დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხატია ვედმედევა: „მერად არჩევის შემთხვევაში, ქუთაისს ძველ დიდებას დავუბრუნებ“
2013/05/20 12:02:04

ვინ იქნება ქუთაისის მომავალი მერი? ეს ის კითხვაა, რომელსაც  რიგითი ქუთაისელები ყოველდღიურად სვამენ.  საპარლამენტო ქალაქში  მცხოვრებლებისათვის ცნობილია, რომ კითხვაზე პასუხს მიმდინარე თვის ბოლოს მიიღებენ. ამიტომ, ლოდინის მეტი არაფერი დარჩენიათ. ქუთაისის მერიაში კი ახალი მერის შესარჩევად შექმნილ კომისიას საქართველოში  რიგით მეორე ქალაქის პირველკაცობის სურვილით იმაზე მეტმა ადამიანმა მიმართა, ვიდრე ამას თავად კომისიაში პროგნოზირებდნენ.  აღნიშნული კომისიის ფუნქციას ბევრი კანდიდატიდან ერთი საუკეთესო კანდიდატის შერჩევა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერობის მსურველთა შორის  უმრავლესობა ქალია. მათგან ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი, რომელმაც ქუთაისელებს თავი უკვე გააცნო, ხატია ვედმედევაა. მერობის კანდიდატზე ინფორმაციის მოპოვებას პირადად მისგან შევეცადეთ:

- დავიბადე 1987 წლის 24 იანვარს.  საშუალო განათლება ნაწილობრივ ქუთაისში მივიღე. ამის შემდეგ მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად, სადაც ერთ-ერთი რუსული გიმნაზია წარმატებით დავასრულე. 2004 წელს კი რუსეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალურ მართვაზე ჩავაბარე, სადაც 5 წლის განმავლობაში ვსწავლობდი. სწავლის დასრულების შემდეგ ვთანამშრომლობდი არასამთავრობო  ორგანიზაციებთან. ასევე ბანკშიც ვმუშაობდი.  როცა მივხვდი, რომ რაღაც ეტაპზე განათლების მიღება დავასრულე, საქართველოში ჩამოვედი და მინდა აქტიურად ჩავერთო ქალაქის ცხოვრებაში. 

 - რატომ გადაწყვიტეთ ქუთაისის მერის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება?

- მე ვარ ის ადამიანი, ვინც ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. რომელმაც იცის რიგითი ქუთაისელების  გასაჭირი. სწორედ ამიტომ მსურს გავხდე ქალაქის პირველი პირი და ყველა ის პრობლემა მოვაგვარო, რომელიც ჩვენს თანაქალაქელებს ასე აწუხებთ. სწორედ ამიტომ მივიღე მერის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება.

- რას ელოდებით კონკურსისაგან, როგორია თქვენი პროგნოზი?

- საქართველოში გაიმარჯვა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და მჯერა, რომ ეს ძალა მზადაა, ქვეყანა სამართლიანობის ფარგლებში მართოს და პროფესიონალი კადრები დაასაქმოს. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ გავიმარჯვებ. მჯერა ასევე, კომისიის წევრების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის.

- ქალბატონო ხატია, გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერს არა კომისია, არამედ ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს. გჯერათ, რომ თქვენ მისი ფავორიტი იქნებით?

- რადგან გამოცხადდა კონკურსი და ითქვა, რომ ქუთაისის მერი კონკურსის წესით უნდა შეირჩეს, მე მჯერა იმის, რომ ბატონი პრემიერი მასში არ ჩაერევა.  რაც შეეეხება პრემიერის მხრიდან ჩემს ლობირებას, ეგ გამორიცხულია. მე საკუთარი თავი თვითონ უნდა წარმოვადგინო.

- ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კადრები გაბერილია და დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში  თუ თქვენ ქალაქის მერი გახდებით, რა ბედი ელით მერიაში დასაქმებულებს?

- პირველ რიგში, თანამდებობას შეინარჩუნებენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები და ერთგულები არიან. რა თქმა უნდა, გადავხედავ საშტატო ერთეულს და თუ მათი რაოდენობის შემცირება რიგითი ქუთაისელების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის იქნება საჭირო, ამას გავაკეთებ.

- მერობის შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ ქალაქის განვითარება?

- ძალიან მინდა ქუთაისი სტუდენტთა ქალაქად ვაქციო. ქალაქად, სადაც ათობით ათასი სტუდენტი ჩამოვა და იცხოვრებს. რაც ქალაქს გამოაცოცხლებს. ასევე მინდა, რომ იმერეთის სოფლები სოფლის მეურნეობის აყვავებისა და სოფლის სადისტრიბუციო ცენტრად იქცეს, აღსდგეს ფაბრიკა-ქარხნები და ყველა ქუთაისელი დასაქმებული იყოს. 

- თქვენ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ქუთაისის განვითარებას სოფლის მეურნეობის განვითარებაში ხედავთ. აღნიშნული საზოგადოებამ სხვაგვარად აღიქვა. რეალურად რას გულისხმობდით?

- რეალურად ვგულისხმობდი მას, რომ ქუთაისის მახლობლად არის მრავალი სოფელი, სადაც მიწები არ იხვნება, მიზეზი კი პროდუქციის გასაღების პრობლემაა. მსურს, ქუთაისი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ბაზრის ცენტრი იყოს.

- ქალბატონო ხატია, იმ შემთხვევაში თუ ქალაქის მერი ვერ გახდით, დარჩებით თუ არა კვლავ ქუთაისში?

- რა თქმა უნდა. იმის მიუხედავად, ამირჩევენ თუ არა ქალაქის მერად, მე ვაპირებ ქუთაისში ცხოვრებას და მოღვაწეობას. ძალიან მინდა შევქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, ამ კუთხით ვიყო აქტიური, ბედი მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოვსინჯო.   

 

ნინო ქემერტელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1456
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია