურიდიულმა სამსახურმა დაწერა, სხვებისთვის საჩვენებლად, ეს სამსახური განყენებული რომ არაა.

- რამ განაპირობა მერაბ მეშველიანის დაბრუნება საბინაო ფონდის მართვისა და რეგულირების სამსახურში?

- კახა ქორიძის მიერ „დასავლეთის წყალში“ გადანაცვლების შემდეგ ვიფიქრეთ, რომ მერაბი ამ თანამდებობაზე საუკეთესო ვარიანტი იყო. ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარკვეული ხნის განმავლობაში მუშაობდა და ისეთ საკითხებს კურირებდა, რომელიც უშუალოდ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება - ეს იყო კომუნალური, ინფრასტრუქტურული და ტრანსპორტის საკითხები. ვთხოვეთ მერაბს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის გაზიარება. მან მიიღო შეთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შეეძლო, ეს შემოთავაზება არ მიეღო, უფრო იოლია, იყო საკანონმდებლო ორგანოში, ვიდრე - აღმასრულებელში

- არქიტექტურის სამსახურის უფროსად ვისი კანდიდატურა შეარჩიეთ?

- ეს ცოტა სერიოზული საკითხია, დღეს უფროსის მოვალეობა დავაკისრეთ სამსახურის ერთ თანამშრომელს. კანდიდატურების განხილვა ჯერ არც დაგვიწყია, იმიტომ, რომ ქალაქში არ ვიმყოფებოდი რამდენიმე ხანი. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ განხილვას, რადგანაც ეს საკითხი ქალაქის კეთილმოწყობას უკავშირდება და ისეთ კაცს უნდა ჩაბარდეს, რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვს.

- მამუკა კობზანაძეს შეეძლო თუ არა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება?

- მამუკა კობზანაძეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უფლება არ ჰქონდა, ის სამსახურებრივი უფლებებით მოქმედებდა. არის საკითხები, რომლებიც მის კომპეტენციას სცდება და სადაც საჭირო იყო მერის და საკრებულოს ჩარევა.

მე არ ვიცი, რა დანაშაული ჩაიდინა მან, გამოძიება მიმდინარეობს. რა საკითხზე და რომელ მიწაზეა საუბარი, ახალი ჩამოსული ვარ მივლინებიდან და ინფორმაციაც არ მაქვს.

- ვის განიხილავთ ტრანსპორტის სამსახურის მომავალ უფროსად, რაკი  ვიტალი ბოჭორიშვილი, მერაბ მეშველიანის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საკრებულოში გადაინაცვლებს?

- ჩვეულებრივი ამბავია, ვიტალი შემოვა, ალბათ, საკრებულოში და გარკვეულ მდგომარეობას დაიკავებს. შესაბამისად მოგვიწევს ტრანსპორტის სამსახურის ახალი უფროსის მოძებნა.

- ახალი კადრის მოყვანას აპირებთ, თუ ტრანსპორტის სამსახურის სპეციალისტებიდან აარჩევთ?

- ჯერ მაგაზე არ გვიფიქრია და როცა გადავწყვეტთ, პირველად თქვენ გეტყვით, ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და მაგას უფრო დაჩქარებულად გადავწყვეტთ, როცა კი ბატონი ვიტალი გადავა საკრებულოში, მაშინვე. ახლა მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალებების ტენდერები და დათვალიერებები, ასევე იწყება დისპეტჩერიზაციაც.

- საუბარი ამჯერადაც მიდის იმაზე, რომ საკადრო ცვლილება თქვენც შეიძლება შეგეხოთ...

- როცა კაცი საჯარო სამსახურში ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, მაგრამ  ორი თვის წინ გაზეთში რომ დაწერეს - განცხადება აქვს დაწერილიო, ასე არ ყოფილა ნამდვილად. ერთში დამერწმუნეთ, განცხადებას რომ დავწერ, მეორე დღეს სამსახურში არ მოვალ. რაკი ვარ სამსახურში, ესე იგი, აქ ვარ და არც ვაპირებ  დაწერას. რომ დამეწერა გეტყოდით.

თუ მეტყვიან, რომ ვერ ართმევ თავს მუშაობას და უნდა დაწეროო, რა პრობლემაა, ტრაგედიად არ მივიჩნევ. ქალაქის მერის თანამდებობიდან  რომ წავიდე, ეს ჩვულებრივი პროცესია, მაგრამ უახლოეს მომავალში ნამდვილად არ ვაპირებ განცხადების დაწერას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ.

- გადაწყდა თუ არა საბოლოოდ ის საკითხი, ვისი კადრი ბძრანდებით?

- ნუ, ახლა, ყველა ვიღაცის კადრია. მე მგონი, ამოწურულია ეგ თემა და მე ვარ თანამდებობაზე. ბურჯანაძის ბევრი კადრი დღეს თანამდებობაზეა, თუმცა მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ რა პოზიციაზეა და ვინ როგორ მუშაობს. ბურჯანაძე, სანამ ოპოზიციაში გადავიდოდა, მანამ ჩვენთან იყო და ვინ როგორ ფიქრობს და რას აკეთებს, ყველაფერი აქედან გამომდინარეა. ხშირად იძახიან, ბურჯანაძის კადრია, მე კი რეკომენდაცია პარტიამ მომცა

- თუმცა პარტიის წევრი არ ხართ.

- გუნდის წევრი ვარ. ბურჯანაძის კადრი მოძველებული თემაა და ამან, მგონი, უკვე გადაიარა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია