შესაძლოა, EBRD-ის მორიგ ყოველწლიურ შეხვედრას საქართველომ უმასპინძლოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD-ის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრაზე მინისტრი, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი, სიტყვით გამოვიდა.
ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, ნოდარ ხადური შეხვდა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს საბანკო საკითხებში ფილიპ ბენეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ევროპისა და აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯეფ ბეიკერს, ასევე, „დოიჩე ბანკისა“ და „სითიჯგუფის“ წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბულში გაიმართა. შესაძლოა, EBRD-ის მორიგ ყოველწლიურ შეხვედრას საქართველომ უმასპინძლოს. მანამდე კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, სუმა ჩაკრაბარტი საქართველოს ეწვევა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს პირადად გაეცნობა.