დღეს ქუთაისის მერის შესარჩევმა მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტატო საარჩევნო კომისიამ მე-2 სხდომა გამართა. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი გაესაუბრა.
როგორც მარგველაშვილმა „p.s.“ თან საუბრისას განმარტა, გასაუბრებაზე მედიის წარმოამდგენლები არ დაიშვებიან, რადგან ეს ფაქტი დისკომფორტს შეუქმნის მერობის კანდიდატებს.
„კომისიამ შეარჩია 12 ადამიანი, რომელთაც სრულყოფილად ჰქონდათ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. დღეს ჩატარდა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტატო საარჩევნო კომისიის მე-2 სხდომა, სადაც მოხდა ამ 12 ადამიანის გასაუბრების გრაფიკის შედგენა. ეს დაგეგმილია 27-28 მაისს, ორ ეტაპად. 12 ადამიანია და არ შეიძლება 12-ვე ერთად გამოვკითხოთ. ერთი საათი არის თითო კანდიდატზე გამოყოფილი. მედიას დასწრება არ შეეძლება. კანდიდატი რომ მოდის კომისიაში, ის თავისთავად ნერვიულობს და განიცდის ამ ყველაფერს, ამიტომ, კომისიის წევრების გარდა, მედიასაშუალებები არ იქნება გასაუბრებაზე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩაწერა მაინც მოხდება, თუმცა როგორ იქნება და რა ფორმით ჩანაწერის გასაჯაროება, კომისია იმსჯელებს და გადაწყვეტს. გადაწყვეტილება 28 მაისს საღამოს უნდა იქნეს მიღებული“, – აცხადებს მარგველაშვილი.